ვერა ფაღავა
ვერა ფაღავა (დ. 1907 — გ. 1988) — ქართველი მხატვარი, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პარიზში, საფრანგეთში.
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებავერა ფაღავა 1907 წელს თბილისში იური ფაღავასა და ალექსანდრა ნინეიშვილის ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა, მექი ფაღავა, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ხელმძღვანელი იყო, ხოლო ბებია – დარია ფაღავა „ვეფხისტყაოსნის“ ქალი პერსონაჟების ხატვისას მიხაი ზიჩის ერთ-ერთი მუზა გახლდათ.
ვერას მშობლებს განათლება უცხოეთში ჰქონდათ მიღებული. ალექსანდრა ნინეიშვილს პედაგოგიური განათლება ჰქონდა და პირველი გიმნაზიის დირექტორი იყო. იური ფაღავამ იურიდიული ფაკულტეტი გერმანიაში დაამთავრა. იგი 1920-1921 წლებში დიპლომატიური სამსახურით ირანში იმყოფებოდა. თბილისში დაბრუნებული ავადმყოფობამ შეაწუხა და 1922 წელს სამკურნალოდ გერმანიაში წავიდა ცოლ-შვილთან ერთად. გამგზავრება დროებითი იყო, თუმცა გარემოებათა გამო მათი სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოხერხდა.
1923 წელს ოჯახი გერმანიიდან საფრანგეთში გადავიდა და პარიზის გარეუბანში, მონჟურში დასახლდა. ვერა თავდაპირველად დეკორატიულ ხელოვნებათა სკოლაში დადიოდა, სადაც მას ლექციებს იმ დროისთვის პოპულარული მხატვარი და სკულპტორი, ანდრე ლიოტე უტარებდა.[1] 1934-1939 წლებში ვერა რანსონის აკადემიაში როჟე ბისიესთან სწავლობდა.[2] ფაღავას ვიტრაჟებში სწორედ ბისიეს გავლენა იგრძნობა.
სტუდენტობისას ვერა დაუახლოვდა რანსონის აკადემიის ჯგუფს, რომელიც მომავალში „პარიზის მეორე სკოლის“ სახელთან გახდა ასოცირებული. მოგვიანებით იგი შეუერთა ლიონში მხატვრების გაერთიანებას „Témoignage“.
კარიერა
რედაქტირებავერა ფაღავა ფრანგულ საზოგადოებას 1944 წელს გალერისტმა ჟან ბიუშემ გააცნო, რომელმაც 1920-იან და 1930-იან წლებში არაერთი ცნობილი ფრანგი შემოქმედი გამოიყვანა ასპარეზზე. ვერამ ბიუშე 1943 წელს გაიცნო. გალერისტს, რომელიც აღფრთოვანებული იყო ფაღავას შემოქმედებით, დიდი წვლილი მიუძღვის მისი ნიჭის აღმოჩენასა და პოპულარიზაციაში. მისი ინიციატივით, გამოფენაზე პაბლო პიკასოს ცოლი, დორა მაარიც, მონაწილეობდა. ერთ-ერთ წერილში ბიუშე წერს: „პიკასოს ცოლთან ერთად გამოვფენ ვერას, ხალხი უფრო პიკასოს ცოლის სანახავად მოვა, ამ დროს კი ვერა ფაღავას აღმოაჩენს და გაიცნობს.“ გამოფენის წარმატებამ ხელი შეუწყო მხატვრის შემოქმედებით პარიზის სახელოვნებო წრეების დაინტერესებას. ბიუშეს გალერეაში ვერა 1960-იან წლებამდე დარჩა, მისი ნახატების პერსონალური გამოფენა რამდენჯერმე მოეწყო 1947, 1951, 1954 და 1960 წლებში, თუმცა მისთვის მხოლოდ მხატვრობით თავის რჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. 1930-იანი წლების ფინანსურმა კრიზისმა ფაღავების ოჯახიც მნიშვნელოვნად დააზარალა და ვერა მთელი ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა საქმიანობას ეწოდა. 1930-იან წლებში ტექსტილზე მუშაობდა, ხანაც ქსოვდა. 1940 წელს მედდის განათლება მიიღო და დაჭრილებს უვლიდა. 1970-იანი წლებიდან თავის რჩენა უკვე საკუთარი ფერწერული ნამუშევრების გაყიდვით დაიწყო, თუმცა არც ნახატებიდან შემოსული თანხა იყო პარიზში ცხოვრებისათვის საკმარისი.
ფერწერის პარალელურად ფრესკულ ხელოვნებას ნაზიარები მხატვარი პარიზში მენილმონტანის და ავე მარიას ქუჩებზე საბავშვო ბაღებისთვის ქმნიდა მონუმენტურ–დეკორატიულ პანოებს, აკეთებს ვიტრაჟებს დიჟონის წმინდა იოსების ეკლესიისთვის, ასრულებდა ქსოვილის დიზაინს, მხატვრულად აფორმებდა ტერეზ ავილელის, პიერ ლეკიურის ლექსების კრებულებს და მილა გაგარინის პოემებს.
1958 წელს ბრიუსელის მსოფლიო გამოფენისათვის ვერა ფაღავამ ვატიკანის პავილიონში მონუმენტური ფრესკა შექმნა.[3]
1966 წელს ვერა ფაღავა საფრანგეთის სახელით წარსდა ვენეციის 33-ე ბიენალაზე, სადაც მის ნამუშევრებს ცალკე პავილიონი ჰქონდა დათმობილი. ამ გამოფენამ ხელი შეუწყო მხატვრის შემოქმედების ევროპის ქალაქებში გატანას.
1972 წელს პარიზში ვერა ფაღავას გამოფენით გაიხსნა გალერეა „დარიალი", რომელიც მხატვრის ბავშვობის მეგობარ თამარ წულაძეს ეკუთვნოდა. ამ სამხატვრო გალერეასთან იგი მთელი ცხოვრების მანძილზე თანამშრომლობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ თამარ წულაძის ქალიშვილმა, ელისო ტარასაშვილმა, პარიზში გამოსცა ალბომი, რომელშიც ნამუშევრებთან ერთად ქრონოლოგიურად არის ასახული ვერა ფაღავას შემოქმედება 1930-იანიდან 1980-იან წლებამდე.
1982-1983 წლებში საფრანგეთის სხვადასხვა მუზეუმებში მხატვრის შემოქმედების რეტროსპექტივა ჩატარდა.
ვერა ფაღავა 1988 წელს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ლევილის სასაფლაოზე მშობლების გვერდითაა დაკრძალული.
მემკვიდრეობა
რედაქტირებავერა ფაღავას ნახატების დიდი ნაწილი კერძო კოლექციებში, გერმანიასა და შვეიცარიაში ინახება. მისი 15 ნახატი საფრანგეთის ქალაქ დიჟონშია, რამდენიმე კი გრენობლის ხელოვნების მუზეუმში და პარიზის პომპიდუს ცენტრის კოლექციაშიც არის დაცული.
მხატვარმა გარდაცვალებამდე გალერეა „დარიალს“ გადასცა თავისი ნამუშევრები, რომლებიც ამჟამად ამჟამად ვერა ფაღავას ასოციაციის საკუთრებაშია. ეს უკანასკნელი 1991 წელს დაარსდა და საქმიანობას მხატვრის შემოქმედების პოპულარიზაციისა და დაცვის მიმართულებით ახორციელებს. ასოციაციამ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საჩუქარად გადასცა ემიგრანტი აბსტრაქციონისტის სამი ნამუშევარი – „უცნობი“ (1967), „პატარა საქართველო“ (1979) და სამი გრაფიკული ჩანახატი, რომლებიც ერთ ჩარჩოშია ჩასმული „ღვინის წიგნი, ფასარგადი, მეტაფიზიკური პოემები“ (1977-1979).
2008 წელს მონპარნასის მუზეუმში ჩატარდა ექსპოზიცია „პარიზი–მონპარანსი–თბილისი, 1920-იანი წლები“, რომელზეც წარმოდგენილი იყო ელენე ახვლედიანისა და ვერა ფაღავას ნამუშევრები.
საქართველოში ვერას შემოქმედების პირველი რეტროსპექტივა 2012 წლის ოქტომბერში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის თბილისის ეროვნულ გალერეაში გამოიფინა. რეტროსპექტივაზე წარმოდგენილი იყო 35 ფერწერული ტილო, 28 ჩანახატი და აკვარელი.
სტილი
რედაქტირებავერას შემოქმედება მოიცავს როგორც აბსტრაქტულ, ასევე ფიგურალურ ნახატებს, გრაფიკას, ფრესკებსა და მინასა და ტექსტილზე შესრულებულ ნამუშევრებს. მიუხედავად მრავალფეროვანი სტილისა თუ ჟანრებისა, მხატვრის ყველა ნამუშევარს აერთიანებს მისთვის დამახასიათებელი ფაქიზი ტექნიკა და პასტელური ფერები.
1930-იანი წლებიდან 1960-იან წლებამდე ფაღავამ გეომეტრიიდან აბსტრაქტულ ჟანრში გადაინაცვლა. 1960-იან წლებში მან დაიწყო გრაფიკული ნამუშევრებზე მუშაობა, რომლებიც მინიმალისტურად, შავი წერტილებითაა შესრულებული. ფაღავას გრაფიკაში შავ ფერზე მეტად, ქაღალდის სითეთრე იქცევს ყურადღებას, შავისა და თეთრის კონტრასტი და წერტულების მონაცვლეობა ასახავს არა იმდენად ობიექტს, რამდენადაც გარემომცველ სივრცესა და სინათლეს.
აბსტრაქცია
რედაქტირებავერა ფაღავას შემოქმედების ძირითად ნაწილს აბსტრაქცია იკავებს, მხატვარი ინტერვიუებში აღნიშნავდა, რომ ყოველთვის აბსტრაქციონისტი იყო, მაშინაც კი, როდესაც ნატურმორტებს ხატავდა. მისი აბსტრაქციით დაინტერესება ადრეულ ნამუშევრებშიც შეიმჩნევა, სადაც რეალურ საგნებთან ერთად აბსტრაქტული ფორმები აქვს გამოყენებული. ფაღავას აბსტრაქციები ძირითადად სხვადასხვა ფერისა და ფორმის გეომეტრიულ ფიგურებს შეისწავლის, მათ ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული და გამიჯნული რბილი კონტურები და პასტელური მშვიდი პალიტრა. ხშირად ვერა ფაღავა საგნებს ერთ სიბრტყეზე ხატავდა, შემდეგ კი გამჭვირვალე ფერებისა და სინათლის საშუალებით ნახატს სივრცეს სძენდა, რის გამოც მისი ნახატების სიღრმე ხშირად უსასრულობის ილუზიას ქმნის. მხატვარი დაინტერესებული იყო სინათლით და ამიტომ მის ნამუშევრებში ხშირად გვხვდება შუქჩრდილების არაბუნებრივი განლაგება. ვერა ცდილობდა მაქსიმალური სიზუსტით გადმოეცა სინათლის სხივის წყალსა და გამჭვირვალე სხეულებში გარდატეხა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Nathalie Ernoult, "Vera Pagava. Celestial Bodies" AWARE (December 6, 2016).
- ↑ Tata Alkhazashvili and Nanuka Zaalishvili, "Vera Pagava – Rarest Jewel of Georgian Painting" დაარქივებული 2021-05-06 საიტზე Wayback Machine. idaaf magazine (May 5, 2017).
- ↑ George Shane, "Spirit of Man Triumphs in Catholic Art" Des Moines Register (1958): 8.