ვლად III ცეპეში

(გადამისამართდა გვერდიდან ვლად დრაკულა)

ვლად III, ასევე ვლად ცეპეში (იგივე სარზე გამსმელი) (რუმ. Vlad Ţepeş) და ვლად დრაკულა (რუმ. Vlad Drăculea) ან უბრალოდ დრაკულა, შეიძლება ითარგმნოს როგორც „დრაკონის ძე“; დ. ნოემბერი ან დეკემბერი 1431 — გ. დეკემბერი 1476) — ვლახეთის მმართველი 1448, 14561462 და 1476 წლებში. სახელი გაითქვა განსაკუთრებული სისასტიკით, რაც შემდგომში მრავალი ლეგენდის წყარო გახდა. მისი გავლენით ბრემ სტოკერმა დაწერა რომანი დრაკულა.

ვლად ცეპეში (დრაკულა)

ზედმეტსახელი

რედაქტირება

ვლად III ცეპეშმა ზედმეტსახელი „დრაკულა“ (დრაკონის შვილი ან უმცროსი დრაკონი) საკუთარი მამის გამო მიიღო, რომელიც 1431 წლიდან „დრაკონის“ ელიტური რაინდული ორდენის წევრი იყო. ორდენის წევრებს უფლება ჰქონდათ მედალიონები ეტარებინათ დრაკონის გამოსახულებით. ვლად III-ის მამა არა მარტო ატარებდა ამ ორდენის ნიშანს, არამედ თავის მონეტებზე და ეკლესიების შენობებზეც კი გამოსახავდა მას, სწორედ ამის გამო ხალხმა მამამისს „დრაკულ“ — დრაკონი შეარქვა. თანამედროვე რუმინულ ენაში ეს სიტყვა გაიგივებულ იქნა ეშმაკთან, რის გამოც საფუძველი დაედო ამ ზედმეტსახელის არასწორად განსაზღვრას, როგორც „ეშმაკისეულად“.

ომი ოსმალეთის იმპერიასთან

რედაქტირება

XIV საუკუნეში ოსმალეთის სულთნებმა ბალკანეთში აქტიური ექსპანსია დაიწყეს. ოსმალებმა დაიპყრეს ბულგარეთი, სერბეთი და საბერძნეთი. დაპყრობებს აადვილებდა ბალკანეთის ქვეყნების შინააშლილობა. 1444 წელს ვარნასთან ბრძოლაში ევროპელთა კოალიციური ძალები დამარცხდნენ. 1453 წელს დაეცა კონსტანტინოპოლი, 1459 წელს სულთნის ჯარებმა სერბეთი დაიპყრეს, 1463 წელს კი ბოსნია. 1467 წელს გარდაიცვალა ალბანელი გეორგ კასტრიოტი, რომელიც 24 წლის განმავლობაში იგერიებდა ოსმალთა შემოტევებს. მისი სიკვდილის შემდეგ ოსმალებმა ალბანეთიც დაიპყრეს. ოსმალთა გაბატონება ბალკანეთში საფრთხეს უქმნიდა რეგიონის ეთნიკურ სურათს. მარტო ერთ დღეს ოსმალებმა 200 000 სერბი მონად გაყიდეს და მათ ადგილას თურქების ჩაასახლეს. მართლმადიდებლური ვლახეთი ნელ-ნელა ემსგავსებოდა ოსმალური ტერიტორიებით გარშემორტყმულ კუნძულს. ასეთ რთულ ვითარებაში, ბალკანეთში ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზატორი გახდა პატარა ვლახეთი და მისი გოსპოდარი ვლად III ცეპეში. მან 1458 წელს გაბედული ლაშქრობა წამოიწყო ოსმალთა წინააღმდეგ. ამის პარალელურად ვლადი დახმარების წერილს სწერს რომის პაპს. სულთანმა საპასუხოდ გადაწყვიტა ურჩი გოსპოდარი ტახტს ჩამოეშორებინა და მის მაგივრად ვლადის უმცროსი ძმა გამუსლიმებული რადუ აეყვანა. მეჰმედ II 120 000 არმიით ვლახეთში შეიჭრა. მარტოდმარტო დარჩენილმა ვლადმა სრული მობილიზაცია გამოაცხადა. ჯარში გამოიძახა ყველა მამაკაცი 12 წელს ზემოთ, ვისაც ხელში იარაღის დაჭერა შეეძლო. ცეპეში პარტიზანულ ბრძოლებზე გადავიდა. იგი პანიკურ შიშს თესდა მოწინააღმდეგეთა რიგებში, ფსიქოლოგიური უპირატესობის მოსაპოვებლად 20 000 თურქი ტყვე ძელზე გასვა. 1462 წლის 17 ივნისის ღამეს ვლად III თავის 7000 მეომართან ერთად თურქების ბანაკში შეიჭრა. თავდასხმა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ სულთანმა უდიდესი დანაკარგებით უკან დაიხია და ვლახეთი დატოვა. ჯარის ნაწილი კი ვლადის მოღალატე ძმას რადუს ჩააბარა შემდგომი ბრძოლებისთვის. ბრწყინვალე გამარჯვების მიუხედავად ვლად III-ის წარმატება უშედეგო აღმოჩნდა. რადუს შეუერთდა ვლადის ბიძაშვილი მოლდოვეთის მთავარი შტეფანი. ვლადმა ვეღარ შესძლო ორ ფრონტზე ბრძოლა საკუთარი ნათესავებისა და ოსმალების წინააღმდეგ. იგი იძულებული გახდა უნგრეთის გამგეობაში მყოფ ტრანსილვანიაში გადასულიყო.

