ივანე ვარაზაშვილი
ივანე ვარაზაშვილი (დ. 1879, მუხლი, რაჭის მაზრა — გ. 1955, თეირანი, ირანი) — ისიდორე, ვასილ და გიორგი ვარაზაშვილების ძმა. ინჟინერ-პოლკოვნიკი, რკინიგზის ტრანსპორტის სპეციალისტი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტექნიკური სასწავლებელი და პეტერბურგის სარკინიგზო ინსტიტუტი. სწავლა განაგრძო შვეიცარიაში. მუშაობდა ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის მშენებლობაზე.
ააშენა წალკის ხიდი. პირველი მსოფლიო ომის დროს მიიღო ინჟინერ-პოლკოვნიკის წოდება და ხელმძღვანელობდა ბაქო-ჯულფის, არზრუმ-სარიყამიშის რკინიგზის მშენებლობებს. 1917 წელს, ერთხანს ჩაერთო ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში. 1918 წლის 26 მაისის, დამოუკიდებლობის აქტის შემდეგ, ვარაზაშვილი შეიყვანეს საქართველოს გაფართოებული ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) შემადგენლობაში, როგორც ესერთა პარტიისა და ფრაქციის წარმომადგენელი, თუმცა, პარლამენტში საქმიანობა დიდხანს არ გაუგრძელებია. 1918 წელს, ძმასთან (ისიდორესთან) და ნიკო ნიკოლაძესთან ერთად დააარსა ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა აქციონერული საზოგადოება. ამ საზოგადოებაში, ივანე და ისიდორე იყვნენ ამხანაგობა „ძმები ივ. და ის. ვარაზაშვილების“ მფლობელები. 1920 წლის დეკემბერში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის გასაძლიერებლად, ვარაზაშვილმა 1,015,000 მანეთი გაიღო. 1925 წელს, ივანეს და ისიდორეს ამხანაგობამ მონაწილეობა მიიღო ხელშეკრულების დადებაში კომპანია „ჰარიმან ბრაზერს ენდ k“-სთან, კონცესიის გადაცემასთან დაკავშირებით. 1922 წელს, საბჭოთა ხელისუფლების დავალებით, რომელიც ხელისუფლების ხელში ჩაგდების პირველ წლებში მხარს უჭერდა უცხოურ ბიზნეს წრეებთან კავშირს, ძმასთან (ისიდორესთან) ერთად გაემგზავრა გერმანიაში. მათ ბერლინში დააარსეს „რუსთაველის საზოგადოება“, გამომცემლობა „ახლო აღმოსავლეთი“ და ჟურნალი „მორგენლანდი“. ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად აქ დაიბეჭდა „გერმანული ენის სახელმძღვანელო ქრესტომათია ლექსიკონით“.
ფლობდა რუსულ, ფრანგულ, გერმანულ და ირანულ ენებს. 1928 წელს, შაჰის მთავრობის მიწვევით ირანში გაემგზავრა მნიშვნელოვანი სარკინიგზო მშენებლობის ხელმძღვანელად და იქ საცხოვრებლად დარჩა. მეორე მსოფლიო ომის დროს, მან დიდი თანხა გაიღო საბჭოთა ავიაციის განვითარებისთვის. ეხმარებოდა უცხოეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს და ფერეიდნელ ქართველებს. დაკრძალულია თეირანის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- შველაძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 160.