იყალთოს ნათლისმცემლის ეკლესია (ჩუმათხევი)

არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ იყალთოში, ჩუმათხევის მარცხენა მხარეს, მაყაშვილების ციხესთან ა

იყალთოს ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ იყალთოში, ჩუმათხევის მარცხენა მხარეს, მაყაშვილების ციხესთან ახლოს, თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (15,1 X 9,1 მ). ნაგებია რიყის ქვით და ქართული აგურით. კედლები, ძირითადად, რიყის ქვისაა, რომელშიც ჩართულია ერთმანეთისგან თანაბარი მანძილებით დაშორებული, ირიბად ნაწყობი აგურით გამოყვანილი, ჰორიზონტალური რიგები, რომლებსაც, ალაგ-ალაგ (ძირითადად ზედა ნაწილებში), ჩვეუებრივად დაწყობილი აგურის თითორიგიანი შრეები ენაცვლება. კედლების ზედაპირი, შიგნიდან და გარედან, გასწორებულია ბათქაშით და შეთეთრებული კონსტრუქციული ელემენტები, კარ-სარკმლების ღიობები, ლავგარდანი და იატაკი აგურისაა. შესასვლელი კარია - სამხრეთით და დასავლეთით. ორივე კარი თარაზულადაა გადახურული, აღმოსავლეთით გეგმით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ცენტრში განიერი, შიგნიდან და გარედან ნახევარწრიული თაღით დასრულებული სარკმელია გაჭრილი. აფსიდის გვერდებში, ერთმანეთის სიმეტრიულად, მოწყობილია თითო, გეგმით ნახევარწრიული, თაღოვანი ნიშა. საკურთხევლის იატაკი დარბაზის იატაკის მიმართ ოდნავ შემაღლებულია. იგი აფსიდის მხრების მხრებსი ხაზიდან რამდენადმე წინაა წამოწეული და ცენტრში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი. გრძივ კედლებზე ოთხ-ოთხი პილასტრია, რომლებზეც გადაყვანილია კილისებრი საბჯენი თაღები. მსგავსი ფორმისაა კამარაც. პილასტრებიდან თითო, გრძივი კედლების ბოლოებშია, ორ-ორი კი - მათ შორის. პილასტრების აღმოსავლეთ წყვილი და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღი საკურთხევლის სივრცეს ეკლესიის დანარჩენი ნაწილისგან გამოყოფს. პილასტრების ქვედა ნაწილი, იატაკიდან დაახლოებით 1 მ სიმაღლეზე, აფსიდის კედელთან ერთ სიბრტყეშია, ზემოთ კი, საბჯენ თაღთან ერთად, აფსიდისგან განიერი, ღრმა ღარითაა გამიჯნული. პილასტრები დასრულებულია მაღალი, რთული პროფილის (ორ გლუვ თროს შორის მოქცეული და მათგან ვიწრო ზოლებით გამიჯნულილილვი) კაპიტელებით, პილასტრებს შორის, თითო ღრმა, მაღალი, ნახევარწრიული თაღია. საკურთხევლის სარკმლის გარდა, შიდა სივრცეს კიდევ სამი, თაღოვანი სარკმელი აშუქებს. თითო-თითო - გრძივ კედლებშია, აღმოსავლეთით მდებარე თაღებში, ხოლო ერთი - დასავლეთის კედლის ღერძზე, შესასვლელის ზემოთ. თაღების აღმოსავლეთ წყვილში, სარკმელების გარდა, ორ-ორი, სწორკუთხა ნიშაცაა. მათ შორის თითო, შედარებით მოზრდილი, სარკმლების ქვემოთ, თაღის აღმოსავლეთ ნაწილშია მოწყობილი, მცირე კი - თაღების აღმოსავლეთ გვერდში. ეკლესიის დასავლეთი კარი გარედან ჩასმულია საფეხურით შეღრმავებულ, თაღოვან არეში. მსგავსს არეებშია ჩასმული სარკმლებიც. კედლები დასრულებულია აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდნით. ეკლესია დგას რიყის ქვის ერთსაფეხურიან ცოკოლზე.

2008 წელს ძეგლს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები: ინტერიერი შეილესა გაჯით, გაკეთდა კანკელი, განახლდა ლავგარდანის დაზიანებული ნაწილები, სარკმლებში ჩაისვა ხის შემინული ალათები, ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა

რედაქტირება