იერუსალიმის წმინდა ეკატერინეს მონასტერი

იერუსალიმის წმინდა ეკატერინეს დედათა მონასტერი — მართლმადიდებლური მონასტერი იერუსალიმში, ძველი ქალაქის ტერიტორიაზე, წმინდა საფლავის ტაძრის მახლობლად.

ამ მიდამოებში წმინდა ეკატერინეს სახელობის ეკლესიის არსებობა დაახლ. 1187 წელს შედგენილ წმინდა ადგილების ბერძნულ სიაში დასტურდება.[1] XIV-XV საუკუნეებში მონასტერი ქართველთა ხელში იყო. ტიმოთე გაბაშვილის გადმოცემით, ეკატერინეს დედათა მონასტერი მონასტერი ამილღაბარ ფანასკერტელ-ციციშვილსა და მაჩაბლებს დაუარსებიათ (ეს ამილღაბარი ცნობილია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებიდან და სინას სულთა მატიანეებიდან). როგორც ჩანს, იერუსალიმის წმ. ეკატერინეს მონასტერი სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის მეტოქად (მონასტრის კუთვნილ და დაქვემდებარებულ ეკლესიად) იქნა დადგენილი, რომლის ერთ-ერთი დანიშნულება საქართველოდან წმ. მიწაზე მისული პილიგრიმების სინას მონასტერთან დაკავშირება და შეწირულობათა გადაგზავნა იყო.[2] 1517 წლის ფირმანით სულთანმა სელიმ I-მა მონასტერი ბერძენთა პატრიარქს დაუმტკიცა.[3] XVIII საუკუნის შუა ხანებში მონასტერში ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ ქართველები. XVI-XX საუკუნეებში ეკლესია რამდენჯერმე გადაკეთდა. ამჟამინდელი ეკლესია დიდი ზომის მართკუთხა შენობაა, რომელიც XX საუკუნის I ათწლეულს განეკუთვნება.[4]

  1. Pringle, 1993, p. 158.
  2. სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერს მრავალ ქვეყანაში ჰქონდა მეტოქი ეკლესია-მონასტრები და მამულები. თბილისში მას ეკუთვნოდა წმ. ეკატერინეს ეკლესია, სოფ. მეღვრეკისში (ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი) კი — მამულები.
  3. Pringle, 1993, p. 158.
  4. Pringle, 1993, p. 158.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI–XVII სს.), თბ., 1962.
  • კლდიაშვილი დ., სინის სულთა მატიანე. ფანასკერტელციციშვილთა საქტიტორო მოღვაწეობა წმინდა მიწასა და სინაზე, «ენიმკი». ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი, თბ., 2002.
  • მამისთვალიშვილი ე., ქართველები და ბიბლიური სამყარო, გორი, 1998.
  • მამისთვალიშვილი ე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
  • Pringle D., The Churches of the Crusader Kingdom of Jerusalem: Volume 3, The City of Jerusalem: A Corpus, Cambridge, 1993].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება