ზურაბ იარაჯული

ქართველი სამხედრო მფრინავი, საქართველოს ეროვნული გმირი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იარაჯული.

ზურაბ იარაჯული (დ. 12 მარტი, 1972, თბილისი, – გ. 16 ივლისი, 1993, სოფ. შრომის მიდამოები) — ქართველი სამხედრო მფრინავი, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსი ლეიტენანტი, საქართველოს ეროვნული გმირი (2013). დაიღუპა აფხაზეთის ომში.

ზურაბ იარაჯული
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 12 მარტი, 1972
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 16 ივლისი, 1993 (20 წლის)
გარდაცვალების ადგილი შრომა, სოხუმის მუნიციპალიტეტი, საქართველო
წოდება ავიაციის ლეიტენანტი
ბრძოლები/ომები აფხაზეთის ომი (1992-1993)
ჯილდოები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი

1988–1992 წლებში სწავლობდა რუსეთში, კაჩას უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში. აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ, 1992 წელს, ზურაბ იარაჯული საქართველოში დაბრუნდა და გადამზადება სუ-25 მოიერიშეზე გაიარა. იმავე წელს, ავიაციის ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს განახორციელა ოცზე მეტი საბრძოლო გაფრენა. 1993 წლის 13 ივლისს მონაწილეობდა სოხუმის მისადგომებთან სოფ. შრომის დაცვაში. ამ დღეს კოპიტნარის აეროდრომიდან განახორციელა 2 საბრძოლო გაფრენა. მოწინააღმდეგის კოლონაზე შეტევის დროს მისი სუ-25 მოიერიშე ჩამოაგდეს. იარაჯულმა მოახერხა კატაპულტირება, თუმცა ფრონტის ხაზს მიღმა აღმოჩნდა. დაიღუპა გუმისთის ტყეში მდევართან შეტაკების დროს მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა დანებებაზე.[1]

2013 წელის 19 სექტემბერს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება და შესაბამისი ორდენი. ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. დაკრძალულია სოფ. იარაჯულებში (ახლანდ. თიანეთის მუნიციპალიტეტი). თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში არის ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი (გაიხსნა 2017 წელს).[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს ეროვნული გმირები: ზურაბ იარაჯული. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ნანახია 19-10-2018.
  2. თიანეთში ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი გაიხსნა. საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN). ნანახია 19-10-2018.