ვლადის დატყვევება

რედაქტირება

ტრანსილვანიაში ვლადს უნგრეთის მეფის მატიაშ კორვინის მხრიდან მორიგი ღალატი ელოდა. მატიაშმა რომის პაპისგან მიიღო ვლადისთვის შეპირებული ფინანსური დახმარება 40 000 გულდენი. უნგრეთის ხარბმა მეფემ ჯვაროსნული ლაშქრობისთვის გამოყოფილი თანხა მიითვისა ვლადი კი ოსმალებთან კავშირის ბრალდებით 1464 წელს დააპატიმრა და 12 წლით გამოკეტა ბუდას ციხეში. მთელ დასავლეთ ევროპაში ვლად ცეპეშს ოსმალთა წინააღმდეგ ყველაზე შეუპოვარ მებრძოლად იცნობდნენ. აქედან გამომდინარე ვატიკანში მატიაშ კორვინის ბრალდება ძნელად დასაჯერებელი აღმოჩნდა. რომის პაპმა პიუს II-მ საკუთარი წარმომადგენელი გააგზავნა ბუდაში საქმის გამოსაძიებლად. უნგრეთის მეფემ უკან არ დაიხია და სიცრუეს სიცრუე დაუმატა. მან უამბო პაპის წარმომადგენელს თითქოსდა გოსპოდარის მიერ ჩადენილ სისატიკეთა შესახებ. ამის დასამტკიცებლად მან ბრალეულობის დამამტკიცებელი ნაყალბევი დოკუმეტიც კი წარუდგინა, სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი ვლად III ცეპეშის სისატიკე, ადამიანთა წამება, სისხლისმოყვარეობა, დესპოტიზმი და ტერორი ტრანსილვანიელი მოსახლეობისადმი. დოკუმენტში მოთხრობილი იყო ცეპეშის არაადამიანურ სისატიკეზე, ცოცხლად დამწვარ ღარიბებზე, ძელზე გასმულ ბერებზე და უამრავ სხვა ბოროტმოქმედებაზე. მატიაშ კორვინის გეგმამ ყოველმხრივ მიაღწია მიზანს. ეს დოკუმენტი რომის პაპისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ტყვეობიდან გათავისუფლება და ბრძოლა ტახტისათვის

რედაქტირება

ვლად III-ის ტყვეობის პერიოდში ტახტი მის ძმას, რადუს ეკავა. ამ დროს ვლახეთი ოსმალეთს სრულად დაემორჩილა. საფრთხე შეექმნა დასავლეთ კათოლიკურ ევროპას. რომის ახალი პაპის, სიქსტუს IV-ის ჩარევამ გადაწყვიტა ვლად III-ის ბედი. დასავლეთში ყველას ახსოვდა ვლადის თავგანწირული ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ. გადაწყდა, ახალ ჯვაროსნულ ლაშქრობას ვლად III ჩასდგომოდა სათავეში. განთავისუფლებიდან 2 წლის შემდეგ, 1476 წელს ვლადი სათავეში ჩაუდგა უნგრეთის არმიას, რომელსაც ოსმალეთის მიერ დაპყრობილი ვლახეთი უნდა გაენთავისუფლებინა. დაცული ისტორიული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ვლადმა გზად გაიარა ტრანსილვანია, სადაც მას ყველგან დიდი სიხარულით ხვდებოდა ტრანსილვანიელი მოსახლეობა. ეს მაშინ როცა ნაყალბევი დოკუმენტის მიხედვით რამდენიმე წლის წინ გოსპოდარი აქ „სისხლის გუბეებს აყენებდა“. ვლახეთში შესულმა ვლად ცეპეშმა შეძლო ქვეყნიდან ოსმალთა განდევნა. მაგრამ იმავე 1476 წელს დაიღუპა. გავრცელებული ვერსიის მიხედვით გოსპოდარი მოღალატეთა შეთქმულების მსხვერპლი გახდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მიხეილ ბარნოვი, ვლად მესამე ცეპეშის გატეხილი სახელი, ჟურნალი ისტორიანი, დეკემბერი, №12 2014

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: