იშხნის საწინამძღვრო ჯვარი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იშხანი.

იშხნის საწინამძღვრო ჯვარი[1], იშხნის ჭედური ჯვარი[2] — ქართული ჭედური ხელოვნების ძეგლი, ვერცხლის მოოქროვილი ჯვარი, რომელიც, წარწერის თანახმად, 973 წელს ეპისკოპოს ილარიონს იშხნის მონასტრისთვის შეუკვეთია.

იშხნის საწინამძღვრო ჯვარი. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი
იშხნის საწინამძღვრო ჯვარი. (ფოტო №16787)
იშხნის საწინამძღვრო ჯვარი. (ფოტო №16788)

ჩვენამდე მოღწეული ჯვრის ზომა: 22 X 15 სმ. დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში. ჯვარცმული ქრისტეს ფიგურა შესრულებულია სკულპტურულად, თუმცა იგრძნობა არქაულობა. ქანდაკებისათვის დამახასიათებელი ნიშნები — მოცულობა, ფორმათა სიმკვრივე - დიდი მხატვრული ძალითა და დინამიკითაა გადმოცემული.

ჯვარის წარწერები ცნობილია ბროსეს დროდან და მას თარიღი ჯვარისა ჯეროვნად აქვს ნაჩვენები[3]. წარწერებს იმეორებენ თ. ჟორდანია[4] და ა. ხახანაშვილი [5]. უკანასკნელი წარწერის თარიღს „რჟგ“ შეცდომით უფარდებს 1033 წელს და არა 973 წელს, როგორც ნამდვილშია. გრაფინია უვაროვისა იმავე გამოცემაში[6] იმავე ქორონიკონს მე-14 მოქცევისად ხადის და ჯვარის გაჭედას 1505 წელს მიაწერს. თაყაიშვილის ექსპედიციისას ჯვრის ფოტოები (№16787-16788) დიმიტრი ერმაკოვმა შეასრულა. ჯვარი პირვანდელი სახით ამჟამად აღარ არსებობს. ის გაძარცვულია. პროფესორი გ. ჩუბინაშვილი ამის შესახებ თავის სტატიაში სწერს: „1930 წ. 10 ივლისს, ღამით გასტეხეს და გაძარცვეს ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმი, დაარსებული ამ რამდენიმე წლის წინათ ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების მეცნიერების კაბინეტთან. ჩვენი ძველი ხელოვნების დაზარალებულ სხვა ძეგლთა შორის, როგორც ჩანს, სამუდამოდ დაიღუპა ამ წერილის სათაურში დასახელებული, 973 წლით დათარიღებული, განსაცვივრებელი ძეგლი ოქრომჭედლური ხელოვნებისა. ვამბობ: „როგორც ჩანს სამუდამოდ დაიღუპა“, რადგან გაძარცვის შემდეგ – მიუხედავად ენერგიული გამოძიებისა – აღმოჩენილ იქნა მხოლოდ ძეგლის საცოდავი ნამტვრევები, რომელთა სურათები ქვემოთ იქნება მოყვანილი“[7]. გ. ჩუბინაშვილის სტატიაში სრულიად მოყვანილია წარწერებიც:

ჯვარი შესდგება ორი ნაწილისაგან, თვით ჯვარისაგან და ხეტარისაგან, რომელზედაც თავის სახელურით ჯვარი გამაგრებულია. ხეტარი შევერცხლილია და შემკობილი სამი ბურთით და ცილინდრული რგოლით. ბურთები მოჩუქურთმებულია. ხეტარი გაუკეთებია ცაგერელ მიტროპოლიტს სოფრომს, რაც მტკიცდება მხედრულის წარწერით:

ვიკიციტატა
„ქ. ამ ჯვარის მადლო შე~წიე სოფრ~მს ცაგერელ მიტროპოლიტს.“
(ამ ჯვარის მადლო შეეწიე სოფრომს ცაგარელ მიტროპოლიტს.)

ეს ის მიტროპოლიტია, რომელსაც გაუკეთებია 1786 წელს ცაგერის ტაძრის კანკელი.

