ისიდორე მანწკავა (დ. 12 მაისი, 1900, ნიგვზიანი — გ. 1944) — ქართველი პუბლიცისტი.

ისიდორე მანწკავა
დაბ. თარიღი 12 მაისი, 1900(1900-05-12)
დაბ. ადგილი ნიგვზიანი
გარდ. თარიღი 1944
საქმიანობა პუბლიცისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1917 წელს დაამთავრა ქუთაისის პირველდაწყებითი სასწავლებელი, რომელიც უთანაბრდებოდა ოთხკლასიან ვაჟთა გიმნაზიის კურსს. შემდეგ შევიდა ფოთის გიმნაზიაში. აქ სწავლის პერიოდში, 1920–1921 წლებში, თანამშრომლობდა ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის ორკვირეულ სამეცნიერო, პოლიტიკურ და ლიტერატურულ ჟურნალ „რიჟრაჟში“. აქ გამოქვეყნდა მისი ლექსები და ლიტერატურული წერილები.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ისიდორე მანწკავამ თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა, თან განაგრძობდა აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობას. მისი წერილები („ექსპრეზიონიზმი“, იასამნის პოეზია“ და სხვა) გვხვდება იმდროინდელ ქართულ პრესაში („ლომისი“, „ხელოვნება“, ზოგჯერ „სვიანელის“ ფსევდონიმითაც). ისიდორე მანწკავას ახლო მეგობრები ყოფილან კიტა მეგრელიძე და ტერენტი გრანელი, რასაც მოწმობს სოფელ ნიგვზიანში, საოჯახო არქივში დაცული კიტა მეგრელიძის გამოუქვეყნებელი ლექსი – „მოგონება სამშობლოს წარსულიდან“ (ავტოგრაფი) და ტერენტი გრანელის წიგნი – „Memento mori” (თბ., 1924).

მეოცე საუკუნის ახალი ქართული მხატვრული პროზის განვითარების გზებია მოხაზული ისიდორე მანწკავას საინტერესო ნარკვევებში – „ჭოლა ლომთათიძე“ (თბ., 1925) და „ს. რემონიძე“ (შესავალი წერილი ს. რემონიძის „მოთხრობების“ მე–2 ტომისა. თბ., 1925). ქართველ ახალგაზრდა პოეტებს ეძღვნება მისი წერილების ციკლი – ვალ. გაფრინდაშვილი, გრ. რობაქიძე, კ. ნადირაძე, ს. ცირეკიძე. ლიტერატურული საქმიანობა ისიდორე მანწკავას არც ემიგრაციაში შეუწყვეტია. ენერგიული მცდელობით, ვიქტორ ნოზაძესა და ედუარდ პაპავასთან ერთად, მან მოახერხა 1929 წლიდან პარიზში ლიტერატურული კრებულის, „კავკასიონის“ დაარსება და მისი რვა ნომრის გამოცემა. უცხოეთში დაწერილი პირველი ლიტერატურულ–კრიტიკული წერილები, რომელთაც მკვლევარის უტყუარი ალღოს, ორიგინალური სტილისა და დახვეწილი გემოვნების ბეჭედი ატყვია, სწორედ „კავკასიონის“ ფურცლებზე დაისტამბა.

