იან I ალბერტი
იან I ალბერტი (პოლ. Jan I Albracht; დ. 27 დეკემბერი, 1459 — გ. 17 ივნისი, 1501) — იაგელონთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთის მეფე კაზიმირ IV-ისა და დედოფალ ელიზაბეთ ავსტრიელის ვაჟი. პოლონეთის მეფე 1492-1501 წლებში. გარდაიცვალა უცოლ-შვილოდ, რის გამოც ტახტზე მისი ძმა, ალექსანდრე I ავიდა.
იან I ალბერტი | |
---|---|
პოლონეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 7 ივნისი, 1492 |
მმართ. დასასრული: | 17 ივნისი, 1501 |
წინამორბედი: | კაზიმირ IV |
მემკვიდრე: | ალექსანდრე I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 27 დეკემბერი, 1459 |
დაბ. ადგილი: | კრაკოვი, პოლონეთი |
გარდ. თარიღი: | 17 ივნისი, 1501, (41 წლის) |
გარდ. ადგილი: | ტორუნი, პოლონეთი |
დაკრძ. ადგილი: | ვაველის კათედრალი, კრაკოვი |
დინასტია: | იაგელონები |
მამა: | კაზიმირ IV, პოლონეთის მეფე |
დედა: | ელიზაბეთ ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიან ალბერტი დაიბადა 1459 წლის 27 დეკემბერს კრაკოვში. იგი იყო პოლონეთის მეფე კაზიმირ IV-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ელიზაბეთ ავსტრიელის შუათანა ვაჟი. დედის მხრიდან მისი პაპა გერმანიის, უნგრეთის, ბოჰემიის, ავსტრიისა და ხორვატიის მეფე ალბრეხტ II იყო. ასევე იგი უნგრეთის მეფე სიგიზმუნდ I-ის შვილიშვილი და საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ III-ის ბიძაშვილი გამოდიოდა. ჯერ კიდევ ბავშვობაში, მისმა უფროსმა ძმამ, პრინცმა ვლადისლავმა უნგრეთის ტახტის სანაცვლოდ უარი თქვა პოლონეთის მემკვიდრეობაზე, რის გამოც იანი ტახტის მემკვიდრე გახდა. 1492 წელს მამამისი გარდაიცვალა და პოლონეთის მეფე იან I, ხოლო ლიტვის დიდი მთავარი მისი ძმა — ალექსანდრე I ხდება.
როგორც ქრისტიანობის დამცველი, იანი ტახტზე ასვლისთანავე ჩაება მუსულმან ოსმალებთან ბრძოლაში. მის კამპანიას მალევე მისი ძმა, უნგრეთის მეფე ვლადისლავ II-ც მიემხრო და ძმებმა თავიდან დიდ წარმატებას მიაღწიეს ოსმალებთან ბრძოლაში. დიდი ძალაუფლების მქონე იაგელონ ძმებს, რომელთა სამფლობელოებიც შავი და ადრეატიკის ზღვებიდან ბალტიის ზღვამდე იყო გადაჭიმული, ცხადია მალევე გამოუჩნდნენ მტრებიც. 1492 წელსვე მათ წინააღმდეგ გაერთიანდნენ ავსტრიის ერცჰერცოგი მაქსიმილიან I და მოსკოვის დიდი მთავარი ივანე III. ასევე მათ წინააღმდეგ აღსდგა მოლდოვეთის მმართველიც, რომელიც ოსმალთა მიმართ კეთილად იყო განწყობილი. 1494 წელს ალექსანდრემ, იანმა და ვლადისლავმა საგანგებო თათბირი მოიწვიეს, სადაც გაურიგდნენ თავიანთ სიძეს, ბრანდენბურგის კურფიურსტს და მტრებს ომი გამოუცხადეს. უძლეველ რუსეთთან ომის თავიდან ასაცილებლად ალექსანდრემ ცოლად ივანე III-ის ასული ელენა მოსკოველი შეირთო.
1496 წელს იანი სათავეში ჩაუდგა 80, 000 კაციან არმიას. იგი შეიჭრა მოღალატე მოლდოვეთში, დაარბია იქაურობა, ჩამოაგდო მისი მმართველი და მოლდოვეთი უშუალოდ პოლონეთს მოუერთა. ამ დროს მოლდოველებს ოსმალები მიეშველნენ, რომლებმაც სასტიკად დაამარცხეს პოლონელები. ამის შემდეგ მისი ლაშქარი დაიშალა და უკან გაბრუნდა.
უკან დაბრუნებულმა იანმა ახლა უკვე ჩრდილოეთისკენ მიმართა ყურადღება და ტევტონთა დიდ მაგისტრ ფრიდრიხ ვეტინს ომი გამოუცხადა. მან ჯარების შეგროვებაც დაიწყო, თუმცა მოულოდნელად, 1501 წელს 41 წლის ასაკში უშვილოდ დაიღუპა. ამის გამო ტახტზე მისი ძმა, ალექსანდრე I ავიდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Fryderyk Papée: Jan Olbracht. Kraków: TAiWPN Universitas, 2006. ISBN 83-242-0479-2.