თორდოვათის ციხე
თორდოვათის ციხე — არქიტექტურული ძეგლი თურქეთში. მდებარეობს მდინარე ყიბლედაღ-დერეს აღმოსავლეთით.
ის თავის მხრივ, იუსტინიანეს დროინდელ თეოდორიადას უნდა შეესატყვისებოდეს. ტოპონიმი მთავარსარდალ თეოდორეს უკავშირდება, რომელმაც თავი 553-555 წელს სპარსელ-მისიმიანელების წინააღმდეგ ბრძოლით და თავისი თანატომელების ანტიბიზანტიური აჯანყების ჩაქრობით გამოიჩინა . „ორენტიოსის მარტვილობაის’’ მიხედვით კორდილონში ქრისტიანობისთვის წამებული ფარნაკიოსი მიიცვალა. აღსანიშნავია, რომ მის პერიოდში უნდა მომხდარიყო რიზეს დაკნინებაც. პროკოპი კესარიელი იუსტინიანეს მიერ ციხის აღდგენამდე არსებულ დასახლებაზე საუბრობს . ისევე როგორც რეგიონის სხვა ადგილებში, იუსტინიანემ აქაც სერიოზული სამშენებლო საქმიანობა გააჩაღა. კერძოდ კი ახლად დაფუძნებულ თორდოვათის ციხეში, ჭანთა აჯანყების დროს 556 წელს ბიზანტიელთა ჯარი დაბანაკდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ძეგლის მოძიება საკმაოდ გაჭირდა. ციხიდან მოშორებით, ზღვასთან ახლოს იყო მეორე ციხე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა სივრი კალეს ეძახდა. ციხის სხვადასხვა სახელწოდება დღემდე შემორჩენილია ადგილობრივ მოსახლობაში და მას სივრი-კალის, გენუელების ციხის, რუმ-კალის, კალეჯუკის, ზილეღიკალეს სახელწოდებებით მოიხსენიებენ. სამწუხაროდ, გზის მშენებლობისას ციხის ძირითადი ნაწილი დაინგრა 1957 წელს. ბრაიერისა და ვინფილდის მონაცემებით, მხოლოდ ცენტრალური კოშკის სამხრეთი კედლის და გარე ფორტიფიკაციის ნაწილი გადარჩა. კედლები უწესრიგოდ დალაგებული ქვებითაა ნაშენი, თუმცა კვადრებით ნაგებ ზედა ნაწილს უფრო რეგულარული მშენებლობის კვალი ატყვია. გამოყენებულია კირ-ხსნარი, რომელშიც ქვები და ქვიშაა გარეული. კოშკს სამზე მეტი სართული აქვს. ზედა სართულზე ოთხკუთხა მოყვანილობის სარკმელია, ხოლო მის ქვემოთ გარედან მომრგვალებულ-თაღოვანი და შიგნიდან ოთხკუთხა სარკმელი, რომელიც მოგვიანებით გაამაგრეს. ტერიტორია, სადაც ციხესიმაგრეა აშენებული თანამედროვე ცენტრალური ტრასიდან კილომეტრშია, ხოლო პირდაპირ ზღვის სანაპირო ზოლიდან კი 70-100 მეტრში. უშუალოდ ციხესიმაგრე მდინარე კალეჯუკის შესართავის მარცხენა მხარეს არსებულ შემაღლებულ კონცხზეა დაშენებული.
