თეჟარუიქი (სომხ. Թեժառույք) — XII საუკუნის ფორტიფიცირებული ქართული მონასტერი სოფელ მეღრაძორის სამხრეთ-დასავლეთით, კოტაიქის პროვინციაში, თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე. მდებარეობს ტყით შემოსილ მაღლობზე. აიგო ივანე მხარგრძელის განკარგულებით, 1196-1199 წლებში. ტაძარში არის ივანეს ყმა ბუბასა და მისი მემკვიდრეების საგვარეულო საძვალე.[1]

თეჟარუიქის მონასტერი

ოქტომბერი, 2014

თეჟარუიქი — სომხეთი
თეჟარუიქი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°35′52″N 44°38′41″E / 40.597816° ჩ. გ. 44.644806° ა. გ. / 40.597816; 44.644806
რელიგიური კუთვნილება სადავო
ქვეყანა სომხეთი
პროვინცია კოტაიქის პროვინცია
ადგილმდებარეობა მეღრაძორი
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი მონასტერი
ხუროთმოძღვრული სტილი ბაზილიკა
თარიღდება 1196-99

არქიტექტურა

რედაქტირება

თეჟარუიქის მონასტრის სექცია შემოზღუდულია დაბალი ქვის კედლით. თავად ბაზილიკა ერთადერთი ასე თუ ისე დაუზიანებელი შენობაა კომპლექსის ტერიტორიაზე. შენობის შემადგენელი ნაწილებია გავიტი, სამლოცველო დარბაზი და პორტიკი ეკლესიის შესასვლელში. ტაძრის ბჭე და მისი ჩარჩო შემკულია ვაზისა და ყურძნის მტევნების ჰორელიეფებით. ტიმპანი ჭიშკრის თავზე, რომელზეც ოდესღაც ეპიგრაფი და ფრესკა იყო განთავსებული, დღეს იმდენად არის დაზიანებული, რომ გარჩევა შეუძლებელია. თუმცა, თავდაპირველი ბათქაში კვლავაც არის შემორჩენილი კარის ზღუდარზე. გავიტის მიღმა მდებარეობს მთავარი სამლოცველო დარბაზი - დიდი კაპელა, რომლის ჭერსაც კამარა წარმოადგენს. იგი თითქმის მთლიანად არის მოკლებული აშენების შემდგომ შელამაზებას. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ექვსივე საყრდენი სვეტის თავზე მოთავსებული კაპიტელები, რამდენადაც თითოუელი მათგანის დიზაინი უნიკალურია. ერთ-ერთი მათგანი, წარმოადგენს თლილი ქვის ბლოკს და მასზე გამოსახულია გუმბათოვანი ტაძრის გვერდხედი (მარცხენა მხარეზე), ჯვარი (შუაში) და ადამიანი, რომელსაც მოსავს გრძელი კაბა და მოხრილი აქვს ორივე მკლავი (ტაძრისა და ჯვრისაგან განცალკევებით, მარჯვენა მხარეზე). დიდ აფსიდაში გამოჭრილია ოთხი მცირე ზომის ნიშა დაბალ სიმაღლეზე, ერთი მოზრდილი ნიშა მარჯვენა მხარეს და ერთიც საკურთხევლისაგან მარჯვნივ. მთავარ დარბაზს მარცხენა მხრიდან მიშენებული აქვს დამატებითი პატარა სამლოცველო ოთახი. ბაზილიკის მეორე შესასვლელი გადის პორტიკში და კედელი მისი ჩარჩოს გარშემო გაფორმებულია რამდენიმე უნიკალური ბარელიეფით. პორტიკის ზემოთ ამოჩუქურთმებულია ფრინველის ჰორელიეფი. ასეთივე გამოსახულება არის აფსიდის სარკმლის თავზეც, სადაც ორი ფრინველის გამოსახულება გვერდი-გვერდ არის ჩასმული მართკუთხა ჩარჩოში.

დიდი ზომის ქართული ასომთავრული წარწერები არის გამოკვეთილი ტაძრის მთელ სიგრძეზე, სახურავის შვერილების შემკობილობის ქვეშ.

ეკლესიის გარშემო, კვლავაც ეტყობა სხვა სამონასტრო შენობების არსებობის კვალი. ბაზილიკიდან რამდენიმე მეტრში შემორჩენილია პატარა სამლოცველოს დაბალი კედლები. შენობა მოიცავდა ერთ ოთახსა და აფსიდას. მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები (2014 წლის ოქტომბრის მონაცემით). ადგილზე ხდება ნიადაგის მოშორება, რათა გამოჩნდეს საძირკველი. ამ ბოლო წლებში, მთავარი ეკლესიის ფასადი და ინტერიერი ძლიერ არის ვანდალიზებული გრაფიტის საღებავით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Kiesling, Brady; Kojian, Raffi (2005) Rediscovering Armenia: Guide, 2nd, Yerevan: Matit Graphic Design Studio, გვ. 96. ISBN 99941-0-121-8. 
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: