ზაზა ლეჟავა
ზაზა ლეჟავა (დ. 11 ნოემბერი, 1956, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი, სპელეოლოგი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით.
1980 წლიდან მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. 1984-1988 წლებში გაიარა დაუსწრებელი ასპირანტურის კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგიის კათედრაზე. ზემო იმერეთის პლატოზე პირველად ჩაატარა კარსტის კომპლექსური გამოკვლევა, სადაც ბაქნური კარსტის პირობებში მიწისქვეშა კარსტული წყლების ერთიანი დონის წარმოქმნის ტენდენციასთან ერთად, გამოვლინდა დიზუნქტიური დისლოკაციებით შეპირობებული ნაპრალოვან-კარსტული ნაკადების იზოლირებული სისტემები. ტერიგენული ნალექების ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე დადგენილ იქნა მღვიმეებში ნალექდაგროვების თავისებურებები და სართულებრივ განლაგებულ კარსტულ სიღრუეების ევოლუციის კანონზომიერებანი. შესწავლილ იქნა პრაქტიკული საკითხები. მისი კვლევის სფერო მოიცავს კარსტის ჰიდროგეოლოგიას, გეომორფოლოგიასა და გეოქიმიას. ის აგრეთვე მუშაობს კარსტის ფორმირების და განვითარების ზოგად კანონზომიერებების დადგენაზე. სისტემატიურად მონაწილეობს სპელეოლოგიურ ექსპედიციებში, რომლებიც ითვალისწინებენ საქართველოს სხვადასხვა კირქვულ მასივებზე კარსტული პროცესების შესწავლას. შემუშავებული აქვს რამდენიმე რეკომენდაცია კარსტული წყლების სხვადასხვა მიზნებისათვის გამოყენებასთან დაკავშირებით. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომები. მას ეკუთვნის ფუნდამენტური ხასიათის მონოგრაფიული ნაშრომი, „ზემო იმერეთის პლატოს და მიმდებარე რაიონების კარსტი“, რომელშიც ავტორი იძლევა რეგიონის კარსტის პირველ სრულყოფილ, ჭეშმარიტად კომპლექსური სახის კვლევის შედეგებს. მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ზემო იმერეთის და მიმდებარე რაიონების კარსტი“, დაიცვა 1993 წელს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- კარსტულ-სპელეოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი=Glossary of karst-speleological terms=Толковый словарь карстово спелеологических терминов, თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2019, გვ. 246 ISBN 9789941137990
- ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის მონიტორინგი=Chiatura municipality drinking water monitoring, თბ., უნივერსალი, 2017, გვ. 144 ISBN 9789941260421
- ჭიათურის მუნიციპალიტეტის კარსტული მღვიმეები: საკადასტრო ცნობარი, თბ., უნივერსალი, 2016, გვ. 106 ISBN 9789941228438
- ზემო იმერეთის პლატოს და მიმდებარე რაიონების კარსტი=Karst of Zemo Imereti plateau and surrounding regions, თბ., უნივერსალი, 2015,გვ. 290 ISBN 9789941225208
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 170-171