ზემო ყანდაურის წმინდა გიორგის ეკლესია

ზემო ყანდაურის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყანდაურაში, ძეგლი თარიღდება XIX საუკუნის ბოლოთი.

ეკლესია დარბაზულია, აღმოსავლეთ მხარე დასრულებულია საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ერთი ნაწილი, გეგმის სწორკუთხედის ნაწილშია, ხოლო მეორე ნაწილი გამოშვერილია. ეკლესიის ძირითადი ნაწილისგან მოკლე ფრთებითაა გამოყოფილი საკურთხევლის შვერილი, და გადახურულია დამოუკიდებელი კონუსისებრი სახურავით, ეკლესიის სიგრძე (საკურთხევლის ჩათვლით) 13,9 მეტრია, ხოლო სიგანე — 7,6 მეტრი.

შენობის ასაშენებლად გამოყენებულია რიყის ქვა, ნატეხი ქვა და აგური. ძირითადად რიყის ქვითაა გამოყვანილი გარეთა კედლები, აქ ქვები შერჩეულია და თარაზულ რიგებადაა დაწყობილი. საკურთხევლის შვერილის წყობა აგურით ნაწყობი რიგების შუალედებითაა გამოწყობილი. აგური ასევე გამოყენებულია გარეთა კუთხეებში, სადაც აგურებს მოზრდილი რიყის ქვები ენაცვლებათ. თითოეული კუთხის ბოლო ნაწილში თითო საფლავის ლოდია ჩართული. ძველად ყველა კედელი შელესილი იყო, თუმცა დღემდე ნალესობა მხოლოდ სამხრეთ კედელზეა შემორჩენილი.

ეკლესიაში შესასვლელი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდანაა. ეკლესიის თავდაპირველი შესასვლელი ჩრდილოეთიდან იყო, ის აგურითაა აშენებული და შეისრული თაღითაა გადახურული. დასავლეთ შესასვლელი 2010 წელს მოეწყო ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ჩატარებული თვითნებური სარესტავრაციო სამუშაოებისას, ამავე დროს აღადგინეს ეკლესიის კამარა, დასავლეთ კედლის დიდი ნაწილი და სამხრეთ-დასავლეთ კუთხე. ეკლესია შიგნიდან გაჯით შელესეს შელესეს. ორივე შესასვლელის წინ ააგეს ოთხკუთხა კარიბჭე და ეკლესია სრულიად გადახურეს ბრტყელი კრამიტით.

ეკლესიის აფსიდა დარბაზისაგან გამიჯნულია წყვილი პალისტრით და მათზე გადაყვანილი საბრჯენი თაღით. აფსიდის ღერძზე გაჭრილია ოთხკუთხა სარკმელი, რომელიც კედლის გულისკენ, შიგნიდან გარეთ ვიწროვდება. სარკმლის ქვემოთ, მაღალი, თაღოვანი ნიშია, ორ-ორი დაბალი, თაღოვანი ნიში აფსიდის კედლებშიცა სიმეტრიულადაა განლაგებული. კიდევ ერთი მცირე ოთხკუთხა ნიში აფსიდის ჩრდილოეთ გვერდის ბოლოშიცაა.

გრძლივ კედლებზე ორ-ორი ორსაფეხურიანი პილასტრია. პილასტრების წინა საფეხურზე კამარის საბრჯენი თაღებია გადაყვანილი, გვერდებს კი კედლის თაღები ეყრდნობა. პილასტრია სამხრეთ-დასავლეთ კუთხეშიც, რომელზეც დასავლეთ კედლის მიმდებარე თაღი იყო გადაყვანილი. თითოეული პილასტრი დაგვირგვინებულია მარტივი პროფილის კაპიტელით. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში შიგნიდან თაღოვანი, გარედან კი სწორკუთხა სარკმელია, რომელთა გარეთა ღიობები 2010 წლის რესტავრაციისას დაუნგრევიათ.

ლიტერატურა

რედაქტირება