იმიერბაიკალეთის ხალხთა ეთნოგრაფიული მუზეუმი

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 28 დეკემბერი 2022. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

იმიერბაიკალეთის ხალხთა ეთნოგრაფიული მუზეუმი (რუს. Этнографический музей народов Забайкалья; ბურ. Υber Baigalai hizaaray araduudai ugsaatanay zyn Museum) — სამუზეუმო კომპლექსი ღია ცის ქვეშ ქალაქ ულან-უდეში (ბურიატიის რესპუბლიკა), ზემო ბერიოზოვკის მიკრორაიონში.

იმიერბაიკალეთის ხალხთა ეთნოგრაფიული მუზეუმი
51°53′08″ ჩ. გ. 107°38′33″ ა. გ. / 51.88556° ჩ. გ. 107.64250° ა. გ. / 51.88556; 107.64250
დაარსდა 19 აგვისტო, 1968
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
დამაარსებლები ბურიატეთიის ასსრ კულტურის სამინისტრო
მდებარეობა ულან-უდე
სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 0409991000
ოფიციალური საიტი xn--80akfjmebi8an4c6c.xn--p1ai
Map

მუზეუმის ისტორია

რედაქტირება
 
ნიკოლსკის ეკლესია სოფელ ნიკოლსკიდან (რფ-ის ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის რეგიონალური მნიშვნელობის ობიექტი № 0409991000 სარეგისტრაციო № 031711307230005)

1950-იანი წლების ბოლოს და 1960-იანი წლების დასაწყისში სსრკ-ში გაიზარდა ღია ცის ქვეშ არსებული ეთნოგრაფიული მუზეუმების ქსელი. პოლიტიკური დათბობის წლებში ეს ზრდა განაპირობა სამმა გარემოებამ: ხალხის კეთილდღეობის ზრდამ, საგანმანათლებლო ტურიზმის განვითარებამ და ქვეყანაში უცხოელი ტურისტების ნაკადის მნიშვნელოვანმა ზრდამ.

ბურიატიის ასსრ-ში ეთნოგრაფიული მუზეუმი გაიხსნა 1968 წლის 19 აგვისტოს. მისი ერთ-ერთი პირველი ექსპონატი იყო ნიკოლსკის ეკლესია, გადმოტანილი სოფელ ნიკოლსკიდან და დევაჯინ-დუგანი, გადმოტანილი ტამჩინსკის დაცანიდან.

ექსპოზიციები

რედაქტირება

იმიერბაიკალეთის ხალხთა ეთნოგრაფიული მუზეუმი ერთ-ერთი უდიდესი ღია ცის ქვეშ მუზეუმია რუსეთში. მას უკავია 37 ჰექტარი ფართობი, სადაც თავმოყრილია 40-ზე მეტი არქიტექტურული ძეგლი და 11 ათასზე მეტი ექსპონატი. მუზეუმის ტერიტორია დაყოფილია რამდენიმე კომპლექსად:

არქეოლოგიური კომპლექსი

რედაქტირება

მუზეუმის არქეოლოგიური კომპლექსი შედგება დახურული პავილიონისა და ღია ტერიტორიისგან. ამ უკანასკნელზე არის ქვის ფილების საფლავები, ქვის სვეტები, „საგუშაგო“ ქვები და ა.შ. ხუნუს კულტურის პირველი სამარხი აღმოაჩინეს 1896 წელს კიახტის რაიონში. შუა საუკუნეებში ხუნუს ტომები სამარხებზე ბრტყელ, მრგვალ საფლავის ქვებს დებდნენ. დახურულ პავილიონში გამოფენილია ივოლგინსკის დასახლების გათხრების დროს აღმოჩენილი ნიმუშები.

ბურიატების კომპლექსი

რედაქტირება

ბურიატების კომპლექსი შედგება ხის და თექის იურტებისა და საკულტო ბუდისტური შენობისგან — დუგანისგან.

XIX საუკუნის პირველ ნახევარში ბურიატეთის ტაძრები წააგავდა ეკლესიებს, რაც წარმოიშვა რუსული არქიტექტურის გავლენით, რადგან მათ მშენებლობაში რუსი ხელოსნები მონაწილეობდნენ. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბურიატიის ტაძრის საკუთარი არქიტექტურის განვითარებით, გამოჩნდა ახალი ტიპის დუგანი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა პირველი შენობებისაგან და მიიღო ადგილობრივი და აღმოსავლური მახასიათებლები. მისი ნიმუშია დევაჯინ-დუგანი, წამოღებული ტამჩინსკის დაცანიდან. 1926 წელს ტაძარი აღადგინეს — იერსახე არ შეცვლილა, მხოლოდ ფართობი გაიზარდა. ტაძრის ფერში დომინირებს ყვითელი — სიწმინდე ტიბეტურ ბუდიზმში. შიგნით არის პანო „ტუნში“, რომელიც ასახავს ინდურ ზღაპარს ოთხი ცხოველის შესახებ, რომლებიც კამათობენ იმაზე, თუ როგორ მიიღონ ნაყოფი მაღალი ხისგან.

