იანის ლიპკე ( ლატვ. Žanis (Jānis) Lipke ;დ. 1900 წლის 1 თებერვალი, მითავა, კურლანდის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 1987 წლის 14 მაისი, რიგა, სსრკ ) — ლატვიელი წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი, რომელმაც გერმანიის ოკუპაციის დროს რიგაში 56 ებრაელი გადაარჩინა.

იანის ლიპკე
დაბადების თარიღი 1 თებერვალი, 1900
მიტავა
გარდაცვალების თარიღი 14 მაისი, 1987 (87 წლის)
რიგა, ლატვია
მოქალაქეობა

ლატვიის დროშა ლატვია

საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა ლატვიის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი
მეუღლე(ები) იოჰანა
ჯილდოები "ერებს შორის მართალი"
საიტი http://www.lipke.lv

ბიოგრაფია

რედაქტირება

იანის ლიპკე დაიბადა 1900 წლის 1 თებერვალს. მისი მამა ბუღალტერი იყო. თავად იანისმა მიიღო მხოლოდ სამი კლასის განათლება, ხოლო 1917 წელს ჩაირიცხა ლატვიის წითელ მსროლელთა პოლკში, სადაც მეტსახელად ჟანისი შეარქვეს. რუსეთში რევოლუციური მოვლენების დასრულების შემდეგ, ლიპკე დაბრუნდა ლატვიაში. 1919 წლის ნოემბრის დასაწყისში მონაწილეობა მიიღო პ. ბერმონდ-ავალოვის დასავლეთ მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში. ომის შემდეგ ჟანისი 1920-იან წლებში რიგის პორტში ნავსადგურის მუშად მუშაობდა. 1921 წელს დაქორწინდა იოჰანა ლიპკაზე (დაბ. ნოვიცკაია), ქორწილი გაიმართა რიგის მწუხარების ღვთისმშობლის ეკლესიაში . 1920-იანი წლების ბოლოს იყიდა სატვირთო მანქანა და ტვირთის გადაზიდვით იყო დაკავებული, მაგრამ დიდი დეპრესიის დაწყების შემდეგ სამუშაოდ პორტში დაბრუნდა .

1930-იან წლებში ლიპკე ეწეოდა ლუქს კლასის საქონლის კონტრაბანდას (მაქმანები, სამარკო ალკოჰოლი), რისთვისაც ორჯერ (1937 და 1939 წლებში) მნიშვნელოვნად დაჯარიმდა (314 ლატით და 902 ლატით). თავი დააღწია პატიმრობას, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა და ძველი საქმეები დაიხურა. [1]

ვლადიმერ ლინდერმანის აზრით, რისკის სიყვარულმა და კანონის გვერდის ავლით მოქმედების ჩვევამ, საფუძველი დაუდო იანისის მიერ ადამიანთა ხსნის ისტორიას, რომელსაც ანალოგი არ ჰყავდა გერმანული ჯარების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. [2]

1941 წლის 1 ივლისს რიგა დაიკავეს გერმანულმა ჯარებმა. 4 დღის შემდეგ საგუნდო სინაგოგას, რომელიც მოსკოვის ფორშტადტში მდებარეობდა, ცეცხლი წაეკიდა. გერმანულ ჯარებს აქტიურად ეხმარებოდნენ ადგილობრივი კოლაბორაციონისტების რაზმები. 1941 წელს შუტსმანთა რაზმმა დაარბია ლიპკას სახლი, რომელიც მდებარეობდა კუნძულ კიფსალაზე (რიგის საზღვრებში მდინარე დაუგავა ), იანისის ქალიშვილის, კომკავშირის წევრი აინას დაპატიმრების მიზნით. საბედნიეროდ, აინა სახლში არ იმყოფებოდა.

