ირაკლი ფარჯიანი
ირაკლი ფარჯიანი (დ. 22 მაისი, 1950, მესტია, ზემო სვანეთი — გ. 22 დეკემბერი, 1991, თბილისი) — ქართველი მხატვარი, პოეტი. საქართველოს ეროვნული ჯილდოსა და ფიროსმანის პრემიის ლაურეატი.[1][2]
ირაკლი ფარჯიანი | |
---|---|
ირაკლი ფარჯიანის ფოტოსურათი | |
დაიბადა | 22 მაისი, 1950 |
დაბადების ადგილი | მესტია, სვანეთი |
გარდაიცვალა | 22 დეკემბერი, 1991 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
სფერო | მხატვრობა |
მიმდინარეობა | მინიატურა, რელიგიური თემატიკა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაოჯახი
რედაქტირებამამამისი, სპირიდონ ფარჯიანი, პარტიის წევრი და სვანეთის სამხარეო პარტკომის მდივანი იყო. დედა, სოფიო ჯაფარიძე, გერმანულს ასწავლიდა მესტიის საშუალო სკოლაში. ირაკლი მესამე და ბოლო ვაჟი იყო ფარჯიანების ოჯახში. ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ თბილისიდან და საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებიდან ჩამოსული მსახიობები, მხატვრები და ხელოვნებათმცოდნეები. სპირიდონ ფარჯიანს ერთი ჰობი ჰქონდა: თითქმის მთელ თავისუფალ დროს ხეში კვეთას უთმობდა. ამ გარემოებებმა დიდი გავლენა იქონია შვილებზეც. სკოლის დამთავრების შემდეგ ირაკლის უფროსი ძმა, მარატ ფარჯიანი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა მხატვრობის ფაკულტეტზე. მოგვიანებით, მისი შუათანა ძმა, გოვენ ფარჯიანი ასევე სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა ხის კვეთის ხელოვნების შესასწავლად.[3]
პირველი წლები
რედაქტირებაირაკლიმ ხატვა მცირე ასაკიდან დაიწყო. სკოლის დასრულების შემდეგ მცირე ხანი მოსამზადებელ კურსებზე დადიოდა თბილისში, რის შემდეგაც ხელოვნების აკადემიის სამხატვრო ფაკულტეტზე ჩააბარა. მცირე ხანში ოჯახმა მესტიაში საკუთარი სახლი გაყიდა და თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, რაზეც ირაკლი მთელი ცხოვრება ნანობდა.
თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე ირაკლი 1968-1974 წლებში სწავლობდა. აქ ჩამოყალიბდა მისი მხატვრული სტილიც.
თბილისში ფარჯიანების ოჯახი პავლოვის 29-ში (ამჟამად ყაზბეგის ქუჩა) ცხოვრობდა, ხრუშჩოვკის სამ-ოთახიან ბინაში.
ბოლო წლები
რედაქტირება1971 წელს, როდესაც ირაკლი 21 წლის იყო, მისი დედა გარდაიცვალა, რაც მნიშვნელოვანწილად აისახა მის ამ პერიოდის შემოქმედებაში. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ირაკლი თბილისის ანთროპოსოფისტთა წრეს შეუერთდა მეგობრებთან, ირაკლი რამიშვილთან და ჯარჯი ბალანჩივაძესთან ერთად.
ირაკლი ფარჯიანის საყვარელი ჟანრი იყო მინიატურა, რელიგიური თემატიკა, ხოლო მისი ბერლინის ციკლი გამოირჩევა მასშტაბურობითა და ახალი ფერებით. 80-იან წლებში კი, ის თვითონ იწყებს მისთვის სასურველი პასტელის ფერების დამზადებას და ამით საფუძველს უყრის მხატვრობაში ფარჯიანისეულ ხელწერას.
