თვალთეთრასებრნი
თვალთეთრასებრნი[1] (ლათ. Zosteropidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 10–14 სმ, მასა 8–15 გ. შებუმბვლა ფაფუკია, ზურგის შეფერილობაში ჭარბობს მომწვანო და ყვითელი ტონები, მუცელი უფრო ღიაა. ოჯახის სახეობათა უმრავლესობას თვალის გარშემო წვრილი აბრეშუმისებრი ბუმბულებისგან შემდგარი თეთრი წრე ან ლაქა აქვთ (აქედან სახელწოდება). ფრთები მომრგვალებულია, ფეხები მოკლე, ბოლო სწორი ან ოდნავ ამოჭრილი. ნისკარტი წვრილი, მახვილი, პირის კუთხეებში ჯაგარია გაზრდილი; ენა ბოლოში გაყოფილია. სქესობრივი დიმორფიზმი არ არის გამოხატული. ცნობილია 14 გვარი და 140-მდე სახეობა.[2] გავრცელებული არიან აფრიკის, აზიისა და ავსტრალიის ტროპიკულ ოლქებში, ზოგიერთი ჩრდილოეთით ზომიერ სარტყელშიც შედის. ტროპიკული განედების სახეობები მკვიდრი ფრინველები არიან, დანარჩენი — გადამფრენი. უპირატესობას ანიჭებენ ტყის ლანდშაფტებს, მთებში აღწევენ ხეებისა და ბუჩქნარის გავრცელების ზემო საზღვრებამდე. მისდევენ მეხეურ, ხშირად გუნდურ, ცხოვრების წესს. იკვებებიან მწერებით, ხილით, კენკრით, თესლებით და სხვ.; ზოგიერთ რაიონში მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ ბაღებს. მონოგამები არიან. ჯამისებრ ბუდეს აგებენ ტოტების განშტოებებზე, ღარებში აფენენ ცხოველების ბეწვს. დებენ 2–4 კვერცხს. ბუდის მშენებლობაში, კრუხობასა და ბარტყების გაზრდაში ორივე მშობელი მონაწილეობს. ბევრი თვალთეთრა მჟღერი გალობით გამოირჩევა. რიგი სახეობები შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში.
თვალთეთრასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
იაპონური თვალთეთრა (Zosterops japonicus) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Zosteropidae (Bonaparte, 1853) | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Иваницкий В. В. БЕЛОГЛАЗКОВЫЕ // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 228.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 10, 116, 235.
- ↑ Gill, Frank; Donsker, David, eds. Sylviid babblers, parrotbills, white-eyes. World Bird List Version 9.1. International Ornithologists' Union (2019). ციტირების თარიღი: 25 იანვარი, 2019.