ინა დივნოგორცევა-გრიგოლია

ინა დიმიტრის ასული დივნოგორცევა-გრიგოლია (დ. 6 ნოემბერი, 1916, ქ. ენოტაევკა, ასტრახანის ოლქი, რუსეთის იმპერია, — გ. 13 ოქტომბერი, 2004, თბილისი) — მხატვარი, გრაფიკოსი, პოეტი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967). მოქანდაკისა და მხატვრის ვლადიმერ (ლადო) გრიგოლიას მეუღლე.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1940). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1940 წლიდან. თანამშრომლობდა გამომცემლობებთან, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. თავი მოუყარა მეუღლის, ლადო გრიგოლიას არქივსა და მის შემოქმედებით მემკვიდრეობას, მოამზადა და გამოსცა წიგნები მისი შემოქმედების შესახებ.

მოღვაწეობდა წიგნის გრაფიკის დარგშიც. გააფორმა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ (ტრიპტიქი, 1968), რომენ როლანის „მიქელანჯელო ბუონაროტის ცხოვრება“ (1940), უილიამ თეკერეის „ამაოების ბაზარი“ (1951), უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ (1961), მიგელ დე სერვანტესის „დონ კიხოტი“ (1950), ბოლესლავ პრუსის „ფარაონი“ (1958), ანატოლ ფრანსის „ღმერთებს სწყურიათ“ (1958). ავტორია სხვადასხვა კომპოზიციებისა, პლაკატებისა და სხვ. ეკუთვნის ლექსების კრებული „ფრესკა“ (გაფორმება და ილუსტრაციები ავტორისა, თბ., 1986, რუსულ ენაზე). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).

ლიტერატურა

რედაქტირება