ზემო ხანდაკის წმინდა თევდორეს ეკლესია
ზემო ხანდაკის წმინდა თევდორეს ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკიდან ერთ კილომეტრზე, სოფელ ხოვლისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, მთის ფერდობზე. თარიღდება XIV-XVI საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (13 × 7 მ), ნაგებია შაბიამნისფერი თლილი ტუფითა და ქვიშაქვის დიდი კვადრებით. ეკლესიას არქიტრავით გადახურული ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთით და დასავლეთით. აფსიდში ერთი სარკმელია. საკურთხევლის წინ შემორჩენილია ქვის კანკელის ნაშთი. დარბაზის ცილინდრული კამარა პილასტრებზე დადგმულ, ტუფის კარგად დამუშავებული დიდი ქვებით ნაწყობ თაღებს ეყრდნობა. სამხრეთ კედელში, საკმაოდ მაღლა გაჭრილია ორი სარკმელი.
ინტერიერში შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის მოხატულობის ფრაგმენტები. კონქში გაირჩევა ტახტზე მჯდომი ქრისტე და ორი მთავარანგელოზი.
ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ქვიშაქვის სათაურზე გამოსახულია ჯვარი და არშია. მარტივპროფილიანი ლავგარდნის ფრაგმენტები შემორჩენილია სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადზე. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურული ყოფილა კრამიტით. მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთიდან კარიბჭე, ეგვტერი და პატარა სათავსი მიუშენებიათ, დასავლეთიდან კი მთელ სიგრძეზე - ვიწრო სათავსი (შემორჩენილია ნანგრევები).
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990.