მხატვარი 1991 წლის 23 დეკემბერს, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.[3]
შემოქმედება
რედაქტირებაეს სტატია ან განყოფილება დაწერილია ესეისტურად და საჭიროებს გამართვას. |
ირაკლი ფარჯიანი თავისი შემოქმედებით აბსტრაქციონისტი და იმაგინაციური რეალისტია, თუმცა ნატურმორტებისა და პეიზაჟების ავტორიცაა.
აღნიშნა საუბრისას ირაკლის მეუღლემ ქალბატონმა ასმათ ფარჯიანმა.
ირაკლი ფარჯიანის სურათები არსობრივად იმდენად დატვირთულია, ერთი მხრივ, თითქოს გასაგები, ახლო და ამავე დროს, მისტიურად გარინდებული, იდუმალი და ჰაეროვანი, რომ ძნელია ისინი მიუსადაგო სიტყვიერ აღწერას, სიტყვის კონკრეტულობას. მისი ნამუშევრები ერთნაირად მისაღებია, როგორც გათვითცნობიერებული ასევე უბრალო მაყურებლისათვის. ისინი ადამიანში განცდისა და ჭვრეტის სურვილს ბადებენ. ირაკლი ფარჯიანის ნატურმორტები უაღრესად გამომსახველია. მათი ემოციური ზემოქმედება ძალზე ძლიერია. ჩვენს წინაშეა უზოგადესი სამყარო.
ძნელია იფიქრო რაიმე კონკრეტულ სიუჟეტზე. გარინდებული, გამთლიანებული საგნები, მათში იგრძნობა შინაგანი მოძრაობა, ექსპრესია, რომელიც ამავე დროს მშვიდად აღიქმება. აქ გარემომცველ სამყაროს მხოლოდ პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ ინტერიერი ან ფონი, ეს სინამდვილეში აბსტრაქტული სივრცეებია.
სურათებზე ერთმანეთის გვერდით თანაარსობენ ისეთი საგნები, რომელთა გვერდიგვერდ წარმოდგენა რეალურ ცხოვრებაში ძნელია, მაგრამ მხატვარი ამას ისე ფაქიზად უშუალოდ აკეთებს, რომ ჩვენ ყოველივეს ემოციური სიმშვიდით ვხვდებით. მხატვარი ერთ სურათში სხვადასხვა საგნებს ხშირად სხვადასხვა მიდგომით ასრულებს და ამუშავებს. ერთი რომელიმე გამოსახულება შეიძლება იყოს მოცულობითი, ხელშესახები, ძალიან რეალისტური, მის გვარდით მეორე კი სიბრტყობრივი ან დეკორაციული ხასიათის, ან აბსტრაქტული ლაქის მსგავსი. სურათის ერთ ნაწილში შეიძლება გაიშალოს სივრცე და უცებ, იქვე სიბრტყედ გადაიქცეს, ფონი გაიზარდოს გარემოში, მოულოდნელად შეიცვალოს რაკურსი და ბოლოს ძალზე დამაჯერებლად შეიკრას ერთიან ჰარმონიულ დასრულებულ ნაწარმოებში, სადაც ყველაფერი ურთიერთგაწონასწორებისა და მოწესრიგებულობის პრინციპზეა დამყარებული.
ირაკლი ფარჯიანის ნატურმორტებში, ისევე როგორც მის სხვა ნამუშევრებში იგრძნობა ფერის შუქმოფენობა. ეს არის შიგნიდან, საღებავის წიაღიდან წამოსული შუქი. ეს თითქოს რეალური სინათლეა. ხანდახან გამოსახულებები თითქოს სითეთრეშიც კი იძირებიან და უერთდებიან მას.
1978-1978 წლებში სურათების სახელმწიფო გალერეაში სეზონურ გამოფენებზე დემონსტრირებული იყო ირაკლი ფარჯიანის სურათები: "პასტორას ოჯახი" და "ოთახი", რომლები საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებათა ნიშნებად იქნა აღქმული.
