თხოთის მთის სამაროვანი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

თხოთის მთის სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის სამხრეთით, თხოთის მთის დაბლა კალთებზე, თბილის-გორის გზის მარცხენა მხარეს, ტერასებზე. თარიღდება lV-V საუკუნეებით. 1975 წელს, გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ნასტაკისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ა. ბოხოჩაძე). გამოვლინდა 25 სამარხი. სამარხები ოთხი ტიპისაა: თიხის სარკოფაგები, აგურით ნაგები და მუხის ძელით გადახურული სამარხები, კატაკომბური სამარხები და ორმოსამარხები.

თიხის სარკოფაგები დამზადებულია მსხვილმარცვლოვანი თიხისგან, გამომწვარია მოწითალოდ, არათანაბრად. მათ წაგრძელებული ოვალის ფორმა აქვთ (სიგრძე 1,5-2,1 მეტრი, სიგანე 0,6-0,7 მეტრი, კედლის სიმაღლე 0,32-0,4 მეტრი, სისქე 0,01-0,02 მეტრი), ახურავთ თიხისავე ბრტყელი სახურავი, რომლის გადმოკეცილი ნაპირები კარგად ჯდება სარკოფაგის კედლის წიბოზე. ძირზე დატანებული აქვთ 8-10 ნახვრეტი. სარკოფაგებს დგამდნენ ორმოში, ხოლო ზევიდან გარდიგარდმო აფარებდნენ ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილ მუხის 6-8 ძელს (სიგრძე საშუალოდ 1,3-1,4 მეტრი; დიამეტრი 0,3-0,4 მეტრი), რომლებსაც რიყის მოზრდილი ქვებით ამაგრებდნენ.

აგურით ნაგები და მუხის ძელით გადახურული სამარხი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა. სამარხის გრძივი კედლები შეგდენილი იყო სამი, ხოლო განივი კედლები თითო კვადრატული აგურით (0,29x0,29x0,4 მეტრი), სახურავად გამოყენებული იყო ხის ძელი (სიგრძე 1,4 მეტრი, სიგანე 0,3 მეტრი).

კატაკომბური სამარხებისთვის მიწა ამოღებულია 1,2-1,5 მეტრ სიღრმეზე. მის ჩრდილო კედელში სამარხის ძირთან გამოთხრილია დამატებითი ორმო, რომელშიც შესვენებულია მიცვალებული. ამ ორმოზე აფარებულია თავბოლოშექცევით ცერად დაყენებული 3-6 ბრტყელი კრამიტი, ხოლო პირველი ორმო ამოვსებულია მიწით. მიცვალებულს მიწა არ აყრია.

გათხრილი სამარხების დიდ უმრავლესობას ორმოსამარხები შეადგენენ. დასაკრძალავი ორმოები უმეტეს შემთხვევაში ოვალური ფორმისაა (სიგრძე 1,2-1,8 მეტრი). ორმოსამარხები სამი სახისაა - მუხის ძელებით გადახურული, ქვის ფილებით გადახურული და მიწაყრილიანი სამარხები. გამოვლენილი ყველა სამარხი დამხრობილია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ. მიცვალებულები ასვენია სხვადასხვა პოზაში. დაკრძალვის გაბატონებული წესის დადგენა თუნდაც ერთი პერიოდის, IV ან V საუკუნეების სამარხების მიხედვით ვერ მოხერხდა. სამარხების დიდ უმრავლესობაში დადასტურებულია მიცვალებულის ზურგზე, გაშოტილი დაკრძალვა, ზოგ შემთხვევაში მიცვალებულებს ფეხები მუხლებში აქვთ მოხრილი, ზოგჯერ ხელები გულ-მკერდზე ან მუცელზე უწყვიათ, ხშირად გაჭიმული აქვთ ტანის გასწვრივ და ხელის მტევნები მენჯის ქვეშა აქვთ ამოდებული და ასე შემდეგ. დაკრძალვის ერთიანი წესი შეინიშნება კატაკომბურ სამარხებში, სადაც მიცვალებულები ძირითადად ზურგზე გაშოტილი წვანან, ფეხები მუხლებში აქვთ მოხრილი, ხოლო ხელები ტანის გასწვრივ უწყვიათ. რამდენიმე წყვილად სამარხებში ერთი მიცვალებული დაკრძალულია წარმართული, ხოლო მეორე - ქრისტიანული წესით. დაკრძალვის წესისა და სამარხეული ინვენტარის მიხედვით გამოიყოფა ორი ქრონოლოგიური ჯგუფი: IV საუკუნისა, რომელიც შეიცავს მდიდრულ ინვენტარს — ოქროს საიუველირო ნაწარმსა და მონეტებს; ასევე, V საუკუნისა, რომელიც შედარებით ღარიბულია ინვენტარით ან სრულიად არ შეიცავს სამარხეულ ინვენტარს.

ლიტერატურა

რედაქტირება