ზესტაფონის მიწერილი სანადირო მეურნეობა
ზესტაფონის მიწერილი სანადირო მეურნეობა — მიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ ზესტაფონის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი იყო 26 000 ჰექტარი სანადირო სავარგული. სავარგულები გაბნეული იყო რაიონის მთელ ტერიტორიაზე. მეურნეობის საზღვრები იყო: აღმოსავლეთით — ჭიათურისა და ორჯონიკიძის რაიონები, დასავლეთით — მაიაკოვსკის რაიონი, ჩრდილოეთით — თერჯოლის რაიონი და სამხოეთით — ორჯონიკიძისა და მაიაკოვსკის რაიონები.
რაიონი მთაგორიანი იყო, ვაკე შედარებით ცოტა და ათვისებული იყო სოფლის მეურნეობის კულტურების მოსაყვანად. მთელ რიგ ადგილებში მთაგორიანი ფერდობები ტყის გაჩეხვის შედეგად ამოსული ამონაყარი ახალშენით იყო დაფარული.
მცენარეულობიდან ფოთლოვანები სჭარბობდნენ.
სანადირო მეურნეობისათვის ზოგი ადგილი ძალიან კარგი იყო, მაგრამ იმის გამო, რომ ვერ იცავედნენ სანადირო ფაუნას და სანადირო მეურნეობაც კეთილმოუწყობელი იყო, სანადირო ცხოველთა რაოდენობაც ძლიერ შემცირდა.
რაიონის სანადირო სავარგულებში ჯერ კიდევ მოიპოვებოდა შველი, გვხვდებოდა კურდღელი, მაჩვი, ტურა, მელა და სხვ. გადამფრენებიდან აღსანიშნავი იყო მწყერი და ტყის ქათამი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. ბურჯანაძე, მონადირის ცნობარი, გვ. 188, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1969.