ბაიკალისპირეთის კომპლექსი

რედაქტირება

ბაიკალისპირეთის კომპლექსში ნაჩვენებია ბურიატ-კაზაკთა მამული მდიდარი ბურიატის ს. ბ. საფრონოვის ზამთრის სახლით, რომელიც აშენდა 1900 წელს სოფელ ხარეტში (ახლანდელი ირკუტსკის ოლქის ნუკუტსკის რაიონი). მუზეუმში გადავიდა 1975 წელს.

იმიერბაიკალეთის კომპლექსი

რედაქტირება
 
საეტაპო შენობა გადასახლებულთა ღამისთევისთვის. სოფელი კულსკი სტანოკი

XVII საუკუნის ბოლოდან იმიერბაიკალეთი გადასახლებისა და მძიმე შრომის ადგილად იქცა. გადასახლებულთა და მსჯავრდებულთა გზის მთელ მარშრუტზე ყოველ 25 მილზე განთავსებული იყო ეტაპები, ნახევრადეტაპები და ღამისგასათევები. ვერხნეუდინსკის რაიონში 20-ზე მეტი ეტაპი იყო.

ხორინსკის რაიონის სოფელ კულსკი სტანოკიდან სამკამერიანი საეტაპო შენობა გადმოიტანეს. მასში განთავსებულია გამოფენა „გადასახლებისა და სასჯელაღსრულების ისტორიიდან იმიერბაიკალეთში“.

ურბანული კომპლექსი

რედაქტირება

საქალაქო კომპლექსში გამოფენილია ვერხნეუდინსკის, (თანამედროვე ულან-უდეს) სახლები.

ქალაქის სახლი ანტრესოლით აშენდა 1900 წელს. ის მდებარეობდა ფოხტამცკაიას ქუჩაზე №22-ში და ეკუთვნოდა ოფიციალურ პირს. მუზეუმში გადავიდა 1978 წელს. აღდგენილია თავდაპირველი არქიტექტურიდან გადახრით. სახლში განთავსებულია XX საუკუნის დასაწყისის მდიდარი მოქალაქის სახლის ტრადიციული ინტერიერის ექსპოზიცია.

კორიდორის ტიპის სახლი მდებარეობდა ბოლშაია ნიკოლაევსკის ქუჩაზე №67. აშენდა 1909 წელს. ორსართულიანი კეთილმოწყობილი შენობა განკუთვნილი იყო ოთახების გასაქირავებლად. სახლი მუზეუმს 1979 წელს გადაეცა.

სტაროჟილების კომპლექსი

რედაქტირება

„სტაროჟილების“ (ძველი მაცხოვრებლების) კომპლექსი შედგება მხვნელი გლეხისა და კაზაკ-ატამანის სახლებისგან. გლეხის სახლი, რომელიც აშენდა 1880 წელს, გაიტანეს ბაიკალის რაიონის სოფელ ბატურინოდან. მის მოპირდაპირედ არის 1919 წლის შენობები: ბეღელი, ორკედლიანი ფარდული, გადატანილი ბაიკალისპირეთის რაიონის ამჟამად უკვე ყოფილ სოფელ კლოჩნიოვოდან.

ძველი მორწმუნეების კომპლექსი

რედაქტირება

მუზეუმის ერთ-ერთი ექსპოზიცია შედგება XVIII საუკუნეში ციმბირში გადასახლებული ძველი მორწმუნეების სახლებისგან. აშენდა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისის ტიპური ცალმხრივი დასახლების ქუჩა, რომელიც შედგებოდა მდიდარი გლეხის სახლისა და ყველა საყოფაცხოვრებო ნაგებობებისაგან, ხელოსანი გლეხის ქოხით და მდიდარი ძველი მორწმუნის სახლისაგან. მცირე დაშორებით არის ძველ მორწმუნეთა სამლოცველო.

გლეხის — კრასიკოვის სახლი აშენდა 1861 წელს სოფელ ბარიკინო-კლიუჩში. ხელოსანი გლეხის ეზოში მოწყობილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოფენა: გუთანი, სახნისი, სასხლეტი, ჩარხები, ციგები და სხვა. ბაღში არის სამჭედლო, რომლის წინ არის ორი დაზგა: ცხენებისთვის ნალების დასაჭედებლად და მარხილების თავკავისთვის. სამჭედლო აშენდა XIX საუკუნის ბოლოს არბიჟილის ულუსში და მუზეუმში გადაიტანეს 1971 წელს.