შესაძლოა, სწორედ ეს მოვლენა გახდა ლიპკეს შემდგომი მოქმედების მიზეზი, როდესაც მან გადაწყვიტა თავი მთლიანად ხალხის გადარჩენისთვის მიეძღვნა. ის დაემშვიდობა სამსახურს ნავსადგურში და ცნობილ " წითელ ამბარში "მოეწყო სამუშაოდ ცენტრალური ბაზრის მახლობლად, სადაც მდებარეობდა ლუფტვაფეს ადგილობრივი შტაბი (აქ ხდებოდა მასალის დაკომპლექტება სამხედრო საჭიროებისთვის ). თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად, როგორც ჩანს, იანისს გერმანული ენის ცოდნაც დაეხმარა. რისი წყალობითაც დაუახლოვდა გერმანელ ხელმძღვანელობას და ამავე დროს, ამაღლდა რიგითი ლატვიელი მესაზღვრეების თვალში .

ლიპკე პასუხისმგებელი იყო ახალი თანამშრომლების დაქირავებაზე, მას მიეცა შესაძლებლობა აერჩია რიგის გეტოს პატიმრები ლუფტვაფეს საწყობებში სამუშაოდ. იანის ლიპკემ მიიღო გეტოს ტერიტორიაზე შესვლის შეუზღუდავი შესაძლებლობა და პატიმრების შერჩევაში დამოუკიდებელი მონაწილეობის მიღების უფლება. მას საშუალება ჰქონდა დღის განმავლობაში სამუშაოზე წაეყვანა პატიმართა ჯგუფი (სულ 10 პირი), ხოლო საღამოს უკან დაებრუნებინა ბადრაგით.

გეტოს მცველები აწარმოებდნენ აღწერას არა გვარების, არამედ პირთა რაოდენობის მიხედვით, რაც ლიპკეს ხელში იყო და გაყალბების საშუალებას იძლეოდა. იანისს თანამზრახველებიც ეხმარებოდნენ. საღამოსთვის გეტოდან გამოყვანილი ათი პატიმარიდან შვიდი ან რვა ბრუნდებოდა, გადარჩენილებს სამალავში ათავსებდნენ და მათ ნაცვლად, შედიოდნენ ლიპკეს თანამზრახველები, თავად იანისიც მათთან ერთად, პატიმართა ყვითელ ვარსკვლავებიან სამოსში გამოწყობილი, კონტროლის გავლის შემდეგ მშვიდად იხდიდა „დავითის ვარსკვლავებთან“ ტანსაცმელს და გეტოს ტოვებდა.

ლიპკემ რამდენიმე მსგავსი ხრიკი მოიფიქრა. მან ასევე თავის თავზე აიღო გერმანელი ოფიცრებისთვის გეტოში ჩამორთმეული ავეჯის მიწოდება. ავეჯთან ერთად ებრაელებიც გაჰყავდა. ამ შემთხვევაში ტვირთს არავინ ამოწმებდა.

იანისი მარტო არ მოქმედებდა: მის მიერ შექმნილ იატაჯქვეშა ქსელში 25-მდე ადამიანი მონაწილეობდა. გადარჩენილები უსაფრთხოდ უნდა გადაეყვანათ თავშესაფარში, გამოეკვებათ და ოპერაციის დასასრულს, ყველა ჯგუფი მცირე რაოდენობის იარაღით და ყუმბარებით აღეჭურვათ [1] ლიპკემ და მისმა თანამზრახველებმა საბრძოლო მასალა მიიღეს გერმანული სამხედრო სატვირთო მანქანის გატაცების შედეგად. [1]

იანისმა და მისმა ამხანაგებმა, საკუთარი სიცოცხლის და ოჯახების რისკის ფასად, შეძლეს გეტოდან და რიგა-კაიზერვალდის საკონცენტრაციო ბანაკიდან 56 ებრაელის გადაარჩენა გარდაუვალი სიკვდილისგან. 3-დან 3 მეტრამდე ბუნკერში, რომელიც ლიპკემ თავისი სახლის ეზოში გათხარა, ხშირად 8-დან 12-მდე ადამიანი იმალებოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ბუნკერიდან ერთი გასასვლელი იყო ძაღლების სახლის ქვეშ, მეორე კი დაუგავას სანაპიროსკენ. [3]

