თეოფილე ხუცესმონაზონი
თეოფილე ხუცესმონაზონი — XI საუკუნის II ნახევრის და XII საუკუნის დამდეგის ქართველი მწერალი, მთარგმნელი.
მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლში, ღვთისმშობლის მონასტერში. თავის მოძღვრად და მასწავლებლად მიიჩნევდა გიორგი მთაწმიდელს. ლიტერატურული მოღვაწეობა დაუწყია მეფე გიორგი II-ის დავალებით, არაუადრეს 1073 წელს. მარიამ დედოფლისეული „ქართლის ცხოვრების“ მინაწერის თანახმად, 1114 იგი ეფრემ მცირესთან, არსენ იყალთოელთან და იოანე ტარიჭისძესთან ერთად ჩამოსულა საქართველოში.
თეოფილე ხუცესმონაზონს მეტად ნაყოფიერად უმოღვაწია სასულიერო მწერლობის მრავალ დარგში. მას დიდი წვლილი მიუძღვის მეტაფრასული მწერლობის განვითარებაში. თარგმნა მეტაფრასული ხასიათის ჰაგიოგრაფიული და ჰომილეტიკური თხზულებანი, მ.შ. აღსანიშნავია სვიმეონ მეტაფრასტის საკითხავები (სექტემბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეთა), აგრეთვე ეპიფანე კვიპრელის, ანასტასი სინელის, კირილე ალექსანდრიელის, იოანე ოქროპირის თხზულებანი. მასვე ეკუთვნის თეოდორიტე კვირელისა და ეპიფანე კვიპრელის დოგმატიკურ თხზულებათა თარგმანები. ეგზეტიკურ თხზულებათაგან მისი თარგმნილია იოანე ოქროპირისეული კომენტარები ძველი აღთქმის წიგნებისა. თეოფილე ხუცესმონაზონის მთარგნელობით მოღვაწეობას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურის ურთიერთობის ისტორიისათვის. ზოგი მისი ნათარგმნი თხზულების ბერძნულ დედანს ჩვენამდე არ მოუღწევია, მ.შ. უნდა აღინიშნოს თეოდორიტე კვირელის „აღსარება მართლისა სარწმუნოებისა“ და ილარიონ ქართველის „ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქცია.
ლიტერატურა
რედაქტირება- მიმინოშვილი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 656.