ვლადიმერ ჯაფარიძე (ინჟინერი)
ვლადიმერ ჯაფარიძე (დ. 14 სექტემბერი, 1914, თბილისი — გ. 15 სექტემბერი, 2004) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი.
ვლადიმერ ჯაფარიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 14 სექტემბერი, 1914 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
გარდ. თარიღი | 15 სექტემბერი, 2004 (90 წლის) |
მოქალაქეობა | საქართველო |
საქმიანობა | ინჟინერი, მეცნიერი და პედაგოგი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1937 წელს დაამთავრა თბილისის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკური ინსტიტუტი რადიოინჟინრის სპეციალობით.
საქმიანობა დაიწყო საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს თბილისის რადიოგადამცემ ცენტრში, სადაც ინჟინრად მუშაობდა. ერთი წლის შემდეგ ის დასაქმდა თბილისის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც ასისტენტის პოზიცია დაიკავა და პარალელურად განაგრძო სწავლა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის ასპირანტურაში. ამავდროულად, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და პარალელურად გაიარა უცხო ენების ინსტიტუტის სპეციალური კურსები. შემდგომ „საქენერგოს“ ცენტრალური კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსად დაინიშნა, ხოლო მოგვიანებით ტექნიკური განყოფილების უფროსად დაწინაურდა.
1946 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც ასისტენტის პოზიციაზე იყო დანიშნული ზოგადი და თეორული ელექტროტექნიკის კათედრაზე. 1954 წელს, დისერტაციის წარმატებით დაცვის შემდეგ, დოცენტად დაწინაურდა. 1962 წელს მან ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა რადიოტექნიკის კათედრას. მისივე ინიციატივით შეიქმნა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო რადიოტექნიკური ლაბორატორიები. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა მრავალი მაღალი კვალიფიკაციის ახალგაზრდა სპეციალისტი, რომლებიც შემდეგ წარმატებით მოღვაწეობდნენ როგორც საქართველოს, ისე საბჭოთა კავშირის რადიოტექნიკურ საწარმოებში. მის მიერ დაწერილი სახელმძღვანელოები გახდა აუცილებელი რესურსი კავშირგაბმულობის დარგში მომუშავე სტუდენტების, მეცნიერების და სპეციალისტებისთვის.
პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, ინტენსიურად იყო ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. მისი სამეცნიერო ნაშრომები და ორი მონოგრაფია მოიცავს 70-მდე კვლევას. ის ასევე იყო მრავალი საერთაშორისო, საკავშირო და რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი და მონაწილე. დაწერა მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო „ელექტრომაგნიტური ველის თეორია“. ის ასევე რედაქტორობდა სპეციალიზებულ სამეცნიერო კრებულს „თეორიული რადიოტექნიკა“-ს, რომელიც საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მიერ იყო გამოცემული. არაერთი სამეცნიერო დისერტაცია მომზადდა და დაცული იქნა მის ხელმძღვანელობით საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რადიოტექნიკის კათედრაზე.[1]
ჯილდოები
რედაქტირება- 2004 - გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი
- 1997 - ღირსების ორდენი
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია. თბილისი, 2016 გვ. 450