თუხარლები
თუხარლები (მხ. რცხ. თუხარელი) — წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო სამხრეთ საქართველოში. გვარის სახელწოდება წარმოდგება მისი სამამულე ციხე-ქალაქ თუხარისიდან (ტაო-კლარჯეთი). IX-XI საუკუნეებში თუხარისი იყო ჯაყელთა საგვარეულოს ცენტრი და ერისთავთა რეზიდენცია. ცნობილია XI საუკუნის მოღვაწე ბეშქენ I ჯაყელი, რომელიც თუხარისის ერისთავი იყო. შესაძლებელია, ის იყო თუხარელთა გვარის ფუძემდებელი. თუხარელი თუხარისის ქვეყნის პატრონი იყო. ცნობილია XI საუკუნის სასულიერო მოღვაწე საბა თუხარელი, რომელსაც ხშირად იხსენიებდნენ შუასაუკუნეების ქართული სულიერი კულტურის უდიდეს მოამაგეებთან, ექვთიმე და გიორგი ათონელებთან, იოანე პეტრიწთან და ეფრემ მცირესთან ერთად.
თუხარლებზე მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის რამდენიმე მინაწერი, რომელიც შესრულებულია XIV-XVI საუკუნეების ნუსხურ ხელნაწერთა აშიებზე. ურბნისის ოთხთავის აშიაზე მიწერილია თუხარელთა სახლის რამდენიმე წევრის სახელზე შესრულებული მოსახსენებელი:
„სულსა თუხარელსა იუთულსა და მისსა მემცხედრესა ულუპიას შეუნდოს ღმერთმან და მათსა ძესა ელიას და მისსა მეუღლესა შეუნდოს ღმერთმან“
|
ასევე ერთ-ერთი სვინაქსარის მოსახსენებელი ასახელებს თუხარელს ბატონს თახოს და მის თანამეცხედრეს როდამს, აგრეთვე ფილადელფის. მოხსენებული არიან თუხარლები ბოცო და ელია:
„სულსა სულკურთხეულსა სახელოანსა და სახელგანთქმულისა თუხარელ ბოცოს, ელიას შეუნდნენ და თანამეცხედრესა მისა შალიკაშვილს გურანდუხტს შეუნდნენ ღმერთმან...“
|
აღნიშნულ ხელნაწერებზე დართული სამცხე-საათაბაგოს მმართველი ფეოდალური სახლების: ჯაყელების, ფანასკერტელების, შალიკაშვილების გვერდით თუხარლების მოხსენიება აშკარად მიუთითებს ამ საგვარეულოს დაწინაურებული მდგომარეობის შესახებ.
1516 წლის სამცხე-საათაბაგოს თავადთა ნუსხა ასახელებს თუხარლებს სასაფლაოთი, მონასტრითა და კარის ეკლესიით. თუხარლები მოიხსენიებიან იმ შვიდ ძირძველ საგვარეულოთა შორის, რომელთა მფლობელობა საკუთარ მამულებზე არ შეწყვეტილა.
1578 წელს ლალა ფაშა მთლიანად იპყრობს სამცხე-საათაბაგოს. იქ დარჩენილი ქართველი თავადები: ჯაყელები, შალიკაშვილები, თავდგირიძეები, დიასამიძეები, თუხარლები და სხვები ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებით ”არღარა იწოდებიან გუარითა, არამედ ფაშად, ბეგად და სანჯახად”. ასეთ პერსპექტივას ვერ ეგუება მესხი თავადი ამოან თუხარელი რომელიც ოჯახთან ერთად, XVII საუკუნის 20-იან წლებში ტოვებს სამცხე-საათაბაგოს და გადმოდის შიდა ქართლში.
ლიტერატურა
რედაქტირება- მზია სურგულაძე, ქართულ ფეოდალურ საგვარეულოთა ისტორიიდან, თბ., 1999