თოღონ თემურ-ყაენი (მონღ. Тогоонтөмөр хаан), ჩინეთში ცნობილია როგორც იმპერატორი ხუეიწუნგი (ჩინ.: 惠宗; დ. 25 მაისი, 1320 — გ. 23 მაისი, 1370) — იუანის დინასტიის წარმომადგენელი. ხუთუღთუ-ყაენის უფროსი ვაჟი. მონღოლეთის მეთხუთმეტე დიდი ყაენი, იუანის დინსტიისა და ჩინეთის იმპერატორი 1333–1368 წლებში. მის დროს გამოეყო ჩინეთი მონღოლეთს, სადაც გამეფდა მინის დინასტია. ამის შემდეგ მან ჩამოაყალიბა ჩრდილოეთ იუანის დინასტია, რომლის პირველი ხანიც თავადვე გახდა და რომელმაც XVII საუკუნემდე იარსება.

თოღონ თემურ-ყაენი
მონღოლთა იმპერიის მე-15 დიდი ყაენი და
იუანის დინასტიის მე-11 იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 19 ივლისი, 1333
მმართ. დასასრული: 1368
წინამორბედი: რინჩინბალ-ყაენი
მემკვიდრე: გადაკეთდა ჩრდილოეთ იუანის იმპერიად
ჩრდილოეთ იუანის დინასტიის ხანი
მმართ. დასაწყისი: 1368
მმართ. დასასრული: 23 მაისი, 1370
წინამორბედი: წოდება შეიქმნა
მემკვიდრე: ბილიღთუ-ხანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 მაისი, 1320
გარდ. თარიღი: 23 მაისი, 1370, (49 წლის)
მეუღლე: დანაშირი
ბაიან ხუთუღი
ჩი
დინასტია: იუანის დინასტია
მამა: ხუთუღთუ-ყაენი
დედა: მაილაიტ ჩაღათაელი
რელიგია: ტიბეტური ბუდიზმი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

თოღონ თემური დაიბადა 1320 წლის 25 მაისს ჩაღათას ულუსში. იგი იყო გადასახლებაში მყოფ მონღოლეთის ყაენ ჯაიათუს უმცროსი ძმის, ხუთუღთუსა და მისი პირველი ცოლის, მაილაიტის ერთადერთი საერთო შვილი. აღსანიშნავია, რომ დედამისი ჩაღათას ულუსის ხანის ასული იყო. არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ მაილაიტს სამხრეთ ჩინეთის იმპერატორ ჯონგ სონთან ჰქონდა რომანი, რის შედეგადაც დაიბადა თოღონ თემური. ამის გამო ბევრი მას უკანონო შვილად მიიჩნევდა.

მონღოლეთის სამოქალაქო ომი, რომელიც „ორი დედაქალაქის ომის“ სახელითაა ცნობილი, დაიწყო 1328 წელს იესუნ-თემურ ყაენის გარდაცვალებით. ამ ომში ერთმანეთს დაუპირისპირდა თოღონის ბიძა, ჯაიათუ და იესუნ-თემურის ვაჟები. 1329 წელს ჯაიათუმ მოახერხა და მონღოლეთის ყაენი გახდა, მაგრამ იმავე წელს იგი თოღონ თემურის მამამ, ხუთუღთუ-ყაენმა ჩამოაგდო. 1329 წლის 30 აგვისტოს ხუთუღთუ-ყაენი გარდაიცვალა და ტახტი კვლავ ჯაიათუმ დაიკავა. ივარაუდება, რომ ხუთუღთუ მოწამლეს. მოწამვლაში ბრალი თოღონ თემურს დასდეს, რაც ხუთუხთუს მეშვიდე ცოლის, ბაბუშა ხათუნის ინტრიგების დამსახურება იყო, რომელსაც ტახტზე თავისი ვაჟის, რინჩინბალის დასმა სურდა. საპასუხოდ მაილაიტ ჩაღათაელმა სიკვდილით დასაჯა ბაბუშა ხათუნი, მისი ვაჟი კი კორეაში გადაასახლა. მიუხედავად ამისა, ყაენმა ხუთუღთუს მოწამვლა თოღონ თემურს დააბრალა, რომელიც დედასთან ერთად გაიქცა სამხრეთ ჩინეთში.

1332 წელს, ჯაიათუ-ყაენის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ მისმა ქვრივმა, ბუდაშირ ხათუნმა მემკვიდრედ რინჩინბალი დაასახელა, რომელიც კორეიდან დააბრუნეს და ყაენად გამოაცხადეს, თუმცა იგი ამ დროს სულ 6 წლის იყო. სულ რამდენიმე თვეში მცირეწლოვანი ყაენი გარდაიცვალა, რაღათქმაუნდა უშვილოდ, რის გამოც ტახტი მისმა ძმამ, თოღონ თემურმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ სწორედ რინჩინბალს ჩამოჰყვა კორეიდან თოღონის მესამე და საყვარელი მეუღლე, დედოფალი ჩი.