სურათი "ოთახი" (შექმნილი 1979 წელს) წარმოდგენითი, ფრონტალური კომპოზიციაა, გამოსახულებათა ფორმები განზოგადებულია და მთლიანი. ოთახის ერთგვარ ტრენსცენდენტურ იერს წარმოაჩენს ფერადოვნება; მოვარდისფრო მიწისფერი წითლის განმსაზღვრელი აქცენტებით ცივ მწვანესთან.
ამგვარ კონტრასტულ ფერადოვან გარემოში გამოსახული ქალის და ძაღლის მუქი სილუეტები გამოირჩევა დახვეწილი გარაფიკულობით. მთლიანად ფრონტალური კომპოზიციური გადაწყვეტა სასურათო სიბრტყეზე თანმიმდევრულ ჩამოთვლა-დახასითების პრინციპს წარმოაჩენს; ყურადღებას იქცევს საზოგადოდ სურათის გადაწყვეტისას დეკორატიულობის და დაზგური ფერწერის გამოცდილების სინთეზი.
ირაკლი ფარჯიანის შემდგომ სურათებში: "შეხვედრა" (შექმნილი 1980 წელს), "დიდი თეთრი ნატურმორტი" (შექმნილი 1981 წელს), "ჭასთან" (შექმნილი 1981 წელს) "ბაღში" (შექმნილი 1982 წელს) - ნახატი კიდევ უფრო პირობითი, უფრო სტილიზებულია, ჩნდება მხოლოდ ფარჯიანისათვის დამახასიათებელი ნახევრადზღაპრულ პერსონაჟთა სახასიათო ტიპაჟი.[3]
ფარჯიანი განაგრძობს მუშაობას სქლად ნაწერი ფერწერული აქცენტების და ფონების ესთეტიკურად დახვეწილი შეხამებებით. მისი სურათებისათვის დამახასიათებელი, იდუმალი, იერატიული განწყობა კვლავ შენარჩუნებულია.
ირაკლი ფარჯიანის სურათები რთულ ასოციაციებს ბადებს: მათში საცნაური ხდება ქრისტიანული ხელოვნებისათვის დამახასიათებელი იკონოგრაფიული დეტალების ახლებური გააზრება, (მაგ. "ჯვარცმა", შექმნილი 1985 წელს)
მხატვრის ნატურმორტებში ყოფითი საგნებიც კი ამოუცნობ მნიშვნელობას იძენს თითქმის სრულ აბსტრაჰირებამდე განზოგადებულ გარემოსთან კავშირში.
მხატვრის ბოლოდროინდელ სურათებში მთლიანადაა შეცვლილი ფერადოვნება - ოსტატი ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ მონოქრომული ფერადების მრავალრიცხოვან ნიუანსთა გამოვლენით ძერწავს გეომეტრიზებულად სტრუქტურირებულ სივრცობრივ გეგმებს, წარმოაჩენს განათებისა და ანარეკლთა ურთიერთში გარდამავალ მონაცვლეობებს.
ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებაში იმთავითვე გამჟღავნებული მცდელობა ამაღლებულის, ესთეტიკის პრინციპთა დამკვიდრებისათვის, მთელი თაობის ახალგაზრდა მხატვართათვის დამახასიათებელი ნიშანი გახდა.
მის ნამუშევრებში ხშირად მეორდება ერთი და იმავე თემატიკის ნამუშევრები. მისი საყვარელი თემა იყო "ხარება", რომლის რამდენიმე ვერსია სხვადასხვა მასალით აქვს შესრულებული.
