თეკენთერის ჭა
თეკენთერის ჭა — კარსტული სიღრუე საქართველოში, ცაგერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხვამლის კირქვულ მასივში, სოფელ ნაკურალეშის მახლობლად. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 1620 მ სიმაღლეზე. სიღრმე 16 მ, ფსკერის ფართობი 35 მ², საერთო მოცულობა 360 მ³.[1][2]
თეკენთერის ჭა | |
---|---|
კოორდინატები: 42°31′11″ ჩ. გ. 42°43′29″ ა. გ. / 42.51972° ჩ. გ. 42.72472° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 1620 მ |
სიღრმე | 16 მ |
ჰავა | სტატიკური |
ჭა ებმის სანახევროდ წყლით ამოვსებულ ჰორიზონტალურ გვირაბს. გვირაბში ჩასვლა შესაძლებელია მხოლოდ დიდი წიფლის ფუღუროდან. ფსკერზე დაგუბებული წყლის სიღრმე 3–4 მ აღწევს. ჰავა სტატიკურია. ჭის ფსკერზე გამდინარე ცივ ანკარა წყალს იყენებენ სასმელად, განსაკუთრებით ხის მჭრელები და მწყემსები.[3]
მასში ჩარჩენილი ძველი თუნგები და სათლები მოწმობს, რომ ჭით დიდი ხანია სარგებლობენ. ჭის ფსკერზე მყოფ ადამიანს მისი სუბჰორიზონტალური გაგრძელებიდან (ტალანებიდან) ჩანჩქერის გრიალი ესმის. თეკენთერის ჭაში ჩასვლა შესაძლებელია მხოლოდ წიფლის ხის ფუღუროში შესვლით. ჭა წიფლის გაგრძელებაა ქვემოთკენ, წიფლის ფესვები ჭის კედლებშია გადგმული. თეკენთერის ჭა მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური ძეგლია.[4]
თავდაპირველად აქ უნდა ყოფილიყო ეგრეთ წოდებული „ორღანის მილი“, — ზედა ბოლოში დახშული ვერტიკალური სიღრუე, რომლის თავზე წიფელი ამოვიდა. ხის ფესვებმა ჩაანგრია სიღრუის თხელი თაღი. ჰაერში დაკიდულმა ფესვებმა კი შეწყვიტა ზრდა და დროთა განმავლობაში დაიშალა. წიფლის ქვედა ნაწილის შუაგულში, სადაც შეწყდა ნიადაგური მიწოდება, გაჩნდა ფუღურო, რომელიც შეუერთდა ჭას. თეკენთერის ჭა შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 21.
- ↑ ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.
- ↑ ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.
- ↑ 4.0 4.1 „საქართველოს სსრ წითელი წიგნი“, გამომცემლობა «საბჭოთა საქართველო», თბ., 1982. გვ. 184–185