ზაზა აზმაიფარაშვილი

ქართველი დირიჟორი

ზაზა აზმაიფარაშვილი (დ. 16 ივნისი, 1962, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი) — ქართველი მუსიკოსი, დირიჟორი და პედაგოგი. სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის პროფესორი. 2004–2009 წლებში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. 2016 წლიდან ამავე თეატრის მთავარი დირიჟორი.[1][2][3]

ზაზა აზმაიფარაშვილი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 16 ივნისი, 1962 (1962-06-16) (62 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
საქმიანობა მუსიკოსი, დირიჟორი და პედაგოგი
აქტიური 1985–დღემდე

ბიოგრაფია

რედაქტირება

1985 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი, 1991 წელს კი იური ტემირკანოვის ხელმძღვანელობით სანქტ-პეტერბურგის რიმსკი-კორსაკოვის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა საოპერო-სიმფონიური დირიჟორის სპეციალობით.[1][2][3]

1985–2004 წლებში საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობდა. 1991 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრაზე მოღვაწეობს.

1997–1998 წლებში ზაზა აზმაიფარაშვილი მოსკოვის დიდ თეატრში მიიწვიეს, სადაც მან ჯუზეპე ვერდის „ტრავიატასა“ და „ტრუბადურს“ უდირიჟორა. 1992 წელს ის სტამბოლში გამართულ მუსიკალურ ფესტივალში Yapi Kredi — საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მონაწილეობდა.[1][2][3]

1992 წელს ამავე ორკესტრის კამერულ შემადგენლობასთან ერთად ზაზა აზმაიფარაშვილმა კონცერტები გამართა ვალენსიაში. 1995 წელს, სანქტ-პეტერბურგში, სერგეი პროკოფიევის სახელობის დირიჟორთა მეორე საერთაშორისო კონკურსში დირიჟორმა მეორე პრემია და ლაურეატის წოდება მოიპოვა (პირველი პრემია არ გაცემულა). 1996 წელს ზაზა აზმაიფარაშვილმა მონაწილეობა მიიღო ამავე ქალაქში გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში „მუსიკალური ოლიმპი“.[3]

1997 წლიდან მუსიკოსი პერიოდულად მართავს კონცერტებს საქართველოს ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. დირიჟორობდა 1998 წელს თბილისში გამართულ საოპერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე „ბრავო“, რომელიც მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ დააარსა. 2000 წელს, როგორც მიწვეულმა დირიჟორმა, ზაზა აზმაიფარაშვილმა კონცერტი გამართა სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, 2003–2004 წლებში კი — მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის დიდ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.[3]

2001 წელს ზაზა აზმაიფარაშვილი მიიწვიეს ლეიდაში (ესპანეთი), სადაც Teatre Principal-ის სცენაზე იდირიჟორა პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“. 2002 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე განახორციელა ჯუზეპე ვერდის „მაკბეთი“.[3]

2005 წელს დირიჟორობდა კონცერტს მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, რუსეთის დიდ სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან და სოლისტთან – ელისო ვირსალაძესთან ერთად. ამავე წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ვერდის „აიდას“ დამდგმელ დირიჟორად წარდგა მსმენელთა წინაშე.

2006 წელს მისი ხელმძღვანელობით დაიდგა ოთარ თაქთაქიშვილის „მინდია“, ვერდის „ტრუბადური“, ლეონკავალოს „ჯამბაზები“. ამავე წელს, შვედეთში, დალჰალას ოპერის საერთაშორისო ფესტივალზე დიდი წარმატებით იდირიჟორა „ტრუბადური“ და სენ-სანსის „სამსონ და დალილა“; ისრაელში — მაალოთსა და რანაანაში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მომღერლების მონაწილეობით ორი კონცერტი გამართა.[3]

2007 წელს, მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, მოსკოვის დიდ სიმფონიურ ორკესტრთან და სოლისტებთან, ირინე რატიანთან და სულხან გველესიანთან ერთად კონცერტი გამართა. ამავე წელს, ისრაელის ქალაქ ეილათში, ისრაელის სახელმწიფო კამერული ორკესტრის მიწვევით, ზაზა აზმაიფარაშვილმა თბილისის ოპერის თეატრის ფოლკლორული ანსამბლის — „სულიკოს“ კონცერტი იდირიჟორა.[3]

ზაზა აზმაიფარაშვილს შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებს მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართველ თუ უცხოელ შემსრულებლებთან, რომელთა შორის არიან: ზურაბ სოტკილავა (ტენორი), მაყვალა ქასრაშვილი (სოპრანო), ელენა ობრაზცოვა (მეცო-სოპრანო), პაატა ბურჭულაძე (ბანი), ბადრი მაისურაძე (ტენორი), ლადო ათანელი (ბარიტონი), თამარ ჯავახიშვილი (თამარ ივერი) (სოპრანო), ალესანდრა მარკი (სოპრანო), ქრისტიან იოჰანსონი (ტენორი), ანდრეა როსტი (სოპრანო), სამუელ ესტესი (ბას-ბარიტონი), მარინე იაშვილი (ვიოლინო), ელისო ვირსალაძე (ფორტეპიანო), მზია სიმონიშვილი (ფორტეპიანო), გიგლა ქაცარავა (ფორტეპიანო), მარინა მეშჩერიაკოვა (სოპრანო), ანხელ ოდენა (ბარიტონი), ელისო ბოლქვაძე (ფორტეპიანო) და სხვ.[1][3]

2004–2009 წლებში ზაზა აზმაიფარაშვილი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი იყო. 2014–2016 წლებში — ამავე თეატრის საპატიო დირიჟორი, ხოლო 2016 წლიდან კვლავ მთავარი დირიჟორია.[1][2][3]

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1995 : სანქტ-პეტერბურგის დირიჟორთა ს. პროკოფიევის სახელობის მეორე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (მეორე პრემია)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
ფოტო, ვიდეო, აუდიო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · ,,აიდა“ ოპერის თეატრის სცენაზე · YouTube
მედია
პირველი არხი · აჭარის ტელევიზია
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ზაზა აზმაიფარაშვილი. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 22 აპრილი, 2020. წყარო: თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2020.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Репетиция оркестра – Заза Азмайпарашвили. დაარქივებულია ორიგინალიდან. გამოქვეყნების თარიღი: 30 ოქტომბერი, 2019. დაარქივების თარიღი: 22 აპრილი, 2020. წყარო: Додо Ахвледиани. Тбилисская неделя დაარქივებული 2020-10-28 საიტზე Wayback Machine. . ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2020.
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 ზაზა აზმაიფარაშვილი — მთავარი დირიჟორი. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 22 აპრილი, 2020. წყარო: ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2020.