თანამედროვეთა მოწმობით, თუმცა ისიდორე მანწკავა დილიდან საღამომდე ქარხანაში შეუჩვეველი მძიმე შრომით მეტად იქანცებოდა, მაინც ახერხებდა პოლიტიკურ და სალიტერატურო ასპარეზზე მოღვაწეობას და ყოველთვის მოწინავე რიგებში იდგა. მისი პირველი დიდი გამოკვლევა 1936 წელს გამოქვეყნდა პარიზში – „ქართული აზროვნების განვითარება მე–19 საუკუნეში“, ნაწილი პირველი. ყდის მხატვრობა ეკუთვნის ემიგრანტ მხატვარს ვერა ფაღავას. 1939 წელს ისიდორე მანწკავას პარიზში დაუსრულებია თავისი მეორე ორიგინალური ნაშრომი –„ქართული კულტურის გზები: „ოქროს ხანა“, რომელიც 1944 წელს უნდა გამოსულიყო. წიგნი უკვე აწყობილი და დასაბეჭდად მზად ყოფილა, როცა ერთ–ერთი დაბომბვის დროს სტამბა დანგრეულა და დამწვარა. გადარჩენილა მხოლოდ ანაბეჭდი, რომლის მიხედვით ეს ნაშრომი ავტორის გარდაცვალებიდან თითქმის ოცი წლის შემდეგ, 1962 წელს გამოიცა პარიზში უცვლელი სახით, ისე როგორც უნდა დაბეჭდილიყო 1944 წელს. 1978 წელს ჟურნალ „კავკასიონში“ (#19) გამოქვეყნდა ისიდორე მანწკავას წერილი – „ილია ჭავჭავაძე“ რომელშიც მოცემულია ქართული ენის დაცვისა და სიწმინდისათვის ბრძოლის, ეროვნული თვითშეგნებისა და თვითმყოფადობის მოპოვების ილიასეული აზრის შეფასება.

მეორე მსოფლიო ომის მძიმე წლებში, ისიდორე მანწკავა ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა პარიზელ ქართველ ახალგაზრდებს და ქართული სიტყვის სიყვარულს შთააგონებდა მათ. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ ჟურნალ–გაზეთებთანაც. 1940–იან წლებში ბერლინში გამომავალ ჟურნალ „ქართველ ერში“ გამოქვეყნდა მისი წერილები: „ვაჟა–ფშაველა“, „დიდი სტილის ამბები“, „გიორგი წერეთელი“, „საბჭოთა რეჟიმის რაობა“ და სხვა. ისიდორე მანწკავას მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა არ დარჩენია, ქართული ემიგრაციის მძიმე პირობებში ცხოვრებამ მას საშუალება არ მისცა სრულად გამოემჟღავნებინა თავისი ნიჭი და შესაძლებლობები. მაგრამ რაც დარჩა, იქიდანაც კარგად ჩანს, თუ რა საინტერესო კვალი დატოვა მან 1930–40–იანი წლების ქართული მეცნიერული აზროვნების ისტორიაში. მის ნაწერებში ჩამოყალიბებული აზრები გამოირჩევა ორიგინალური, თამამი, ინდივიდუალური ხედვით.

ისიდორე მანწკავას ბევრი უცდია, როგორმე მიეგნო და ქართველი ხალხისთვის გადაერჩინა გესტაპოს ჯალათების მიერ წამებით დაღუპული მეცნიერის, გრიგოლ ფერაძის უმდიდრესი ბიბლიოთეკა და არქივი. იგი პრაღაშიც კი გამგზავრებულა და ფეხით შემოუვლია ყველა ის ბიბლიოთეკა, სადაც, სავარაუდოდ, ეს არქივი ინახებოდა, მაგრამ ამაოდ.

ისიდორე მანწკავა 44 წლის ასაკში მოულოდნელად მძიმედ დაავადდა და ლოგინად ჩავარდა. ოპერაციის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია. გარდაიცვალა 1944 წელს ზალცბურგთან ახლოს, ბად–იშლის საავადმყოფოში. მეგობრებს იქვე დაუსაფლავებიათ. წლების შემდეგ მისი ნეშტი ლევილის ქართულ სასაფლაოზე გადაასვენეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შარაძე გ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ. 7. თბ., 2005 გვ. 20–36.
  • ლორთქიფანიძე, გ.ისიდორე მანწკავა - ქართული კულტურის ისტორიის მკვლევარი : დაბრუნებული სახელები // ლიტერატურული საქართველო. - თბ., 1989 29 სექტემბერი გვ. 14

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება