სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყაზბეგი.

ივანე ნიკოლოზის ძე ყაზბეგი (დ. 11 ივნისი, 1860 — გ. 2 დეკემბერი, 1943) — ქართველი სამხედრო მოღვაწე. მსახურობდა რუსეთის იმპერიის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და პოლონეთის (ოფიცერის რანგში) არმიებში.

ივანე ყაზბეგი
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 11 ივნისი, 1860
გარდაცვალების თარიღი 2 დეკემბერი, 1943
გარდაცვალების ადგილი ვარშავა
სამხედრო სამსახურის წლები 18781931
წოდება პრაპორშჩიკი, პოდპორუჩიკი, პორუჩიკი, შტაბს-კაპიტანი, კაპიტანი, პოდპოლკოვნიკი, გენერალ-მაიორი
ბრძოლები/ომები რუსეთ-იაპონიის ომი, პირველი მსოფლიო ომი

ბიოგრაფია რედაქტირება

ივანე ყაზბეგი დაიბადა 1860 წლის 11 ივნისს. დაამთავრა სანქტ–პეტერბურგის პირველი სამხედრო გიმნაზია, კონსტანტინეს მე–2 სამხედრო სასწავლებელი და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა. 1878 წლის 11 სექტემბრიდან მსახურობდა მე–20 საარტილერიო ბრიგადაში. 1880 წელს გახდა პრაპორშჩიკი, 1882 წელს — პოდპორუჩიკი და 1985 წელს — პორუჩიკი; 1892 წელს ივანე ყაზბეგმა მიაღწია შტაბს–კაპიტნის, ხოლო 1896 წელს — კაპიტნის წოდებას. 1904 წლის 21 ივნისიდან პოდპოლკოვნიკის წოდებას ატარებდა. 1904–1912 წლებში მეთაურობდა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის 6 ბატარეას, 1912–1916 წლებში — პირველ დივიზიონს, ხოლო 1916 წლის 12 მაისიდან — მთლიანად ბრიგადას. 1912 წლის 2 ოქტომბერს ივანე ყაზბეგს წარჩინებისთვის მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1912 წლიდან ხელმძღვანელობდა ოფიცერთა საარტილერიო სკოლას. 1913 წელს მსახურობდა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის მეთაურის მოადგილედ. მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიისა (1904–1905) და პირველ მსოფლიო (1914–1918) ომებში. 1916 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით მას გენერალ-მაიორის წოდება ებოძა. 1918–1921 წლებში ივანე ყაზბეგი მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში, სამხედრო სამინისტროს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში, ჯერ სტამბოლში (მაშინდელი ოსმალეთის იმპერია, დღევანდელითურქეთი), 1922 წელს — პოლონეთში. რის შემდეგაც ქართველ ოფიცერთა ჯგუფთან ერთად შევიდა პოლონეთის ჯარში, სადაც მსახურობდა კონტრაქტით. 1923 წლის იანვარ–მარტში მსმენელის რანგში გაიარა გადამზადება საპოლკო მეთაურთა მეოთხე კურსზე, ქ. რემბერტუვის კადრების მომზადების სასწავლო ცენტრში. ამავე წლის აპრილ–ოქტომბერში ასევე გაიარა გადამზადება საარტილეირო კურსებზე, ქვეითი პოლკებისა და არტილერიის მეთაურების საარტილერიო მსროლელ სკოლაში ქ. ტორუნში. აუცილებელი პრაქტიკის დამთავრების შემდეგ მიიღეს ტორუნის საარტილერიო სასწავლებელში მასწავლებლად, სადაც სავარაუდოდ მსახურობდა 1926 წლამდე. 1928 წელს ივანე ყაზბეგი ირიცხებოდა რემბერტუვის სასწავლო ცენტრის შტატში, სადაც მოგვიანებით მსახურობდა ლექტორად ქვეითთა მომზადების ხაზით. პოლონეთის არმიაში მიიღო ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება. 1931 წლის 31 აგვისტოს, კონტრაქტის დასრულების გამო, არმიიდან დაითხოვეს. ივანე ყაზბეგს მიღებული აქვს ორდენები: წმინდა ანას III ხარისხის (1901), წმინდა ანას II ხარისხის (1902), წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის (1914), წმინდა ვლადიმერის III ხარისხის მახვილებით (1915), წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის მახვილებითა და ბაფთით (1915), წმინდა სტანისლავის II ხარისხის მახვილებით (1915), წმინდა ანას III ხარისხის მახვილებითა და ბაფთით (1916). გარდაიცვალა 1944 წლის 2 დეკემბერს ვარშავაში. დაკრძალულია პოვონზკის სამხედრო სასაფლაოზე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 93-94, ISBN 978-9941-0-7386-1.
  • Z. G. Kowalski, Najliczniejsza mniejszość. Gruzini, Azerowie i inni przedstawiciele narodów Kaukazu w Wojsku Polskim w okresie międzywojennym [w:] Mniejszości narodowe i wyznaniowe w siłach zbrojnych Drugiej Rzeczypospolitej 1918-1939, zbiór studiów pod red. Z. Karpusa i W. Rezmera, Toruń 2001, s. 177-201.