„კავშირის“ სახლი, რომელიც გლეხ ზაიცევს ეკუთვნოდა, აშენდა XIX საუკუნის ბოლოს ტარბაგატაის რაიონის სოფელ ნადეინოში. მუზეუმში გადაიტანეს 1972 წელს. სახლი ქუჩისკენ არის ორიენტირებული. ოთხი ფანჯარა დარაბებით, რომლის ცალ მხარეზე გამოსახულია ყვავილები, ჩიტები და ირმები.

მდიდარი ძველი მორწმუნე ბორისოვის ორსართულიანი სახლი სოფელ კუიტუნში აშენდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. მუზეუმში გადაიტანეს 1972 წელს. სახლის დამახასიათებელი ნიშანია მაღალი ვერანდა. პირველ სართულზე იყო სავაჭრო დუქანი, საკუჭნაო და ხაზინა.

კარიბჭე აშენდა 1906 წელს სოფელ ნოვაია ბრაიანში როდიონოვის ბრძანებით. მასზე ამოტვიფრულია მისი ქალიშვილის ანას დაბადების წელი. ოჯახური ტრადიციის მიხედვით, კარიბჭე ბურიატებმა გააკეთეს. 1978 წელს მუზეუმში ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. კარიბჭის მდიდარი მორთულობა მიუთითებდა სახლის პატრონის სიმდიდრეზე.

ევენკების კომპლექსი

რედაქტირება

ევენკების(რუსული)ქართ. კომპლექსში გამოფენილია ჩუმები, ფარდულები და ჭურჭლეულობა.

დღესასწაულები

რედაქტირება

ყველიერის კვირა

რედაქტირება

მუზეუმი ყოველწლიურად აღნიშნავს ყველიერის კვირას — „მასლენიცას“ (ბლინების კვირა). დღესასწაული ძალიან პოპულარულია ქალაქ ულან-უდეს მცხოვრებლებსა და სტუმრებს შორის. „მასლენიცას“ მუდმივ სტუმრებს შორის არიან ოჯახები, ტურისტული ჯგუფები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.

ეთნოგრაფიული მუზეუმი ტრადიციულად ხვდება ზამთარს სრიალით და თამაშებით, სიმღერებით, შაირებით, ხუმრობებით. იმართება თეატრალური წარმოდგენები, ცეკვები, შეჯიბრებები, კონკურსები და სხვა მრავალი გასართობი. სტუმრებს შეუძლიათ პრიზისთვის ბოძზე ასვლა, „კედელ-კედელ ბრძოლა“, ჩანთებით ბრძოლის მოწყობა და ბლინების ჭამაში შეჯიბრი. ტრადიციულად, ყველაზე მოხერხებულები და ოსტატურები იღებენ სხვადასხვა ძვირფას პრიზებს ვერცხლის სამკაულებიდან ელექტრო ხელსაწყოებამდე. სადღესასწაულო ღონისძიებების კულმინაციაა „მასლენიცას“ ფიგურის დაწვა.

ყოვლადწმიდა სამების დღესასწაული

რედაქტირება

რუსული კულტურის რესპუბლიკური ფესტივალის „ბაიკალეთის ფერხული“ ორგანიზატორები ამზადებებ დღესასწაულის პროგრამას ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის: ხალხური ხელოსნების პროდუქციის, რუსული კოსტუმის გამოფენები, რუსული სამზარეულოს ბაზრობა, მასტერკლასები რუსულ ფერხულში, მუსიკალური. ინსტრუმენტებში, ხალხური რეწვის ინტერაქტიული სემინარები, ახალგაზრდული თამაშები და გართობა.

ძირითადი ღონისძიებები: რესპუბლიკური ფესტივალი-კონკურსი „რუსული სიმღერა“, რუსული ხალხური ცეკვის რესპუბლიკური კონკურსი „რუსული ცეკვა“, ფესტივალი-კონკურსი „დაუკარი აკორდეონო, ააჟღერე შაირი!“ „რუსული კოსტუმების კოლექციების რესპუბლიკური კონკურსი, საგალობლების ფესტივალი-კონცერტი „სული მღერის“, კონკურსი-პრეზენტაცია მუნიციპალური რაიონებში „ჩემი მშობლიური მიწა!“[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Н. Р. Павлова «Русский старообрядческий (семейский) комплекс. Путеводитель». Этнографический музей народов Забайкалья, Улан-Удэ, 2007

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. В Этнографическом музее пройдет всенародный праздник!. minkultrb.ru. ციტირების თარიღი: 2019-06-23.