ირინე იაშვილი
ირინე იაშვილი (დ. 5 ნოემბერი, 1942, თბილისი) — ქართველი მუსიკოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაცნობილი მევიოლინე და პედაგოგი ირინე იაშვილი დაიბადა თბილისში, 1942 წლის 5 ნოემბერს. მამა — ლუარსაბ იაშვილი, მევიოლინე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ალტის კათედრის დამაარსებელი, დედა — თამარ ხაბურზანია, პიანისტი-კონცერტმაისტერი. ირინეს ვიოლინოზე დაკვრა მამამ დააწყებინა. ისიც, ისევე, როგორც მისი დები, მარინე და ნანა იაშვილები, პატარაობიდანვე, 6 წლის ასაკიდან, ესტრადაზე იდგა. 9 წლისამ უკვე სოლო კონცერტი გამართა. 1959 წელს დაამთავრა თბილისის „ნიჭიერთა ათწლედი“, 1964 წელს — ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1957-1961 წლებში ახალგაზრდა მევიოლინე გახდა მოსკოვის მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსის ლაურეატი, ხოლო ბაქოში გამართულ ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსზე I ხარისხის დიპლომი დაიმსახურა. ირინე იაშვილი კონსერვატორიის პირველივე კურსიდან იყო საოპერო სტუდიის ორკესტრის კონცერტმაისტერი. 1964 წელს სწავლა გააგრძელა მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურაში, მაგრამ არ დაუსრულებია, რადგან გათხოვდა და თბილისში დაბრუნდა. ქალბატონი ირინეს მეუღლე ტარიელ დუგლაძე სიმფონიური და საოპერო ორკესტრების დირიჟორი იყო. ირინე იაშვილი ეწეოდა აქტიურ საკონცერტ-საგასტროლო მოღვაწეობას, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. სამ დას, მარინეს, ირინეს და ნანას ერთობლივი კონცერტები აქვთ გამართული ნიდერლანებში, პოლონეთში, იუგოსლავიაში, რუსეთში, გერმანიაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქებში. ირინეს დაუკრავს ისეთ დირიჟორებთან, როგორებიც იყვნენ: ოდისეი დიმიტრიადი, ვახტანგ ფალიაშვილი, გივი აზმაიფარაშვილი, ტარიელ დუგლაძე, კირილ კონდრაშინი, კურტ მაზური და სხვა. იგი გამოსულა ანსამბლში მევიოლინეებთან: მარინე იაშვილთან, იგორ ოისტრახთან, იგორ პოლიტკოვსკისთან, ბორის გუტნიკოვთან; პიანისტებთან: ნანა დიმიტრიადისთან, ელენა ლივშიცთან, მედეა ალთუნაშვილთან; ვიოლონჩელისტებთან: დანიილ შაფრანთან, მსტისლავ როსტროპოვიჩთან, ნატალია გუტმანთან.
1970 წელს მუსიკოსს მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება. ექვსი წლის განმავლობაში ირინე იაშვილი იყო სოლისტი და კონცერტმაისტერი საქართველოს ფილარმონიის სახელმწიფო კამერული ორკესტრისა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელები იყვნენ მარინე იაშვილი და მისი მეუღლე, იგორ პოლიტკოვსკი. 1964-1993 წლებში იგი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სიმებიანი საკრავების კათედრაზე პედაგოგად, 1992 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1994 წლიდან ირინე იაშვილი მოღვაწეობს საზღვარგარეთ. 1994-2012 წლებში სერბეთში, ქ. ნოვი-სადის ხელოვნების აკადემიის პროფესორი იყო. 2013 წელს ქალბატონმა ირინემ და მისმა ქალიშვილმა, მევიოლინე მანანა დუგლაძემ, მიიღეს მიწვევა თურქეთის ქ. ადანის კონსერვატორიიდან, სადაც ამჟამადაც მუშაობენ. ირინე იაშვილს ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე აღზრდილი ჰყავს უამრავი სტუდენტი. მარტო სერბეთში მისი მოწაფეთა რიცხვი 50-ს აღემატება, მათ შორის ბევრმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ორკესტრებში მუშაობენ. ერთ-ერთი მათგანია დღეს მსოფლიოში წარმატებული მევიოლინე რომან სიმოვიჩი. ირინე იაშვილის რეპერტუარი შედგება, როგორც ქართული ისე უცხოური ნაწარმოებებისგან: დ. ჩხეიძე — „კონცერტინო“; ა. შავერზაშვილი — „ფანტაზია ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის“; ა. შავერზაშვილი — საფორტეპიანო ტრიო N3; კონცერტები: ჩაიკოვსკი, ვივალდი, ბრამსი და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., 2015. გვ. 216.
- იაშვილი, ირინე. "რა მითხრა მე ჩემმა ქვეყანამ..." : ინტერვიუ / ირინე იაშვილი; ესაუბრა მზია ჯაფარიძე // მუსიკა: საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი. თბ., 2014. გვ. 44-53.