იულიანა სოფია დანიელი
იულიანა სოფია დანიელი (დან. Juliane Sophie af Danmark; დ. 18 თებერვალი, 1788, კოპენჰაგენი, დანია — გ. 9 მაისი, 1850, კოპენჰაგენი, დანია) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ V-ის შვილიშვილი და მეფე კრისტიან VIII-ის და.
იულიანა სოფია დანიელი | |
---|---|
წოდებები
დანიისა და ნორვეგიის პრინცესა (დაბადებით) ჰესენ-ფილიპშტადტ-ბარკფელდის პრინცესა (ქორწინებით) | |
დაიბადა |
18 თებერვალი, 1788 კოპენჰაგენი, დანია |
გარდაიცვალა |
9 მაისი, 1850, (62 წლის) კოპენჰაგენი, დანია |
საგვარეულო | ოლდენბურგები |
მეუღლე(ები) | ვილჰელმი, ჰესენ-ფილიპშტადტ-ბარკფელდის პრინცი |
მამა | ფრედერიკი, დანიის პრინცი |
დედა | სოფია ფრედერიკა მეკლენბურგ-შვერინელი |
რელიგია | ლუთერანობა |
ოჯახი
რედაქტირებაპრინცესა იულიანა სოფია იყო დანიისა და ნორვეგიის ჰერალტირარული პრინცის, ფრედერიკისა და მისი მეუღლის, სოფია ფრედერიკა მეკლენბურგ-შვერინელის უფროსი ქალიშვილი და მეორე შვილი. მისი უფროსი ძმა იყო მომავალში დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან VIII. მამამისი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ V-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ერთადერთი ვაჟი, თუმცა ვინაიდან მეფეს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა შვილები, ფრედერიკი მემკვიდრედ არასოდეს განიხილებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ იულიანა სოფიას მშობლებს ქორწინების ათი წლის განმავლობაში შვილები არ ჰყავდათ, თუმცა შემდეგ სოფია ფრედერიკამ ზედიზედ ოთხი ბავშვი გააჩინა. ბავშვების მოულოდნელმა გაჩენამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ხალხში გამოიწვია მითქმა-მოთქმა, რომ მათი მამა არა პრინცი ფრედერიკი, არამედ ფრედერიკ ფონ ბლიუხერი იყო.
ადრეული წლები
რედაქტირებაროდესაც იულიანა სოფია დაიბადა დანიაში მისი ნახევარ-ბიძა, კრისტიან VII მეფობდა, რომელიც ბაბუამისს პირველი ცოლის, დედოფალ ლუიზა ბრიტანელისგან ჰყავდა. ამ პერიოდში იულიანა სოფია ან მისი ძმა მემკვიდრეებად არც კი განიხილებოდნენ, რადგან კრისტიანს სრულიად ჯანმრთელი მემკვიდრე ჰყავდა კრონპრინცი ფრედერიკის სახით, მის გარდა კი კიდევ ერთი ასული ჰყავდა.
1772 წელს დედა-დედოფალმა იულიანა მარიამ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და დანიის რეგენტი გახდა, რითაც ძალაუფლება იულიანა სოფიას ოჯახმა აიღო ხელში, რომელიც რამდენიმე წელიწადში კრონპრინცის მიერ მოწყობილმა სახელმწიფო გადატრიალებამ დაამხო. ამის გამო, როდესაც იულიანა სოფია ბავშვი იყო, სამეფო ოჯახში დაძაბულობა იყო, თუმცაღა სამეფო ოჯახის ორმა ფრთამ თანდათან დაახლოება დაიწყო.
ცხოვრების პირველი წლების განმავლობაში იულიანა სოფია ოჯახთან ერთად კრისტიანბორგის სასახლეში ცხოვრობდა, რომელიც 1794 წელს ხანძარმა გაანადგურა. ამის გამო მათი ოჯახი საცხოვრებლად ამალიენბორგის სასახლეში გადავიდა. აქ გადასვლიდან მალევე იულიანა სოფიას დედა, პრინცესა სოფია ფრედერიკა გარდაიცვალა, რის შემდეგაც მამამისს მეორე ცოლი აღარ შეურთავს.