ირაკლი ფარჯიანის შემოქმედება თავისი მხატვრული მეტყველებით უაღრესად თანამედროვეა, მაგრამ ამავე დროს მის ნამუშევრებში შეიმჩნევა ქრისტიანული ხელოვნების, კერძოდ კი ქართული შუასაუკუნეების კედლის მხატვრობის ესთეტიკის გარკვეული მემკვიდრეობითობა – ლაკონიური და ამავე დროს უაღრესად მეტყველი კომპოზიციები თავშეკავებულ კოლორიტს ემყარება. ფიგურები წინა პლანზეა გამოტანილი, ნეიტრალური ფონები, ფიგურათა უწონადობა, სახეების, მზერის, ჯესტების ხაზგასმული ექსპრესია, დახვეწილი ემოციურობა და დეკორატიულობის თავისებური გრძნობა.
ყოველივე ეს ირაკლი ფარჯიანთან იძენს მისთვის ჩვეულ მხატვრულ გამომსახველობას, მისეულ მხატვრულ ფორმებშია განსხეულებული.
იგი ქრისტიანულ თემებზე შექმნილ ნამუშევრებში იცავს ფერთა ქრისტიანულ სიმბოლიკასაც. ამ ტილოებზე კოლორიტი სულ რამდენიმე ფერს ეფუძნება, მაგრამ იქმნება არაჩვეულებრივი ფერწერულობის ეფექტი. ნათლის მნიშვნელობა ქრისტიანულ მსოფლმხედველობაში, როგორც ცნობილია, უმთავრეს სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. ირაკლი ფარჯიანის ტილოებზე ღვთაებრივი ნათელი ახლებურადაა გადმოცემული – ეს არც შუასაუკუნეების ოქროს ლიცლიცია და არც რენესანსეული მატერიალური სინათლე – მისი ანგელოზები თეთრი ნათლით არიან მოსილნი, მათ თავისებური შუქმფენობა ახასიათებთ.[3]
ირაკლი ფარჯიანის მთელი შემოქმედება ფიქრია მარადიულ თემებზე – რწმენაზე, სიყვარულზე, ჭეშმარიტების ძიებაზე. ყველა ნამუშევარი მაღალი სულიერების, დიდი კულტურის, გულწრფელობის და სიყვარულის მატარებელია. თითოეულ ნახატში მხატვრის ფიქრი, მისი მდიდარი სულიერი სამყაროა ასახული. მათში ირაკლი ფარჯიანი მხატვარ–მოაზროვნედ გვევლინება.
ირაკლი ფარჯიანის ფერწერას განუმეორებელი ხიბლი აქვს, მის ფერწერულობას განსაკუთრებული გრძნობა ახასიათებს – ფორმები თითქოს ძალდაუტანებლად იბადება ფერთა ლივლივში. მას ფორმის თავისებური გრძნობა აქვს. მაღალი მხატვრული კულტურა, შინაგანი კეთილშობილება, ღრმა სულიერება, გულწრფელობა – რაც გხიბლავს ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებაში.
ირაკლის ხელითაა გადაწერილი და დასურათებული იოანეს, მარკოზისა და ლუკას სახარება.[3]
შექმნილი აქვს უამრავი პორტრეტი ოჯახის წევრებისა და მეგობრების.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ირაკლი ფარჯიანი, შემოქმედება, გალერეა
- სტატია დაწერილია ნანა ულუმბელაშვილის მიერ[მკვდარი ბმული] LeMill-ზე განთავსებული Creative Commons Attribution-ShareAlike 2.5 License-ით ლიცენზირებული ნამუშევარი[მკვდარი ბმული].
ლიტერატურა
რედაქტირება- მუდმივი კავშირის სამყარო - [1] დაარქივებული 2004-06-03 საიტზე Wayback Machine. , 2009 წლის ნომერი 3 (43)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Gallery Omar Chkhaidze. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-04-24. ციტირების თარიღი: 2009-10-09.
- ↑ Das Goetheanum, ტომი 71;ავტორები: Allgemeine Anthroposophische Gesellschaft (Dornach, Switzerland)
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 ირაკლი ფარჯიანის ოფიციალური საიტი[მკვდარი ბმული]