იოანე პეტრიწი

ქართველი ფილოსოფოსი, მე-12 საუკუნის სქოლასტიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან იოანე ჭიმჭიმელი)

იოანე პეტრიწი — XI-XII საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსი, ნეოპლატონიკოსი (გადმოცემით იოანე ფილოსოფოს ჭიმჭიმელსაც უწოდებდნენ). ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება, მხოლოდ XVIII საუკუნის მწიგნობარნი იუწყებიან, რომ იოანე პეტრიწი სამცხიდან იყო, დიდგვაროვანი ჩამომავლობისა. იოანე ბატონიშვილის ცნობით კი იოანე პეტრიწი გურიიდან იყო. ახალგაზრდობაში სწავლობდა კონსტანტინოპოლში, მანგანის აკადემიაში, სადაც მას ასწავლიდნენ ბიზანტიური რენესანსის წარმომადგენლები: მიქაელ ფსელოსი და იოანე იტალოსი.

იოანე პეტრიწი

იოანე პეტრიწის მონუმენტი თბილისში
დაბადების თარიღი XI საუკუნე
გარდაცვალების თარიღი XII საუკუნე
სხვა სახელები იოანე ფილოსოფოს ჭიმჭიმელა
ეროვნება ქართველი
პროფესია ფილოსოფია

ბიოგრაფია

რედაქტირება

იოანე პეტრიწს აქტიური მონაწილეობა მიუღია იდეურ მოძრაობაში, რომელსაც იტალოსი მეთაურობდა. იტალოსის გასამართლებისა (1083) და მისი მიმდევრების დევნის შემდეგ იოანე პეტრიწი პეტრიწონის მონასტერში გადასახლდა. ერთ ხანს შავ მთაზე ეფრემ მცირესთან იყო, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა გელათის აკადემიას. იოანე პეტრიწის ფილოსოფიური მემკვიდრეობა წარმოდგენილია თარგმანებითა და ორიგინალური თხზულებით („განმარტება პროკლესთვის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისად“). თარგმნა არისტოტელეს ორი თხზულება: „ტოპიკა“ და „განმარტებისათვის“ („პერი-ჰერმენეია“), ნემესიოს ემესელის „ბუნებისათვის კაცისა“ (გამოიცა 1914), პროკლეს „კავშირნი ღვთისმეტყველებითნი“ („თეოლოგიის ელემენტები“), ამონიოს ჰერმიას „მოსახსენებელი ხუთთა ხმათადმი პორფირი ფილოსოფოსისა“ და „მოსახსენებელი ათთა კატიღორიათადმი არისტოტელისთა“ (ზოგი მეცნიერი ამ უკანასკნელი თხზულების მთარგმნელად თვლის იოანე ტარიჭისძეს. არისტოტელეს ტრაქტატთა თარგმანებს ჩვენამდე არ მოუღწევია. „კავშირნი ღმრთისმეტყველებითნის“ პეტრიწისეული თარგმანი უძველესად ითვლება პროკლეს თხზულების მსოფლიოში ცნობილ თარგმანთა შორის. იოანე პეტრიწის „განმარტება“ შედგება შესავლის, პროკლეს „კავშირთა“ 211 თავისადმი დართული შესავლის, ვრცელი კომენტარებისა და ბოლოსიტყვაობისაგან.

მსოფლმხედველობა

რედაქტირება

იოანე პეტრიწის ფილოსოფიური შეხედულებანი განსაზღვრულია არა იმდენად ანტიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობით, რამდენადაც XII საუკუნის ქართული კულტურული და იდეური სფეროთი, საერო განწყოფილებათა და მისწრაფებათა მზარდი აღმავლობით, რაც ყველაზე თანამიმდევრულად რუსთაველის ჰუმანიზმში გამოიხატა.

ჰუმანიზმის ერთ-ერთი ძირითადი იდეაა ამქვეყნიური სინამდვილის ღირებულების აღიარება, რაც, თავის მხრივ, შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი მიწისა და ზეცის დუალიზმის დაძლევას გულისხმობს. იოანე პეტრიწის, როგორც ფილოსოფოსის, ისტორიული მოწოდება ამ იდეის თეორიული დასაბუთება იყო. ეს ამოცანა მის ფილოსოფიურ ნააზრევში გადაწყვეტილია ანტიკური იდეების, კერძოდ, ნეოპლატონიზმის (პროკლეს) საფუძველზე.

არსი, იოანე პეტრიწის მიხედვით, მთლიანობაა, რომლის უმაღლესი საფეხური „ყოველთაგან ზესთ მდებარე“ ღმერთია, ხოლო ყველაზე დაბალი — ხილული სამყარო. უმაღლესი მიზეზისაგან სამყაროა „წარმოარსება“ ნეოპლატონიზმში და იოანე პეტრიწთან ემანაციის (გამომდინარეობის, პეტრიწის ტერმინებით: „არსებითი გზავნაია“, „წარმოობის“, „წარმოქმნის“, „წარმოარსების“) ცნების საფუძველზე ხდება. ემანაცია ხორციელდება შუალედი საფეხურების მეშვეობით. პირველ მიზეზსა და ხილულ სამყაროს შორის მოთავსებულია ღვთაებრივი რიცხვების, გონისა და სულის საფეხურები. პირველმიზეზი ზეარსია, არსებობაზე აღმატებული და „უცნაური“ (შეუცნობელი). მისი განსაზღვრა მხოლოდ მიახლოებით შეიძლება და პრედიკატი, რომელიც მას მიეწერება, არის სიკეთე.