თვით ჯვარი ვერცხლისა, ოქროთ დაფერილი, 51X36,5 სანტ., ნაჭედი, ერთობ მდიდრულად შემკობილია პალმეტებით, როზეტებით ანუ მედალიონებით ძვირფასი ქვებითურთ შიგნით, და გამშვენებულია ოქროთი დაფერვით, სევადით, გრავიურით და ჭედვით და სხვა და სხვა სახეებით. წინა პირზე, შუაში, განსაკუთრებულ უბრალო ჯვარზე ჯვარცმულია გამოსახული სულ სადათ, საზოგადო კონტურით, უმოძრაოდ; თავზე ჯვარცმულისა ჯვარის მსგავსი ფიცარია ასომთავრული წარწერით:

ვიკიციტატა
„ესე / იჳ/ მ-ფჱ/ ჰრ-თჲ.“
(ესე იესჳო მეუფჱ ჰურიათაჲ.)

ჯვარის ჰორიზონტალური მკლავის ქემოდ აგრეთვე ასომთავრულით:

ვიკიციტატა
„იშხნ~სთ~ს ი~ლნ შ~ქმნა ვინ გმ~ ჴს შ~მცაჩ~ნბ~ლ არს.“
(იშხნისთჳს ილარიონ შექმნა. ვინ გამოაჴუას, შემცაჩვენებულ არს.)

ბოლოში გაფართოებული ჯვარის მკლავები თავდება წვეტებით და წვეტებზე ლამაზ ნახელავი პალმეტებია. პალმეტები ცალკეა დამზადებული და შემდეგ შეერთებული წვეტებთან. ოთხი მათგანი მოცილებულია ჯვარს და შეკვეთების დროს ტლანქად მიუკრავთ, რაც აშკარად სჩანს სურათზედაც. ჯვარის ქვემო მკლავს პალმეტები არ ჰქონია; ყველა მკლავები ჯვარისა შემკობილი ყოფილა საუცხოვო ნახელავი როზეტებით სხვა და სხვა ფორმისა. როზეტები შემკობილია ძვირფასი ქვებით და მარგალიტის მძივებით შიგნით და გარედ, ზოგჯერ ორმაგით. სულ ეხლა 13 როზეტი მოსჩანს: ხუთი ზემო მკლავზე და ოთხ-ოთხი მარჯვენა და მარცხენა მკლავებზე; ძვირფას ქვებთა შორის ერთი დიდი ჯვარცმულის წარწერის ზემოდ ამეთვისტოა; სხვები საფირონებია და ზურმუხტები, ბუდეებში ჩასმულნი. ჯვარცმულის ფიცრის ქვემოდ როზეტი არ შენახულა და აქ შემდეგ, ალბათ შეკეთების დროს, უშნოდ ჩაუსვამთ სამი ქვა, ორი ზურმუხტი და ერთი ლალი. ამ ადგილას ჯვარი გატეხილი ყოფილა და შეკეთების დროს გაუმაგრებიათ ორი ვეერტიკალური ლითონის ზოლით და ამას ქვემოდ მოთავსებულია ასომთავრული წარწერა შემკეთებლისა:

ვიკიციტატა
„ჩ~ნ : მეფეთ მეფემნ : პატრონმ~ნ : პატრონმან გ~ი : მეორედ : გვკ ეთედ : ჯ~რი : ესე : წ~რ ს~მრთებელდ: მეფობისა : ჩენისათვის : დ ც~დვთა : ჩნთა : შესნდობელად : ა~ნ.“
(ჩუენ მეფეთ მეფემან, პატრონმან გიორგი, მეორედ გავაკეთედ ჯუარი ესე წარსამართებლად მეფობისა ჩუენისათვის და ცოდვათა ჩვენთა შესანდობელად. ამინ.)

ამ წარწერაში მოხსენებული მეფე გიორგი უნდა იყოს იმერეთის მეფე გიორგი მესამე (1605-1633). ზურგს ჯვარისა ამშვენებს ჩამოსხმული ლითონის ჯვარი, რომელიც ერთ და იმავე დროს ამაგრებს მთელს ჯვარს და მასთან მის დამაშვენებელ სამკაულსაც შეადგენს თავის სილამაზით და წვეტებიანის ბოლოებით. თავისუფალი არეს მორთულობა აქაც იმ სახის და ფორმის არის, როგორც წინა პირზე. ჰორიზონტალურ ნაწილზე ჯვარისა მოიპოვება ასომთავრული წარწერა. ზემოდ:

ვიკიციტატა
„ქ. ძელო ცხ~რბსო წ~ნმძღ~რ და მფარვ~ლ ექმ~ნ ილ~ნ ებკპ~სა ქვემოდ: ქ~ე ად~ნ მფ~ნ ჩ~ნი და ერი მ~თი დაიფ~რე:. ქ~რ /ონ /იკ /ო /ნი:. ი /ყო /რ~: /ჟ~ : / გ~“
(ქ. ძელო ცხორებისაო, წინამძღუარ და მფარველ ექმენ ილარიონ ებისკოპოსსა. ქრისტე, ადიდენ მეფენი ჩუენნი და ერი მათი დაიფარე. ქორონიკონი იყო რჟბ.)

თ. ჟორდანია აქცევს ყურადღებას, რომ მეორე წარწერაში არც ერთი მეფის სახელი არ არის მოხსენებული, არამედ საზოგადოთ ნათქვამია „ქრისტე ადიდენ მეფენი ჩვენი და ერი მათი დაიფარე“. ამის მიზეზად თ. ჟორდანია იმას ხდის, რომ იმ დროს (973წ.) არეულობა იყო (აბხაზეთის სამეფოში) ტახტის მაძიებელთა შორის დემეტრე და თეოდოსისა და არც ერთი მათგანი ყველასაგან მეფედ აღიარებული არ ყოფილა[8]. ეს მსჯელობა მცდარია. ჩვენი ჯვარი იშხანის ეკლესიისათვის არის გაკეთებული ტაო-კლარჯეთში და წარწერა იხსენიებს ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებს და არა აფხაზეთის მეფეებს. აფხაზეთი მაშინ ცალკე სახელმწიფოს შეადგენდა. ტაო-კლარჯეთი საერთო მფლობელობას წარმოადგენდა ბაგრატიონებისა და სხვა წარწერებშიაც საერთოდ იხსენიებიან „მეფენი ჩვენნი“, როგორც მაგალითად ოშკის წარწერებში. შუა ნაწილი მთელი ჯვარის მკლავისა დაფარული იყო ჩემს დროს, როგორც ეს ფოტო-სურათზე სჩანს, ფირფიტით, გატეხილი ჯვარის გასამაგრებლად და ამ ფირფიტას დაფარული ჰქონდა სხვა ასომთავრული წარწერები, რომელთა მხოლოდ კიდური ასოები მოჩანდა. ეხლა ჯვარის განადგურების შემდეგ, ნატეხებიდან ფირფიტა აუძვრიათ და გამოჩენილა ორი მერმინდელი წარწერა (მოგვყას ქარაგმების გახსნით): პირველი: „სერაპიონ ცაგერელსა, აბაშიძესა, შეუნდოს ღმერთმან, ამინ“. მეორე: „ნიკოლოზ ცაგერელსა, კუჭიძესა, შეუნდოს ღმერთმან, ამინ“. როგორც ირკვევა, ეს პირნი მე-17 საუკ. მოღვაწენი არიან[9][10][11].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თაყაიშვილი ექ. „არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს“ - გვ. 38, პარიზი, 1937

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. იშხნის-საწინამძღვრო-ჯვარი.-973-წ.-სემ,-სხმ
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 288-289.
  3. Rapp .IX,p. 35-36
  4. ქრონიკები, 1, გვ. 91-92
  5. მატერ. X, დამატება, გვ. 32-33
  6. მატერ. X, დამატება, გვ. 90
  7. „საქართველოს მუზეუმის მოამბე“, VI, გვ.297
  8. „ქრონიკები“, 1, გვ. 91
  9. იგივე გ. ჩუბინაშვილის სტატია, გვ. 290
  10. ს. კაკაბაძე, საცაგერელოს გამოსავალის დავთარი, თბილისი, 1914, გვ. 9-10
  11. ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საბუთები, №1, გვ. 73