ილიურთის წმინდა გიორგის ეკლესია
ილიურთის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ილიურთის შუაში. აგებულია 1870 წელს.
ეკლესია ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა, ნაშენია ფიქალით და თიხით. შიგნიდან და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. შენობის გეგმის გარეგან კვადრატში (6,9 X 6,9 მ) ჩაწერილია ჯვარი. ჯვრის აღმოსავლეთ მკლავი, რომელიც დანარჩენ მკლავებთან შედარებით ორჯერ უფრო ღრმაა, ნახევარწრიული შვერილი აფსიდითაა დასრულებული. დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა. გარედან აფსიდის გამონაშვერი შვიდწახნაგოვანია. დასავლეთ მკლავის ღერძზე განიერი და მაღალი თაღოვანი შესასვლელია. აფსიდში, სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებში თითო თაღოვანი სარკმელია. ჩრდილოეთ და სამხრეთ სარკმლები აღმოსავლეთ სარკმელთან შედარებით ორჯერ განიერია და თითქმის პარალელური წირთხლები აქვთ. საკურთხეველში ფიქლით ნაწყობი და შელესილი ტრაპეზი დგას. აფსიდის წინ წყვილი პილასტრი და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღია. ეს კონსტრუქცია აფსიდს მკლავის დანარჩენ სივრციდან გამოჰყოფს. საკურთხევლის ბაქანი შემაღლებულია. მას ნახევარწრიული ამბიონი აქვს. შიგნით წრიული და გარედან რვაწახნაგა გუმბათი ეყრდნობა მკლავების გადაკვეთაზე კედლის შვერილებს. გუმბათის ყელში რვა სარკმელია. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ მოხაზულობაზე გადასასვლელად გამოყენებულია აფრები. ეკლესიას დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით კარიბჭეები ეკვრის. დასავლეთ კარიბჭე ეკლესიის ფასადის სიგანისაა. მისი დასავლეთ კედელი სამი, ხოლო ჩრდილოეთის და სამხრეთის თითო სწორკუთხა მალით არის გახსნილი. ჩრდილოეთ და სამხრეთ კარიბჭეები გეგმით თითქმის კვადრატულია, რომლებიც სამ მხარეს გახსნილნი არიან სწორკუთხა მალით და ორკალთა სახურავი ხურავთ. ეკლესიას და კარიბჭეებს მარტივი, თაროსებრი ლავგარდანი აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 93-94.