იაკობ რაინეგსი
იაკობ რაინეგსი (გერმ. Jacob Reineggs), ნამდვილი სახელი და გვარი — ქრისტიან რუდოლფ ელიხი (Christian Rudolf Ehlich) (დ. 28 ნოემბერი, 1744, აისლებენი, გერმანია, — გ. 7 აპრილი, 1793, სანქტ-პეტერბურგი) — გერმანელი ავანტიურისტი, მოგზაური, ექიმი და დიპლომატი.
საქსონიაში დაბადებულმა რაინეგსმა ახალგაზრდობაში არაერთ სხვადასხვა პროფესიაში სცადა ბედი: ლაიფციგში დასტაქრობდა, ვენაში მსახიობობდა, უნგრეთში ექიმობდა და პოლონეთში ბუნებისმეტყველებით იყო დაკავებული. 1774 წელს ოსმალეთის გავლით თბილისში ჩამოვიდა და მრავალმხრივი განათლების წყალობით მალე მოიპოვა მეფე ერეკლე II-ის ნდობა. იცოდა რამდენიმე აღმოსავლური ენა, ისწავლა ქართულიც. ერეკლე მეფემ კარის ექიმად დანიშნა, გერმანულ ენას ასწავლიდა კათოლიკე პატრების სკოლაში. მან თბილისში გახსნა სამედიცინო სასწავლებელი და ე. წ. საბატონიშვილო სკოლა. ქართველ სამხედროებს ასწავლიდა საარტილერიო საქმეს და დავით და ალექსანდრე ბატონიშვილების ერთ-ერთი მასწავლებელიც იყო. დიდ დროს უთმობდა სამთამადნო საქმეს, ხელმძღვანელობდა სტამბას (ვენიდან გამოიწერა სასტამბო მანქანა) და სხვ.
საქართველოს საქმეებში კარგად ჩახედული რაინეგსით დაინტერესდა გრიგოლ პოტიომკინი, რომელმაც ის თავისთან გაიწვია და მისი ნდობით აღჭურვილი პირი გახდა. 1782 წელს რაინეგსი საგანგებო დავალებით ჩამოვიდა საქართველოში ერეკლესა და იმერეთის მეფე სოლომონის კარზე, რათა ისინი რუსეთის მხარეზე გადაებირებინა. როგორც რუსეთის რეზიდენტმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოლაპარაკებებში, რომლებიც წინ უძღოდა გეორგიევსკის ტრაქტატის დადებას 1783 წელს. სიცოცხლის ბოლო წლებში პეტერბურგში ცხოვრობდა, ჰქონდა კოლეგიის მრჩევლის ჩინი, იყო მედიცინის კოლეგიის მდივანი. არჩეული იყო გეტინგენის მეცნიერებათა აკადემიის (1786) და გერმანიის საბუნებისმეტყველო აკადემიის „ლეოპოლდინის“ (1792) წევრად. გარდაიცვალა პეტერბურგში 1793 წელს.
რაინეგსის ნაშრომს „კავკასიის ისტორიულ-ტოპოგრაფიული აღწერა“ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოსა და კავკასიის ისტორიის წყაროს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Reineggs, J.: Allgemeine historisch-topographische Beschreibung des Kaukasus. T. 1. Aus dessen nachgelassenen Papieren gesammelt u. hrsg. v. F. E. Schröder. Gotha; Sankt Petersburg: Gerstenberg & Dittmar 1796.
- Reineggs, J.: Allgemeine historisch-topographische Beschreibung des Kaukasus. T. 2. Aus dessen nachgelassenen Papieren gesammelt u. hrsg. v. F. E. Schröder. Hildesheim, Sankt Petersburg: Gerstenberg & Dittmar 1797.
- მოგზაურობა საქართველოში = Reise in Georgien / იაკობ რაინეგსი; მთარგ.:გია გელაშვილი. თბილისი : არტანუჯი , 2002.
ლიტერატურა
რედაქტირება- გერმანელი დოკტორ იაკობ რეინგესი მეფე ერეკლეს კარზედ რუსთაგან კომისრათ და მინისტრათ დანიშნული საქართველოში / ზ. ჭიჭინაძისა. ტფილისი, 1920.
- იაკობ რეინეგსი საქართველოში / დალილა ბედიანიძე // ლიტერატურა და ხელოვნება. - თბილისი, 1991. - N4. - გვ.203-240.
- Heinrich Schipperges: Jacob Reineggs (1744-1794): Arzt, Orientalist und Abenteurer. In: Wilhelm Hoenerbach (Hrsg.): Der Orient in der Forschung: Festschrift für Otto Spies zum 5. April 1966. Harrassowitz, Wiesbaden 1967, S. 586–597.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იაკობ რაინეგსი — უცხოელები თბილისის შესახებ.