თამარ გოლანი (ებრ. תמר גולן‎, დ. 18 დეკემბერი, 1933, ჰაიფა — გ. 30 მარტი, 2011, ჰაიფა) — ისრაელელი ჟურნალისტი და დიპლომატი, განსაკუთრებით ცნობილი თავისი საქმიანობით ისრაელსა და აფრიკის ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, ასევე ცნობილია მისი ძალისხმევით — გაეუმჯობესებინა ცოდნა და ცნობიერება აფრიკული კულტურის შესახებ ისრაელში.

თამარ გოლანი
დაბადების თარიღი 18 დეკემბერი, 1933(1933-12-18)
დაბადების ადგილი ხაიფა
გარდაცვალების თარიღი 30 მარტი, 2011(2011-03-30)[1] [2] (77 წლის)
გარდაცვალების ადგილი ხაიფა
მოქალაქეობა  ისრაელი[2]
განათლება კოლუმბიის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გოლანი დაიბადა ჰაიფაში 1933 წელს.[3] ახალგაზრდობაში მან აქტიური მონაწილეობა მიიღო მემარცხენე ორიენტაციის სიონისტური მსოფლიო ახალგაზრდულ ორგანიზაციის მოძრაობაში. იგი მსახურობდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ისრაელის ქვეით ბრიგადაში და შეუერთდა ჯარისკაცების ჯგუფს, რომლებიც დასახმარებლად გაგზავნეს კიბუც ლაჰავში, ბეერ-შევას ჩრდილოეთით.[4] სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ გოლანი გახდა კიბუცის წევრი. კოლუმბიის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ მან დაიწყო პროფესიული კარიერა.

მან პირველად იმოგზაურა აფრიკაში 1961 წელს, როდესაც ის და მისი მეუღლე ავიაჰუ გოლანი შეუერთდნენ ისრაელის დელეგაციას ეთიოპიაში და იქ მასწავლებლად მუშაობდნენ. ეთიოპიაში ქმრის გარდაცვალების შემდეგ იგი დაბრუნდა კიბუც ლაჰავში. მას შემდეგ ის აღარასოდეს დაქორწინებულა. იგი მუშაობდა ჟურნალისტად ისრაელის რამდენიმე მედიასაშუალებაში და BBC-ის აფრიკის ოფისში, მაგრამ კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა გაზეთ „Maariv“-ში, სადაც აშუქებდა მოვლენებს აფრიკისა და არაბული ქვეყნების შესახებ. იგი ასევე მუშაობდა პარიზში გაზეთ „Maariv“-ის რეპორტიორად. ის ფაქტი, რომ მას ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა (ისრაელის და საფრანგეთის), შესაბამისად, ფრანგული პასპორტი დაეხმარა მას თავისუფლად შესულიყო ისრაელისადმი მტრულად განწყობილ ქვეყნებში.

მან შეიმუშავა კონტაქტების ქსელი აფრიკისა და საფრანგეთის გავლენიან ფიგურებთან და მიიღო თხოვნა ისრაელის ოფიციალური პირებისგან აფრიკელ ლიდერებთან კონტაქტების შენარჩუნების შესახებ, განსაკუთრებით ექვსდღიანი ომის შემდეგ, როდესაც აფრიკის ბევრმა ქვეყანამ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელთან.

1994 წელს გოლანი დაინიშნა ისრაელის ელჩად ანგოლაში.[5] გოლანი იქ მსახურობდა 1995 წლიდან 2002 წლამდე. მოგვიანებით იგი ანგოლაში დაბრუნდა ანგოლას პრეზიდენტის თხოვნით, რათა დახმარებოდა გაეროს მიერ დაფინანსებული განაღმვის სამუშაო ჯგუფის შექმნის პროცესში. ისრაელში დაბრუნების შემდეგ გოლანი წავიდა კიბუც ლაჰავში და იქ ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე, თუმცა კიბუცის წევრობა არ გაუგრძელებია. იგი გახდა ფონდის აქტივისტი, რომელიც დაეხმარა ბედუინ ახალგაზრდებს უმაღლესი განათლების მიღებაში და დააარსა აფრიკული კვლევების ცენტრი დევიდ ბენ-გურიონის სახელობის უნივერსიტეტში ბეერ-შევაში.[6]

გარდაცვალება

რედაქტირება

თამარ გოლანმა თავი მოიკლა 2011 წლის 30 მარტს, 77 წლის ასაკში, მშობლიურ ჰაიფას სასტუმროში. წერილში, რომელიც მან დატოვა, რომელიც მის მიერ დაარსებულმა აფრიკულმა ცენტრმა გაასაჯაროვა, ის გამოხატავს იმედგაცრუებას აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების გამო. იგი აღნიშნავს კოტ დ'ივუარში „სიტუაციის მკვეთრ გაუარესებას“ და სწუხს იმაზე, თუ როგორ რჩება ანგოლა „კორუფციაში “ გახვეული. ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ ის თავის წერილში ამბობს: „დავიღალე დონ კიხოტივით, რომელიც ცდილობს ამ ქვეყანაში გაუარესებული რეალობას ებრძოლოს ქარის წისქვილებით“. მისმა უახლოესმა მეგობარმა, ინტერვიუში გაზეთ „Haaretz“-ს განუცხადა, რომ გოლანის ჯანმრთელობა გაუარესდა: „მისმა სხეულმა უღალატა მას და ვეღარ გაუძლო“, — თქვა მან.[7]

  1. http://www.haaretz.com/print-edition/news/tamar-golan-israel-s-queen-of-africa-dies-at-76-1.353188
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. גולן תמר / רון תמר. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-13. ციტირების თარიღი: 2017-07-10
  4. Yossi Melman (2006-06-07). „רציתי לשנות את העולם“. Haaretz (ებრაული). ციტირების თარიღი: 2014-08-11. Interview with Tamar Golan.
  5. Angola: Israeli Present Book On Country. Angola Press Agency via allAfrica (2007). ციტირების თარიღი: 2007-12-03.
  6. Tamar Golan (2007-03-08). „Of witches and shrinks“. Haaretz. ციტირების თარიღი: 2014-08-11.
  7. Yael Gaaton (2011-04-01). „חוקרת אפריקה תמר גולן שמה קץ לחייה; "הגוף בגד בה, היא לא יכלה". Haaretz (ებრაული). ციტირების თარიღი: 2014-08-11.