იბერიული ფოცხვერი, ესპანური ფოცხვერი, პირენეული ფოცხვერი (ლათ. Lynx pardinus) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. ძლიერ ჰგავს ევრაზიულ ფოცხვერს, თუმცა მას ზომაში ჩამორჩება, განსხვავდება აგრეთვე მოკლე კუდის მუქი ბოლოთი და წვერისმაგვარი ბეწვით ნიკაპის ქვემოთ. ზრდასრული იწონის 10–15 კილოგრამს, სიგრძეში 80–130 სანტიმეტრს აღწევს, სიმაღლე მხრებში 45–70 სანტიმეტრია. XIX საუკუნეში იბერიული ფოცხვერის გავრცელების არეალი იყო ესპანეთი, პორტუგალია და სამხრეთ საფრანგეთის ზოგიერთი ნაწილი. დღეისათვის იგი წარმოდგენილია რამდენიმე ადგილას სამხრეთ-დასავლეთ ესპანეთში. ფოცხვერის რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა მთავარი საკბილოს — ბოცვრის (Oryctolagus cuniculus) — დაავადებების, მიქსომატოზისა (1950-იან წლებიდან) და ჰემორაგიული დაავადების (1980-იანი წლების ბოლოდან) გავრცელებამ. საბინადრო გარემოს დაკარგვამ, სატრანსპორტო საშუალებების დაჯახებებმა და ნადირობამ აგრეთვე იქონია გავლენა 1960-იანი წლებიდან რიცხოვნობის 80%-ით შემცირებაზე. XXI საუკუნის დასაწყისიდან მიმდინარეობს ტყვეობაში გამრავლებისა და მონიტორინგის პროგრამები, რამაც გარკვეული შედეგი მოიტანა.[1] 2002 წლიდან ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ მიჩნეული იყო კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობად (CR), 2014 წლიდან საფრთხეში მყოფი სახეობაა (EN).[2]

იბერიული ფოცხვერი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Lynx pardinus (Temminck, 1827)
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 12520
  1. Rafferty, John P.. Iberian Lynx. Encyclopedia Britannica (18 მარტი, 2021). ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2021
  2. Rodríguez, A. & Calzada, J. (2015). Lynx pardinus. IUCN Red List of Threatened Species. 2015: e.T12520A174111773. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)