ზემო ალვანის წმინდა მარიამის ეკლესია
ზემო ალვანის წმინდა მარიამის ეკლესია — ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე ეკლესია, რომელიც დგას სოფელ ზემო ალვანის სამხრეთით, სასაფლაოზე. აშენებულია XVIII საუკუნეში.
ეკლესია დარბაზულია (9 X 6,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. საბჯენი თაღები, კამარა, კონქი და კარ-სარკმლები აგურით არის გამოყვანილი. ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ორივე კარი თაღოვანია და ორივე მხრიდან კედლის სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. ეკლესიის აფსიდის ბოლოებთან და გრძივი კედლების შუაში, მარტივი კაპიტელებით დასრულებული თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც ნახევარწრიული ფორმის საბჯენი თაღი ეყრდნობა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის ღერძზე ისრული თაღით დასრულებული სარკმელია, რომლის მარჯვნივ გეგმით ნახევარწრიული და თაღოვანი ერთი ნიშია, მარცხნივ - ერთი თაღოვანი და ერთი სწორკუთხა ნიში. საკურთხევლის შუაში ტრაპეზი დგას. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკზე ერთი საფეხურით მაღალია. აფსიდის კონქს, წვეროში, ძაბრისმაგვარი შემაღლება აქვს. ეკლესიის დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო შიგნით შეისრული, ხოლო გარედან წრიული თაღით გადახურული სარკმელია. იატაკზე კვადრატული აგურია მოგებული.
ეკლესიის ფასადები დასრულებულია აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდნით. შენობა გადახურულია კრამიტით. მოგვიანებით XIX საუკუნეში ეკლესიისათვის დასავლეთიდან აგურის სამსართულიანი სამრეკლო (3,4 X 2,9 მ) მიუშენებიათ. სამრეკლოს თითოეული სართულის ოთხივე კუთხეში კვადრატული ბოძი დგას, რომლებზედაც დაყრდნობილია ბრტყელი თაღები. ყოველი ზედა სართული ქვედაზე ვიწროა. პირველი სართული გადახურულია ბრტყელი კამარით. მეორე სართულს ხის გადახურვა ჰქონია, მესამე სართულს კი პირამიდული სახურავი ხურავს.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 86-87.