1803 წელს მეფე ფრედერიკ VI-მ თავის ბიძაშვილებს: კრისტიანს, იულიანა სოფიასა და ლუიზა შარლოტას ნება დართო დაბრუნებულიყვნენ სამეფო კარზე, რა დროსაც ისინი თავისთან, ფრედერიკსბორგის საზაფხულო რეზიდენციაშიც მიიწვია.
ქორწინება
რედაქტირება1812 წლის 22 აგვისტოს ფრედერიკსბორგის სასახლეში იულიანა სოფია დააქორწინეს პრინც ვილჰელმ ჰესენ-ფილიპშტადტ-ბარკფელდელზე (1786-1834), რომელიც იყო ლანდგრაფი ადოლფისა და მისი მეუღლის, პრინცესა ლუიზა საქსენ-მაინინგენელის უფროსი ვაჟი.
იმ პერიოდისათვის ვილჰელმი დანიაში ცხოვრობდა და წარმატებული სამხედრო კარიერაც ჰქონდა, რის გამოც დანიელ ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ამასთან, იულიანა სოფიას არ მოუწევდა ქორწინების გამო სამშობლოს დატოვება.
ქორწინება ბედნიერი იყო და ორმხრივ გრძნობებზე იყო დაფუძნებული. მიუხედავად ამისა, წყვილს შვილები არ ჰყოლია. როგორც აღმოჩნდა, იულიანა სოფიამ თავად არ გააჩინა ბავშვი, რადგან ეშინოდა, რომ ჩვილობაში არ გარდასცვლოდა, რაც იმ პერიოდში ხშირი მოვლენა იყო. ამის სანაცვლოდ ვილჰელმმა საყვარელი გაიჩინა, რომელთანაც შეეძინა ხუთი ქალიშვილი.
დანიის ტახტი და მემკვიდრეობა
რედაქტირებამეფე ფრედერიკ VI-ს მართალია ჰყავდა შვილები, თუმცა არა ვაჟი. ამის გამო თავიდანვე ნათელი გახდა, რომ ტახტის მემკვიდრე იულიანა სოფიას უფროსი ძმა, პრინცი კრისტიანი იყო. 1821 წელს იგი ოფიციალურად გამოცხადდა მემკვიდრედ, რის გამოც მასაც და მის დებსაც შესაბამისი, „სამეფო უდიდებულესობის“ წოდებები მიენიჭათ.
1839 წელს დანიის მეფე კრისტიან VIII გახდა, 1848 წელს კი იგი მისმა ვაჟმა, ფრედერიკ VII-მ ჩაანაცვლა, რომელიც უნაყოფო იყო. ამან კვლავ გამოიწვია სამეფოში მემკვიდრის კრიზისის დაწყება, თუმცა თავიდან მემკვიდრედ იულიანა სოფიას კიდევ ერთი უნაყოფო ძმა, პრინცი ფერდინანდი მოიაზრებოდა. უნაყოფობის გამო ფერდინანდი სახარბიელო კანდიდატი არ ყოფილა, რის გამოც მიდიოდა საუბრები, თუ ვის უნდა გაეგრძელებინა დანიის მემკვიდრული ხაზი, ვინაიდან ოლდენბურგების დინასტიის ყველა მამაკაცი უშვილო იყო. ამის გამო მემკვიდრეობა იულიანა სოფიასა და მის დაზე, ლუიზა შარლოტაზე გადადიოდა, თუმცა მათი სქესის გამო არ შეეძლოთ ტახტის დაკავება.
იულიანა სოფია 1850 წლის 9 მაისს გარდაიცვალა კოპენჰაგენში, 62 წლის ასაკში, 1863 წელს კი დანიის მეფე მისი დის სიძე, კრისტიან IX გახდა გლუქსბურგთა დინასტიიდან.
ლიტერატურა
რედაქტირება- Bo Bramsen: Ferdinand og Caroline : en beretning om prinsen der nødig ville være konge af Danmark, 1983 (in Danish).
- Dansk Biografisk Lexikon, First edition by C.F Bricka (in Danish).