იოანე პეტრიწის ფილოსოფიური მსოფლმხედველობის მნიშვნელოვანი მხარეა შეხედულება მიზეზობრიობაზე, რომელიც ვრცელდება პირველმიზეზებსა და სამყაროს შორის არსებულ კავშირებზე. კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის ტრიადულია და სამი მიმართების მთლიანობას წარმოადგენს. პირველი მათ შორის იგივეობისა და მსგავსების მიმართებაა. ამ საფეხურზე შედეგი მიზეზშია, იგი არსებობს „თვისსა მიზეზსა შორის“ და განუსხვავებელია მიზეზისაგან. მეორე მიმართება შედეგის გამოყოფაა, მისი განსხვავება, განცალკევება, „სხვად“ ყოფნა“. ამ მიმართებით მოიპოვებს წარმოებული არსი საკუთარ არსებობას. ამგვარად, შედეგი განსხვავებულიცაა მიზეზისაგან და მისი იგივეობრივიც, მსგავსიც. მიზეზსა და შედეგს შორის არსებული დიალექტიკური მიმართების გარკვევის მიზნით იოანე პეტრიწს შემოაქვს ცნება, რომლის მიხედვით, შედეგი მიზეზთან მიმართებაში არის „იგივე სხვა“. მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ამგვარი გაგება იძლევა საფუძველს არსის პირველმიზეზში, საწყისში უკუდაბრუნებისათვის, რაც ამთავრებს არსის მთლიანობას და ჰკრავს იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ სისტემას. პირველმიზეზისა და სამყაროს მიმართების პეტრიწისეული გადაწყვეტა მიდის სამყაროს მარადიულობისა და მისი წარმოქმნის აუცილებლობის აღიარებამდე. მესამე საფეხურია ინტუიცია, რომელიც გონის მეშვეობით ხორციელდება. ამ შემთხვევაში შემეცნების საგანი თვით აზროვნებაშია მოცემული და შემეცნება საგნის „მარტივად“, უშუალოს წვდომის შედეგადაა მიჩნეული.

მემკვიდრეობა

რედაქტირება

იოანე პეტრიწმა ფილოსოფიური ნაშრომების გარდა დაგვიტოვა მნიშვნელოვანი თარგმნილი და ორიგინალური ლიტერატურული მემკვიდრეობა: მან ბერძნულიდან ხელახლა თარგმნა ბიბლიური წიგნები და იოანე სინელის „კლემაქსი“ („კიბე“). ბერძნულიდანვე გადმოაქართულა მეტაფრასული ჰაგუიგრაფიული საკითხავები — წმინდათა ცხოვრებანი და წამებანი (მაგ., ცნობილია თეოდორა ალექსანდრიელისა და მერკვირის „ცხოვრებანი“, ზოსიმესა და ბარბარეს „მარტვილობანი“), აგრეთვე იოსებ ფლავიუსის საისტორიო შრომა „მოთხრობანი იუდაებრივისა სიტყუადაასაბამობისანი“ („მსოფლიო ისტორის იოსიპოსისაჲ"), რომლის თხუთმეტმა წიგნმა ჩვენამდე მოაღწია და სხვა. იოანე პეტრიწმა დაწერა ორიგინალური ასკეტიკურ-მისტიკური პოეტური ტრაქტატი „სათნოებათა კიბე“, რომელსაც საფუძვლად დაედო „კლემაქსის“ ექვთიმე მთაწმიდლისეული ქართული თარგმანი. გალექსა „სათვეო სჳნაქსარი“ ანუ „გალობანი ყოველთა წმინდათანი“. მასვე მიაკუთვნებენ მცირე ზომის იამბიკურ ლექსებს, რომელთაგან ზოგს ჩვენამდე არ მოუღწევია.

იოანე პეტრიწმა შექმნა ლიტერატურულ სკოლა, აღზარდა მრავალი მოწაფე, გამოუჩნდნენ მიმდევრებიც. თავისებურია მისი ენა და სტილი. იგი ქმნიდა ახალ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას, ბერძნულიდან დედანთან ზუსტი მიმართების მიზნით უხვად იყენებდა ქართული ენის ბუნებისათვის შეუფერებელი მიმღეობანი კონსტრუქციების წინადადებებს, რაც ართულებდა მის სამწერლო ენას. იოანე პეტრიწმა დიდი გავლენა მოახდინა ძველი ქართული ფილოსოფიურ აზროვნებაზე, საერო პოეზიასა და საისტორიო მწერლობაზე, განსაკუთრებით კი ანტონ I-ის ლიტერატურულ სკოლაზე.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება