ზურაბ პატარიძე
ზურაბ ალექსანდრეს ძე პატარიძე (დ. 9 სექტემბერი, 1928, თბილისი, — გ. 5 ივნისი, 1982, სოფ. სართიჭალა; დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში) — ქართველი საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოხელე, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1975-1982).
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი (1952). 1955 წლიდან იყო სსრკ კომუნისტური პარტიის წევრი. 1950-იან წლებში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა ჭიათურის მაღაროთა სამმართველოში. 1962-1967 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის ჭიათურის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, 1967-1972 წლებში — კომპარტიის საორგანიზაციო-პარტიული სამუშაოების განყოფილების ინსტრუქტორი, 1972—1975 წლებში — საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, 1975 წლის დეკემბრიდან გარდაცვალებამდე — საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. არჩეული იყო საქართველოს სსრ მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, საბჭოთა კავშირის მე-9-10 მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, 1976 წლიდან იყო სსრკ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი. დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფ. სართიჭალასთან 1982 წელს. დაჯილდოებული იყო ოქტომბრის რევოლუციის, შრომის წითელი დროშის და ლენინის ორდენებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.117-118.
- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 218-219.