ვოიაჯერ 2
ვოიაჯერ 2 (ინგლ. Voyager 2) — მოქმედი კოსმოსური ზონდი, რომელიც ნასამ 1977 წლის 20 აგვისტოს ვოიაჯერის პროგრამის ფარგლებში მზის სისტემის შორეული პლანეტების შესწავლის მიზნით გაუშვა.[2] ვოიაჯერ 2 პირველი და ერთადერთი აპარატია, რომელმაც იშვიათი პლანეტარული განლაგების დახმარებით 1986 წლის იანვარში ურანს, ხოლო 1989 წლის აგვისტოში ნეპტუნს მიაღწია.
ვოიაჯერ 2 | |
---|---|
ოპერატორი | ნასა |
NSSDC ID | [1] 1977-076A[1] |
მისიის ხანგრძლივობა | 43 წელი, 11 თვე, 15 დღე |
განვლილი მანძილი | 19 მილიარდი კმ |
ორბიტები |
იუპიტერი - 1979 წლის 9 ივლისი (570 000 კმ) სატურნი - 1981 წლის 26 აგვისტო (101 000 კმ) ურანი - 1986 წლის 24 იანვარი (81 500 კმ) ნეპტუნი - 1989 წლის 15 აგვისტო (4951 კმ) |
მდებარეობა | ვარსკვლავთშორისი სივრცე |
სტატუსი | აქტიური |
ტექნიკური მახასიათებლები | |
მწარმოებელი | Jet Propulsion Laboratory |
დატვირთულის მასა | 825,5 კგ |
სიმძლავრე | 470 ვატი |
კვების წყაროები | რადიოიზოტოპური თერმოელექტრო გენერატორი |
მისიის დაწყება | |
გაშვების თარიღი | 1977 წლის 20 აგვისტო, |
სასტარტო მოედანი | აშშ, კენედის კოსმოსური ცენტრი |
რაკეტა-მატარებელი | Titan IIIE |
2018 წლის 5 ნოემბერს, 122 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე, ვოიაჯერ 2-მა ვარსკვლავთშორის სივრცეს მიაღწია და ვოიაჯერ 1-ის მსგავსად, მზის ჰელიოსფერო დატოვა.
რვათვიანი პაუზისა და ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრის შემდეგ, 2020 წლის ნოემბერში აპარატთან კავშირი აღდგა. ვოიაჯერ 2-თან კომუნიკაცია ნასას შორეული კოსმოსური კავშირის ქსელის, კანბერასთან მდებარე DSS 43 საკომუნიკაციო ანტენის მეშვეობით ხორციელდება. დედამიწას, მზესა და აპარატს შორის არსებული მანძილი, ზონდის სტატუსი და მისი სიჩქარე ნასას ოფიციალურ საიტზეა ასახული.[3]
ისტორია
რედაქტირება- ვოიაჯერ 2-ის მისია 1977 წლის 20 აგვისტოს დაიწყო და უპირველესად იუპიტერისა და სატურნის, აგრეთვე მათი თანამგზავრების შესწავლას მოიცავდა. თუმცა ფრენის ტრაექტორიამ აპარატს ურანსა და ნეპტუნთან მიღწევის საშუალებაც მისცა. გრავიტაციული მანევრების შედეგად კი ნეპტუნისაკენ ფრენის ხანგრძლივობა 30 წლის ნაცვლად, 12 წლამდე შემცირდა.
- 1979 წლის 9 ივლისს აპარატი იუპიტერს მაქსიმალურად, 71 ათას კილომეტრამდე მიუახლოვდა. ვოიაჯერ 2-მა განიმედეს, ევროპასა და გალილეოს სხვა თანამგზავრების შესწავლა დაიწყო. მოპოვებულმა მონაცემებმა შესაძლებელი იმ ჰიპოთეზის წამოყენება გახადა, რომელიც ევროპას ზედაპირის ქვეშ თხევადი ოკეანის არსებობას უშვებდა. მზის სისტემის ყველაზე დიდი თანამგზავრის — განიმედეს შესწავლამ აჩვენა, რომ იგი „ჭუჭყიანი“ ყინულითაა დაფარული, ხოლო მისი ზედაპირი ევროპას ზედაპირზე უფრო ხნიერია. ამის შემდეგ აპარატი სატურნისაკენ გაემართა. [4]
- 1981 წლის 25 აგვისტოს ვოიაჯერ 2 სატურნს მაქსიმალურად, 101 ათას კილომეტრამდე მიუახლოვდა. აპარატმა პლანეტის თანამგზავრთა ზედაპირები შეისწავლა და დეტალური სურათები დედამიწაზე გამოაგზავნა. სატურნის შემდეგ ვოიაჯერ 2-მა ყინულის გიგანტებისაკენ აიღო გეზი.
- 1986 წლის 24 იანვარს ვოიაჯერ 2 ურანს მაქსიმალურად, 81,5 ათას კილომეტრამდე მიუახლოვდა. აპარატმა პლანეტის, მისი რგოლებისა და თანამგზავრების ასეულობით ფოტო გადაიღო და დედამიწაზე გამოაგზავნა. აღნიშნული მასალის დამსახურებით, მეცნიერებმა ურანის 2 ახალი რგოლი აღმოაჩინეს, ხოლო აქამდე ცნობილი 9 კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლეს. გარდა ამისა, აპარატმა ურანის 11 ახალი თანამგზავრიც აღმოაჩინა. ცნობილი გახდა, რომ ურანის ორივე პოლუსზე მსგავსი ტემპერატურაა, ხოლო პლანეტის საშუალო ტემპერატურა -214 °C შეადგენს. პლანეტის ერთ-ერთი თანამგზავრის — მირანდას შესწავლისას, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მირანდას ისტორია მრავალ ტექტონიკურ და თერმულ მოვლენას ინახავს. ურანის თანამგზავრები შექსპირის პერსონაჟების სახელებს ატარებს. ურანისა და მისი თანამგზავრების შესწავლის შემდეგ ვოიაჯერ 2 ნეპტუნისაკენ გაემართა. [5] [6]
- 1989 წლის 25 აგვისტოს ვოიაჯერ 2 ნეპტუნს მაქსიმალურად, 4951 კილომეტრამდე მიუახლოვდა. აპარატმა პლანეტას და მის ყველაზე დიდ თანამგზავრს — ტრიტონს ფოტოები გადაუღო და დედამიწაზე გამოაგზავნა. ტრიტონის შესწავლისას გაირკვა, რომ მიუხედავად მზისგან დიდი მანძილისა, თანამგზავრზე მოქმედი გეიზერები შეინიშნებოდა. გარდა ამისა, აპარატმა ნეპტუნის 4 ახალი თანამგზავრიც აღმოაჩინა. ასევე, ვოიაჯერ 2-მა ნეპტუნზე „დიდი შავი ლაქა“ აღმოაჩინა, ხოლო გამოგზავნილი მონაცემების თანახმად, ნეპტუნზე ქარის საშუალო სიჩქარე 1000 კმ/სთ-ს აღემატება. ნეპტუნს ხასხასა ლურჯ შეფერილობას მეთანის დიდი რაოდენობა აძლევს. ვინაიდან 2006 წელს პლუტონს პლანეტის სტატუსი ჩამოერთვა, ვოიაჯერ 2-ის მიერ ნეპტუნის სიახლოვეს ჩაფრენა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კოსმოსურმა ზონდებმა მზის სისტემის ყველა ცნობილი პლანეტა ერთხელ მაინც მოინახულეს.
- პლანეტშორისი მისიის დასრულების შემდეგ, ვოიაჯერ 2-მა ვარსკვლავთშორისი მისია დაიწყო.
- 1992 წელს აპარატი ზეახალი ვარსკვლავის (V1974 Cygni) წარმოქმნის მოწმე გახდა.
- 2007 წლის 30 აგვისტოს ვოიაჯერ 2-მა დარტყმის ტალღის საზღვარი გადალახა და ჰელიოპაუზის რეგიონში გადავიდა. [7]
- 2011 წლის 24 იანვარს ნასამ ვოიაჯერ 2-ის მიერ ურანთან შეხვედრის 25 წლის იუბილე აღნიშნა. ამ მომენტისათვის, აპარატი დაახლოებით 14 მილიარდი კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდა.
- 2011 წლის 4 ნოემბერს საორიენტაციო სისტემების სათადარიგო ძრავებზე გადართვის შედეგად აპარატის მუშაობა კიდევ 10 წლით გახანგრძლივდა.
- 2018 წლის 10 დეკემბერს ნასამ დაადასტურა, რომ ვოიაჯერ 2 გასცდა ჰელიოსფეროსა და ვარსკვლავთშორის სივრცეში გადავიდა. აპარატი კვლავაც მზის სისტემის საზღვრებშია.
- 2019 წლის ნოემბერში ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა 5 სტატია, რომლებიც აპარატის მიერ ვარსკვლავთშორისი სივრცის შესწავლის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას შეეხებოდა.
აპარატის აღჭურვილობა
რედაქტირებასამეცნიერო აღჭურვილობის შემადგენლობაში შემდეგი მოწყობილობებია:
- 2 სატელევიზო კამერა, რომელთა თითოეული კადრი 125 კილობაიტ ინფორმაციას შეიცავს.
- ინფრაწითელი სპექტრომეტრი, რომლის ამოცანას პლანეტების ენერგეტიკული ბალანსის, მათი ატმოსფეროებისა და თანამგზავრებისა და ტემპერატურული ველების შესწავლა წარმოადგენს.