ეს ტერიტორია ზღვისაკენ წინ სოლისებურადაა შეჭრილი. კონცხის ზედა, სამხრეთდასავლეთი მონაკვეთი შედარებით ფართეა, ხოლო ჩრდილოეთით, ზღვაის სანაპირო ზოლისაკენ ვიწროვდება და მკვეთრად დახრილი კლდოვანი კალთებით მთავრდება. ასეთივე კლდოვანი რელიეფია დამახასიათებელი კონცხის აღმოსავლეთი მონაკვეთისათვის მდინარის სანაპირო ზოლამდე და დასავლეთითაც. ასე, რომ მშენებლებს თავის დროზე ციხისათვის საკმაოდ კარგი სტრატეგიული ადგილი შეურჩევიათ. აქედან დიდ პერიმეტრზე შესანიშნავად მოსჩანს ზღვაის სივრცე ყველა მიმართულებით. მათ შორის კიზ-კალეს საფორტიფიკაციო ნაგებობაც. ციხესიმაგრეს შეეძლო კარგად გაეკონტროლებინა აქ გამავალი როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო გზები. აქაურთა გადმოცემით ციხის ნაშთები თითქმის ბოლო დრომდე კარგად იყო შემორჩენილი, მაგრამ ზღვის სანაპირო ზოლში ცენტრალური ტრასისა და სოფლისაკენ მიმავალი საავტომობილო გზების გაყვანის დროს მისი დიდი ნაწილი დაინგრა. ფაქტობრივად კონცხისა და მასზე მორგებული ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი მონაკვეთები განადგურდა. ზოგგან გზებისათვის დაჭრილი კლდოვანი რელიეფის სიმაღლე 25-30 მეტრსაც კი აღწევს. დაახლოებით 1 ჰექტარს მოიცავს ციხის დღემდე მოღწეული მთლიანი ტერიტორია. მაღალი ხეებით და ეკალ-ბარდითაა დაფარული მთელი ფართობი. ზედაპირული დათვალიერებით ჩანს, რომ ნაგებობათა ნაშთები თითქმის საძირკვლის დონემდეა დანგრეული. შედარებით კარგადაა გადარჩენილი კლდოვანი ბორცვის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში შემორჩენილი ნაშთები. იგი აშკარად გვიანრომაული ეპოქის კედლებისათვის დამახასიათებელი წყობითაა წარმოდგენილი. ნაგებობა ნაშენებია ქვიშაქვის კარგად დამუშავებული კვადრებით, რომელთა შემაკავშირებლად კირხსნარის თხელი ფენაა გამოყენებული. შემორჩენილი კედლის მაქსიმალური სიმაღლე ამ მონაკვეთში 2,5 მეტრს აღწევს. როგორც ჩანს, კედლის ეს ნაწილი თავის დროზე აქ არსებული რომელიღაც ნაგებობის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც სოფლისკენ მიმავალი საავტომობილო გზის მშენებლობისას განადგურდა.
საძირკვლის ნაშთები შემორჩენილია ასევე ბორცვის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთში თუ ზღვისკენ წაზიდული კონცხის ჩრდილოეთ ნაწილშიც. კონცხის ცენტრალურ მონაკვეთში და აღმოსავლეთითაც გვხვდება განსხვავებული ქვის წყობებით წარმოდგენილი საძირკვლის ნაშთები, ან კიდევ კედლის ერთი ან ორი რიგი. ისინი არცთუ ისე კარგად დამუშავებული, სხვადასხვა ზომის ქვიშაქვის ქვებითაა ნაგები. არაა გამორიცხული, ეს საამშენებლო ფენა ბიზანტიურ პერიოდს უკავშირდებოდეს. ციხის ტერიტორია ვრცელდება სამხრეთ-დასავლეთითაც. აქ ზედაპირული დათვალიერებით არ დასტურდება რაიმე ნაგებობის ნარჩენები, თუმცა ჩანს ე.წ. ,,მოხალისე არქეოლოგთა“ საქმიანობის საკმაოდ ძლიერი კვალი. ოქროსმაძიებლებს გადაუთხრიათ აქაურობა. ციხის ტერიტორიის დათვალიერებისას გვხვდებოდა კერამიკული მასალის ფრაგმენტებიც, რომელთა შორის განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს ე.წ. სოლენის ტიპის კრამიტის ნატეხები. მათში დასტურდება როგორც ადრეული, ისე შედარებით მოგვიანო პერიოდის ნიმუშებიც. ვფიქრობთ, ციხესიმაგრე ფუნქციონირებას იწყებს გვიან რომაულ ეპოქაში, ხოლო არსებობას აგრძელებს ადრებიზანტიურ ხანაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 35-36 ISBN 978-9941-0-6458-6.