ისეც ხდებოდა რომ ლიპკასთან ფარულად მიდიოდნენ პატიმრები, რომლებმაც მოახერხეს გეტოს მავთულხლართების მიღმა გაქცევა. რიგის საჰაერო ხიდთან სატელეფონო ჯიხურში ფანქრით იანისის მისამართი იყო გამოსახული. ამ წყაროს შესახებ ინფორმაცია მეგობრებსა და ნაცნობებში გავრცელდა და გეტოს პატიმრებამდეც მიაღწია. რიგაში, ისევე როგორც მთელს ლატვიაში, იყვნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი საფრთხისა და რისკის ქვეშ მონაწილეობდნენ ებრაელი მოსახლეობის გადარჩენაში. მათ ერთად, სიცოცხლის რისკის ფასად, წითელი ამბარებიდან გადარჩენილი ებრაელები თავშესაფარში გადაიყვანეს. ომის ბოლოს, რიგის ებრაული მოსახლეობა თითქმის მთლიანად განადგურდა —- კერძოდ, ცნობილია მასობრივი სიკვდილით დასჯის ადგილები — რუმბულა და ბიკერნიეკი .

1 დეკემბერს ლიპკე რვა წლის შვილთან ერთად მორიგი ხოცვა-ჟლეტის მოწმე გახდა. მან თავის პატარა ვაჟს უთხრა: "აჰა, შვილო, შეხედე და დაიმახსოვრე ეს მთელი ცხოვრება".

1942 წლის დასაწყისში, რიგის გეტოს პატიმრების პირობების გამკაცრების შემდეგ, ლიპკემ, ისევე როგორც ბევრმა სხვა მცხოვრებმა, მოახერხა მავთულხლართების მიღმა საკვების გადატანა მცველების შეუმჩნეველად. იმ დროს გეტოში ცხოვრობდნენ უცხოეთიდან გადმოყვანილი ებრაელები. ლიპკე ხვდებოდა გადარჩენილებს, ინარჩუნებდა კავშირს გეტოს პატიმრებთან და, მათი თხოვნით, დაკარგულებს ეძებდა. შემდგომში მან დაიწყო გადარჩენილი პატიმრების დამალვა თავისი ფერმის რეშნის ტერიტორიაზე, კურზემეში . მძღოლები იანკოვსკი და ბრიედისი ეხმარებოდნენ ხალხის გადაყვანაში. როდესაც შუცმანებთან მივიდა ჭორები ლიპკეს საქმიანობის შესახებ, მოეწყო სასტიკი სპონტანური ჩხრეკა მისი სახლის ტერიტორიაზე კიფსალაში და ფერმაში. პოლიციის ძაღლების კვალის არევის მიზნით, ლიპკეს მეუღლემ იოჰანამ იყიდა და ეზოში დიდი რაოდენობით არომატული თამბაქო მიმოფანტა.

ომის შემდეგ

რედაქტირება
 
ჟანის ლიპკეს მემორიალი: "შავი ფარდული" — ხის ფარდულის სიმბოლო, რომლის ქვეშაც ლიპკემ დამალა ებრაელები.

ომის შემდეგ ლიპკე ცხოვრებდა და მოღვაწეობდა რიგაში. ბევრს მოგზაურობდა. გადარჩენილი ებრაელები ეხმარებოდნენ მის ოჯახს. 1960-იან წლებში იად ვაშემის მემორიალურმა კომპლექსმა დაიწყო აქტიური სამუშაოების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავდა ჰოლოკოსტის დროს ებრაელების მხსნელების ხსოვნას. მას შემდეგ, რაც შეაგროვა მდიდარი მასალა (მოწმეების ჩვენებები, ლიპკეს ნათესავებისა და ნაცნობების შუამდგომლობები, დოკუმენტური მონაცემები გერმანიის, ლატვიის, საბჭოთა არქივებიდან), იად ვაშემ გადაწყვიტა იანის და იოჰანა ლიპკეებისთვის მიენიჭებინა ტიტული "ერებს შორის მართალი". იერუსალიმში დოკუმენტების წარდგენის პარალელურად, ტრადიციის თანახმად, 1977 წელს იანისმა მართალთა ხეივანში ხე დარგო, როდესაც ისრაელს ეწვია. გმირის საპატივსაცემო ღონისძიება ემიგრანტთა ასოციაციის წევრებმა მოაწყვეს ლატვიიდან და ესტონეთიდან .