- ულტრაიისფერი სპექტრომეტრი, რომელიც ატმოსფეროს ზედა სფეროებისა და ვარსკვლავთშორისი სივრცის შესასწავლადაა განკუთვნილი.
- კოსმოსური სხივების დეტექტორი.
- მაგნიტური ველების შემსწავლელი მაგნიტომეტრი.
- დაბალი ენერგიის მქონე დამუხტული ნაწილაკების დეტექტორი.
- სხვადასხვა ციური სხეულიდან მომდინარე რადიოტალღების მიმღები.
- პლანეტშორისი პლაზმის 2 დეტექტორი.
- პოლარიმეტრი, რომელიც სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის გადანაწილებას შეისწავლის.
- ვოიაჯერ 1-ის მსგავსად, აპარატზე ოქროს ფირფიტაა მიმაგრებული, რომელზეც სავარაუდო ცივილიზაციებისთვის დედამიწის კოორდინატები და მთელი რიგი აუდიო და ფოტო მასალაა ჩაწერილი. მათ შორისაა ჩაკრულოც. [8]
აპარატის სავარაუდო მომავალი
რედაქტირებამართალია, აპარატის ოპერირების ვადა წლების წინ ამოიწურა, თუმცა სამეცნიერო აღჭურვილობის ნაწილი ისევ მუშაობს. მოწყობილობების ნაწილი ენერგიას რადიოიზოტოპური თერმოელექტრო გენერატორისგან იღებს, რომლის ჯამური სიმძლავრე აპარატის გაშვების მომენტში 470 ვატს შეადგენდა. 2012 წლის მონაცემებით, გენერატორის სიმძლავრე 45% შეადგენდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აპარატზე არსებული მოწყობილობების ნაწილი ოპერირებას 2025 წლამდე შეძლებს. [9] [10]
დაახლოებით 300 წლის შემდეგ ვოიაჯერ 2 ოორტის ღრუბლის შიდა რეგიონს მიაღწევს, რომლის დატოვებასაც 30 ათასი წელი დასჭირდება.
დაახლოებით 40 ათასი წლის შემდეგ ვოიაჯერ 2 ვარსკვლავ როსს-248 1.7 სინათლის წლის მანძილზე მიუახლოვდება. [11]
თუკი აპარატს ხელს არაფერი შეუშლის, დაახლოებით 296 ათასი წლის შემდეგ იგი ღამის ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავ — სირიუსს 4.3 სინათლის წლის მანძილზე მიუახლოვდება. [12] [13]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Voyager 2. US National Space Science Data Center. ციტირების თარიღი: August 25, 2013
- ↑ The Fantastic Voyage of Voyager. ციტირების თარიღი: 3 March 2020
- ↑ Voyager - Mission Status. Jet Propulsion Laboratory. National Aeronautics and Space Administration. ციტირების თარიღი: April 24, 2021
- ↑ National Aeronautics and Space Administration "Voyager 2" NASA Science: Solar System Exploration. Updated 26 January 26, 2018. Accessed December 12, 2018.
- ↑ "Uranus Approach" NASA Jet Propulsion Laboratory, California Institute of Technology. Accessed December 11, 2018.
- ↑ National Aeronautics and Space Administration "Neptune Approach" NASA Jet Propulsion Laboratory: California Institute of Technology. Accessed December 12, 2018.
- ↑ NASA - Voyager 2 Proves Solar System Is Squashed. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-13. ციტირების თარიღი: 2021-08-06.
- ↑ Ferris, Timothy (May 2012). „Timothy Ferris on Voyagers' Never-Ending Journey“. Smithsonian Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 4, 2013. ციტირების თარიღი: June 15, 2012. მითითებულია ერთზე მეტი
|accessdate=
და|access-date=
(დახმარება) - ↑ Voyager - Operations Plan to the End Mission en. ციტირების თარიღი: September 20, 2019
- ↑ Voyager – Interstellar Science. NASA Jet Propulsion Laboratory (December 1, 2009). ციტირების თარიღი: December 2, 2009
- ↑ Voyager – Mission – Interstellar Mission. NASA (June 22, 2007). ციტირების თარიღი: August 14, 2013
- ↑ Bailer-Jones, Coryn A. L.; Farnocchia, Davide (April 3, 2019). „Future stellar flybys of the Voyager and Pioneer spacecraft“. Research Notes of the AAS. 3 (4): 59. arXiv:1912.03503. Bibcode:2019RNAAS...3d..59B. doi:10.3847/2515-5172/ab158e. S2CID 134524048.
- ↑ Voyager – Spacecraft – Spacecraft Lifetime. NASA Jet Propulsion Laboratory (March 15, 2008). ციტირების თარიღი: May 25, 2008