მმართველობა

რედაქტირება

ადრეული მმართველობის წინააღმდეგობები

რედაქტირება

თოღონ თემურის მმართველობა თავიდანვე დესპოტურად დაიწყო. მან თავისი ბიცოლა, ქვრივი დედოფალი ბუდაშირი ერთ ოთახში გამოკეტა და მცველები მიუჩინა. გარდა ამისა, განიზრახა იმპერია თავისი მტრებისაგან „გაეწმინდა“, რასაც საშინელი სისხლის ღვრა მოჰყვა. მან სასტიკად ჩაახშო თავისი ბიძაშვილის, ბაიანის აჯანყება, რომელსაც შემდგომში თავი მოჰკვეთა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მან თავისი მესამე და საყვარელი კორეელი მეუღლე, ჩი თავის კონსორტად, ანუ დედოფლად გამოაცხადა, რაც მონღოლეთში უპრეცედენტო შემთხვევა იყო. 1339 წელს ჩიმ მას ვაჟი გაუჩინა, რომელიც თავის მემკვიდრედ გამოაცხადა, თუმცა სულ რამდენიმე თვეში დაიღუპა.

სულ მალე მონღოლეთში დამყარდა ავტორიტარული მმართველობა, რის გამოც 1340 წელს რამდენჯერმე სცადეს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, თუმცა ამაოდ. ამის გამო დედოფალი ბუდაშირი და თავისი ბიძაშვილები დედაქალაქიდან გააძევა. ამას გარდა, მან დაითხოვა ყველა ის ადმინისტრაციული პირი, რომლებიც გარკვეული ძალაუფლებით სარგებლობდნენ.

იმპერიის გაყოფა

რედაქტირება

1340-იან წლებში თოღონ თემურის სამფლობელოებში გახშირდა მიწისძვრა, გვალვა და სტიქიური უბედურებები, რასაც მოსახლეობის დიდ ნაწილში შიმშილობის დაწყება მოჰყვა. ეფექტიანი პოლიტიკის არ არსებობამ ყაენს ხალხის მხარდაჭერა დააკარგვინა. საბოლოოდ, 1348 წელს ქვეყანაში აჯანყებამ იფეთქა, რომელიც მალე გავრცელდა. 1351 წელს დაიწყო „წითელი ტურბანის“ სახელით ცნობილი აჯანყება, რომელიც თავისი მასშტაბებით ყველაზე ვრცელი იყო.

1354 წელს თოღონ თემურის არმია თითქმის მთლიანად შეეწირა „წითელი ტურბანის“ აჯანყების ჩახშობას. ამის შემდეგ მცირე ხნით აღსდგა ცენტრალური ხელისუფლება, თუმცა მალევე დასუსტდა. ყაენს სხვა გზა აღარ დარჩა და ადგილობრივი მეომრების იმედად დარჩა.

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ თოღონ თემურმა დაკარგა ინტერესი პოლიტიკის მიმართ და საერთოდ აღარ ერეოდა მასში. ამ დროს ხელისუფლება მისი ცოლის, დედოფალ ჩის ხელში გადავიდა. 1364 წელს მინისტრებმა დედოფლისა და ხანის წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყეს და მათი დამხობა სცადეს, თუმცა ყაენის არმიამ შეძლო ამბოხების ჩახშობა.

ჩრდილოეთ იუანის ხანი და გარდაცვალება

რედაქტირება

1365 წლიდან სამხრეთ ჩინეთში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თაოსნობით აჯანყებამ იფეთქა, რომელიც თოღონ თემურის ჯარმა ვერაფრით ჩაახშო. საბოლოოდ, 1368 წელს აჯანყებულთა მეთაურმა ჯუ იუანჯანმა დაამარცხა იუანის დინასტიის არმია, დამოუკიდებლობა გამოაცხადა და თავად ჩინეთის იმპერატორი გახდა. ამრიგად დაიშალა იმპერია, რომელიც თოღონ თემურის დიდმა ბაბუამ, ჩინგიზ-ყაენმა შექმნა.

თოღონ თემური ჩრდილოეთ იუანის დინასტიის პირველი ხანი გახდა. აღსანიშნავია, რომ შემდეგ წლებში აჯანყებები და შეთქმულებები კვლავ გრძელდებოდა, რაც 1370 წლის 23 მაისს თოღონ თემურის გარდაცვალებით დასრულდა. ამით შეწყდა იუანის დინასტია და ტახტი ბილიღთუ-ხანმა დაიკავა. მიუხედავად ამისა, მონღოლეთმა შეინარჩუნა თავისი ძლიერება და დიდი მიწები, რომელიც გადაჭიმული იყო ალტაის მთებიდან წყნარ ოკეანემდე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • J. J. Saunders The History of Mongol Conquests
  • René Grousset The Empire of Steppes
  • Stearns, Cyrus (2010). The Buddha from Dölpo : a study of the life and thought of the Tibetan master Dölpopa Sherab Gyaltsen (Rev. and enl. ed.). Ithaca, NY: Snow Lion Publications. pp. 30–31. ISBN 9781559393430.
  • Kyung Moon Hwang A History of Korea, London: Palgrave, 2010 page 56
  • Farmer, Edward L., ed. (1995). Zhu Yuanzhang and Early Ming Legislation: The Reordering of Chinese Society Following the Era of Mongol Rule. BRILL. p. 21. ISBN 9004103910.