თბილისის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თბილისის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი — (სააქციო საზოგადოება) ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის დარგის მოთავე დაწესებულება, რომელიც შეიქმნა ხუთი ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულების გაერთიანების შედეგად. 1930 წელს თბილისში ი. აბაკელიას თაოსნობით დაარსდა ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. 1990 წელს ინსტიტუტს ეწოდა ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ხოლო 2000 წლიდან მიიღო დღევანდელი სტატუსი. სხვადასხვა დროს ინსტიტუტს ხელმძღვანელობდნენ: ი. აბაკელია, ა. უშვერიძე გ. ინასარიძე, ო. ბათიაშვილი, ნ. გოგებაშვილი, 1995 წლიდან კი გ. ხეჩინაშვილი (2000 წლიდან კი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე).

1936 წელს ინსტიტუტი დაბა აბასთუმანში გადაიტანეს. 1949 წლიდან ისევ თბილისში დაბრუნდა. ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო ტუბერკულოზის პათოგენეზის მრავალფეროვანი ასპექტი, ეპიდემიოლოგია, დაავადების ადრეული გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი მეთოდების ძიება. 1995 წლიდან საქართველოში ინერგება ტუბერკოლოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც საფუძვლად დაედო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ტუბერკულოზთან და ფილტვის დაავადებასთან ბრძოლის საერთაშორისო კავშირის რეკომენდაციები და ამ დაავადებასთან ბრძოლის საერთაშორისო სტრატეგია. ტუბერკულოზის კონტროლის ცენტრის განყოფილება სახელმწიფო პროგრამის კორდინაციას ახდენს ქვეყნის მასშტაბით, ხელმძღვანელობს ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურით, მეთოდურ დახმარებას უწევს სპეციალიზებულ ქსელს, მონაწილეობს პროფილური სამსახურის დაგეგმარებასა და განვითარებაში. ცენტრის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები: ტუბერკულოზის კლინიკური და მოლეკულური ეპიდემიოლოგია, სპეციალური პრეპარატებისადმი მდგრადი ფორმების გავრცელების შესწავლა საქართველოს და კავკასიის რეგიონში, ტუბერკულოზისა და შიდსის პრობლემები, მულტირეზისტენტული ფორმების ქირურგიული მკურნალობა, ფილტვის სპეციფიკურ დაავადებების იმუნოლოგია.

ლიტერატურა

რედაქტირება