თეთრი გზის ნასოფლარი

თეთრი გზის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანურთან, არაგვის ხეობაში. ნასოფლარი განლაგებულია მთის დამრეც კალთაზე და წარმოადგენს ტერასულ დასახლებას. 1988-1999 წლებში გაითხარა ქვის ღობით შემოვლებული ერთი საცხოვრებელი კომპლექსი. კომპლექსი შედგებოდა 4 ოთახისგან, რომელთაგან 2 საცხოვრებელი, 2 კი სამეურნეო დანიშნულებისა იყო. შენობები ნაგებია კლდის ფლეთილი ქვებით, რომლებიც ახლომახლო უხვად მოიპოვება. წყობა მშრალია. საცხოვრებელი შენობა შედგებოდა ერთმანეთთან კარით დაკავშირებული ორი სწორკუთხა ოთახისგან. კედლებში დატანებული იყო თაროები. კედლებს ძირზე შემოუყვებოდა „შემაღლება-ტახტი“. ოთახებში აღმოჩნდა ქვებით შედგენილი სწორკუთხა მოყვანილობის კერები. თუ ერთი საცხოვრებელი ოთახის იატაკი მიწატკეპნილია, მეორე ოთახის იატაკი ქვის ფილებით იყო მოგებული.

საცხოვრებელ ნაგებობაზე მიშენებული იყო სამეურნეო ნაგებობა, რომელსაც ცალკე შესასვლელი ჰქონდა და რომელშიც გამართული იყო ქვით ნაშენი საწნახელი და ყურძნის ტკბილის დასაგროვებელი კვადრატული მოყვანილონის აუზი. საცხოვრებელი შენობებისგან განსხვავებით საწნახელიცა და აუზიც კირხსნარზეა ნაშენი. საწნახელის გვერდები დამრეცია. ტკბილის დასაგროვებლად აუზისკენაა დახრილი საწნახელის ფსკერიც, რომელსაც შუაში მთელ სიგრძეზე დაუყვებათ ღარი. ამ ღარს აქეთ-იქიდან კიდევ სხვა ღარები უერთდება, რათა ყურძნის წვენმა შეუფერხებლად და ადვილად იმოძრაოს აუზისკენ.

საწნახელიანი ნაგებობის იატაკიც ქვის ფილებით იყო მოგებული. ამ ნაგებობიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით გაითხარა პატარა, ნახევრადმიწური სათავსი, რომელიც მასში აღმოჩენილი ქვევრის ფრაგმენტების მიხედვით შესაძლოა მარანი ყოფილიყო. ქვის ღობით შემოზღუდულ იმავე კომპლექსის ტერიტორიაზე კიდევ ერთი, ოღონდ ზომით რამდენადმე პატარა საწნახელი აღმოჩნდა. საცხოვრებელ-სამეურნეო კომპლექსი არქეოლოგიური მასალის მიხედვით XIII-XIV საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს. ერთ კომპლექსში ორი საწნახელის აღმოჩენა იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ არაგვის ხეობის მოსახლეობის სამეურნეო ყოფაში მევენახეობა-მეღვინეობას საკმაოდ დიდი ადგილი სჭერია. ნასოფლარი წარმოადგენდა ქალაქ ჟინვალის მკვებავ ერთ-ერთ პუნქტს. ნაქალაქარი ჟინვალი და „თეთრი გზის“ ნასოფლარი ეკონომიკურად ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მინდორაშვილი დ., საქართველოს არქეოლოგია, ნაწილი II-III, გამომცემლობა „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ბათუმი, 2015, გვ. 95-96.