თეოფილე ხუსკივაძე
თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძე (ფსევდონიმები: „გლეხის შვილი“, „თ. კვალითელი“, „თარხანი“; დ. 1 იანვარი, 1860, კვალითი, — გ. 15 იანვარი, 1924) — ქართველი მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
რედაქტირებათეოფილე ხუსკივაძე დაიბადა შორაპნის მაზრის სოფელ კველეთში. 8 წლის ასაკში მშობლებმა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს. მისი დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო გორის საოსტატო სემინარიაში, რომელიც 1881 წელს დაამთავრა.
1881-1894 წლებში თეოფილე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მუშაობადა ყვირილის (დღევანდელი ზესტაფონი) სკოლაში. აქტიურად იყო ჩართული ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში: ავრცელებდა ჟურნალ-გაზეთებს, გახსნა წიგნის მაღაზია, სამკითხველო, ჩამოაყალიბა სცენისმოყვარეთა წრე, მოაწყო სცენა, სადაც მართავდა წარმოდგენებს.
16 წლის თეოფილე 1876 წელს თანამშრომლობას იწყებს გაზეთ „დროებასთან“, სადაც იბეჭდება მისი პირველი წერილი „შვილის აღწერა“. იგი წერდა ისტორიულ და საბავშვო მოთხრობებს, პიესებს, რეცენზიებს, მოგონებებს, ისტორიულ-არქეოლოგიურ აღწერილობებს. აქვეყნებდა მოთხრობებს სადაც ასახული იყო სწავლა-განათლებისა და პედაგოგიკის საკითხები და საკუთარი პედაგოგიური გამოცდილება.
1894 წელს თეოფილე წყვეტს პედაგოგიურ მოღვაწეობას და ინიშნება ქუთაისის საოლქო სასამართლოში. მუშაობდა მარტვილშის მომრიგებელ მოსამართლედ, ოჩამჩირეში ნოტარიუსად და ა.შ.
ოჩამჩირეში ნოტარიუსად მუშაობისას იგი აქტიურად ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. მისი მონდომებით გაიხსნა საურთიერთო ნდობის ბანკი, 1912 წელს — ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება, რომლის თავმჯდომარეც თავად იყო. განყოფილების ბაზაზე ფუნქციონირებდა წიგნსაცავ-სამკითხველო და ქართული პირველდაწყებითი სკოლა.
თეოფილე ხუსკივაძე ჩართული იყო ქუთაისის თეატრალურ ცხოვრებაში. იგი იყო 1903 წელს გახსნილი თბილისის დრამატული საზოგადოების ქუთაისის ფილიალის სათეატრო გამგეობის მუდმივი მდივანი. მას, ალექსანდრე გარსევანიშვილთან ერთად, ევალებოდა თვეში ერთხელ ფოთსა და ბათუმში წარმოდგენების გამართვა. ამის გარდა წერდა სათეატრო წერილებს, რეცენზიებს და პიესებს. 1901 წელს დაწერა სამმოქმედებიანი დრამა „ნინო“,1905 წელს — ორმოქმედებიანი დრამატული ეტიუდი „ეკატერინე ბატონიშვილი“, 1905 წელს ქუთაისის თეატრში დაიდგა თეოფილეს მიერ დაწერილი ისტორიული დრამა „მეფის მოღალატე ანუ დიდი როსტომ ერისთავი“ და სხვ.
1900-1906 წლებში ქუთაისის თეატრის რეპერტუარის შევსება-გამდიდრების მიზნით მან ქართულად თარგმნა ვიქტორ ჰიუგოს „ერნანი“, „განდევნილი“; ა. სტრინდბერგის „მამა“, „თვალთმაქცი ზღაპარი“; ბოგდანოვსკაიას „უმწეო ზღაპარი; ვოდევილის ერთმოქმედებიანი „გაფიცვა“.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ, რევ. კომიტეტის წევრად არჩეულმა, თეოფილემ ოჩამჩირეში შექმნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, გახსნა კლუბი, სადაც კითხულობდა ლექციებს აფხაზთა შორის ეროვნული თვითცნობიერების ასამაღლებლად. იყო ქუთაისის საეპარქიო საბჭოს წევრი.
თეოფილე ხუსკივაძე გარდაიცვალა 1924 წლის 15 იანვარს. 20 იანვარს დაკრძალეს ქუთაისში საფიჩხიის სასაფლაოზე.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ალექსანდრე ბატონიშვილი // ივერია. - 1902. N 262, 264, 265,267, 268.
- ბატონიშვილი ეკატერინე : (ისტორიული მოთხრობა). - ბათომი : კ. თავართქილაძის და მიქელაიშვილის წიგნის მაღაზიის გამოცემა N 50 და მათივე სტ., 1895.
- გურიის მთავარი მამია V (XIX-ს. I ნახ.) ისტორიული ამბავი (ვუძღვნი კნ. ელეონორა გურიელისას) // ივერია. - 1902. N176, 177.
- დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძე, მისი 40 წლის მოღვაწეობა და ქუთაისის ინტელიგენცია. - ქუთაისი (ი. კილაძის და ი. ხელაძის სტ.), 1905.
- თხზულებანი თეოფილე ხუსკივაძისა, 1881-1891 წ. - ახალ-სენაკი : კ. თავართქილაძის წიგნის მაღაზიის გამოც. N 25, (კ. თავართქილაძის სტ.), [1892].
- კონსტანტინე ბატონიშვილი : (ისტორიული ამბავი). - ქუთაისი : ალ. არაბიძის გამოცემა (ნ.ი. გამრეკელოვის სტ.), 1902.
- კორეია, მანჯურია და იაპონია : სადავო ადგილები და მათი მოკლე აღწერა. - ყვირილა : გამოცემა მ. გაჩეჩილაძისა N11, 1904.
- ლევან ბატონიშვილი : (ისტორიული მოთხრობა). - ქუთაისი : ქუთათური ამხ. გამოცემა N21, 1903
- საისტორიო და საარხეოლოგიო აღწერა ყვირილის ხეობისა // ივერია. - 1889. N 168,170,171,172.
- უკანასკნელი მეფე იმერეთისა სოლომონ მეორე : ისტორიული ამბავი (ავტორი). - ქუთაისი, ქუთაისელი, 1990.
- შვილის აღზრდა : პედაგოგიური წერილები. - თბილისი (გრ. ჩარკვიანის სტ.), [1890].
საბავშვი მოთხრობები
რედაქტირება- ორი პატარა იმერლის მოგზაურობა // ჯეჯილი. - 1892, N4 - გვ.8-16.
- პატარა დიაკონი // ჯეჯილი. - 1892, N6 - გვ.5-18.
- რათ გავჩენილვარ! : (პატარა ფუტკრის ნაამბობი) // ჯეჯილი. - 1905, N3 - გვ.24-32.
ლიტერატურა
რედაქტირება- გულდამაშვილი, ე. თეოფილე ხუსკივაძე და ქართული თეატრი // საბჭოთა ხელოვნება. 1967. N 3, - გვ. 62-64.
- იოსებ არიმათიელი (იმედაშვილი, ი.). თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძე (1860-1924) // თეატრი და ცხოვრება. 1924. N 5 (17 თებერვალი). - გვ. 12
- მესხი, თ. სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968. - გვ. 95-97.
- ხმალაძე, პ. თეოფილე ხუსკივაძე // თეატრალური მოამბე. 1969. N6, - გვ. 37-38.