ჟანის ლიპკე გარდაიცვალა რიგაში 1987 წლის მაისში. დაკრძალეს რიგაში , ტყის სასაფლაოზე .

2012 წელს ქუჩაზე, სადაც იანის ლიპკე ცხოვრობდა, გაიხსნა მემორიალი.

ხელოვნებაში

რედაქტირება

2005 წელს რიგის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრში დაიდგა სპექტაკლი "ერთი თქვენგანი", რომელიც დაფუძნებულია ჟანის ლიპკეს დოკუმენტებსა და მოგონებებზე, რეჟისორი და სცენარის ავტორი — გენადი ტროსტიანეცკი.

2007 წლის 4 ივლისს, ებრაელთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, მოედანზე მემორიალის მახლობლად, რიგაში, გოგოლის ქუჩაზე, განადგურებული დიდი საგუნდო სინაგოგის ადგილზე, ჟანის ლიპკესა და ებრაელთა ყველა მხსნელის ძეგლი გაიხსნა. ებრაელების მხსნელთა ხსოვნის ხელშეწყობის ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად საუკეთესოდ აღიარეს სამხატვრო აკადემიის სტუდენტის ელინა ლაზდინის პროექტი. ძეგლი შეიქმნა ლატვიის სახელმწიფოს, რიგის საქალაქო საბჭოს, ლატვიის ებრაული თემების საბჭოსა და კერძო პირების ფინანსური მხარდაჭერით.

2007 წლის სექტემბერში რიგის საქალაქო საბჭომ გადაწყვიტა დაეფინანსებინა ჟანის ლიპკეს მემორიალი [4], რომლის შექმნა, საკუთარი ინიციატივით, წამოიწყო 1997 წელს ლატვიის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა მარის გაილისმა და მისმა მეუღლემ. არქიტექტორმა ზაიგა გეილიმ. [5]

2018 წელს გამოვიდა რეჟისორ დევის სიმანისის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი " მამა ღამე " ჟანის ლიპკეს გმირობის შესახებ, [6] ფილმი ლატვიის კულტურული ცხოვრების მოვლენად იქცა. ლიპკეს როლი შეასრულა მსახიობმა არტურს სკრასტიშმა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Д. Зильберман. «И ты это видел», Рига, «BOTA», 2006, ISBN 9984-19-970-3
  • Veilands Valdis «A hundred great Latvians» Riga, 2006. ISBN 998426288X
  1. 1.0 1.1 1.2 Владимир Линдерман. (2020-02-01) Список Липке. Кем был латышский праведник, спасший 56 евреев. Baltnews. ციტირების თარიღი: 2020-02-02.
  2. Михаил Губин. (2019-01-29) Линдерман о Жанисе Липке: герои не бывают ангелами в белоснежных одеждах. РИА Новости. ციტირების თარიღი: 2019-01-29.
  3. МЕМОРИАЛ ЖАНИСА ЛИПКЕ | Žaņa Lipkes memoriāls. www.lipke.lv. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-30. ციტირების თარიღი: 2019-01-29
  4. В Риге будет мемориал Жанису Липке. DELFI. ციტირების თარიღი: 2014-11-09.
  5. Марис Гайлис о Музее Липке в Риге: Истории не нужно стесняться. TVNET Rus. ციტირების თარიღი: 2019-01-29.
  6. Состоится премьера фильма «Отец Ночь» о спасавшем евреев Жанисе Липке. riga.lv. ციტირების თარიღი: 2019-01-29.