ვიქტორია საქსენ-კობურგ-ზაალფელდელი

ვიქტორია საქსენ-კობურგ-ზაალფელდელი (გერმ. Victoire von Sachsen-Coburg-Saalfeld, ინგლ. Victoria of Saxe-Coburg-Saalfeld; დ. 17 აგვისტო, 1786, კობურგი, გერმანია — გ. 16 მარტი, 1861, უინძორი, დიდი ბრიტანეთი) — ვეტინთა დინასტიის გვერდითი შტოს წარმომადგენელი. გერმანელი არისტოკრატი. ლაინინგენის პრინცესა. მთავარ ემიხ კარლის მეუღლე. მისი დაღუპვის შემდეგ მეორედ დაქორწინდა მეფე ჯორჯ III-ის ვაჟზე, კენტის ჰერცოგ ედუარდ ავგუსტზე, რომელთანაც შეეძინა დედოფალი ვიქტორია.

ვიქტორია საქსენ-კობურგ-ზაალფელდელი
წოდებები
ლაინინგენის პრინცესა
კენტისა და სტრეთერნის ჰერცოგინია
დაიბადა 17 აგვისტო, 1786
კობურგი, გერმანია
გარდაიცვალა 16 მარტი, 1861, (74 წლის)
უინძორი, დიდი ბრიტანეთი
საგვარეულო ვეტინები
მეუღლე(ები) ემიხ კარლი, ლაინინგენის მთავარი
(ქ. 1803 - გარდ. 1813)
ედუარდ ავგუსტი, კენტის ჰერცოგი
(ქ. 1818 - გარდ. 1819)
შვილ(ებ)ი კარლი, ლაინინგენის მთავარი
ფეოდორა, ჰოენლოჰ-ლანგენბურგის პრინცესა
ვიქტორია, დიდი ბრიტანეთის დედოფალი
მამა ფრანცი, საქსენ-კობურგ-ზაალფელდის ჰერცოგი
დედა ავგუსტა როის-ებერსდორფელი
რელიგია ლუთერანიზმი
შემდეგ ანგლიკანიზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ვიქტორია დაიბადა 1786 წლის 17 აგვისტოს კობურგში. იგი იყო საქსენ-კობურგ-ზაალფელდის მთავარ ფრანცისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია ავგუსტა როის-ებერსდორფელის შუათანა ქალიშვილი. მისი მრავალი და-ძმიდან თითქმის ყველა სარფიანად დაქორწინდა: ანტუანეტი ვიურტემბერგის ჰერცოგინია გახდა, ანა რუსეთის დიდი მთავარი, ლეოპოლდი კი ბელგიის მეფე. თავად ვიქტორია 1803 წლის 21 დეკემბერს დააქორწინეს ლაინინგენის მთავარ ემიხ კარლზე, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა.

 
კენტის ჰერცოგინია და მცირეწლოვანი დედოფალი ვიქტორია

1813 წელს ვიქტორია დაქვრივდა, 1816 წელს კი მისმა ძმამ, ლეოპოლდმა ცოლად შეირთო დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ IV-ის ერთადერთი ქალიშვილი და ტახტის პირველი მემკვიდრე, პრინცესა შარლოტ ავგუსტა უელსელი, რომელიც 1817 წელს მშობიარობისას დაიღუპა ახალშობილთან ერთად. ბრიტანეთთან კავშირის აღსადგენად ლეოპოლდმა 1818 წლის 29 მაისს ვიქტორია ცოლად შერთო მეფე ჯორჯ III-ის ვაჟსა და ჯორჯ IV-ის უმცროს ძმას, კენტის ჰერცოგ ედუარდ ავგუსტს, რომელიც საცოლეს ეძებდა. ვინაიდან ბრიტანეთში მამრობითი სქესის მემკვიდრის კრიზისი იყო და ვიქტორიას ვაჟი უკვე გაჩენილი ჰყავდა, ლეოპოლდმა მარტივად დაარწმუნა ჰანოვერები, რომ მისი და მომავალ მეფეს გააჩენდა.

ქორწილიდან ძალიან მალე ვიქტორია მართლაც დაორსულდა, თუმცა 1819 წლის 24 მაისს გოგონა გააჩინა, რომელსაც თავისი სახელი, ანუ ვიქტორია დაარქვა. ამ ამბავმა ბევრის მოლოდინები ვერ გაამართლა, თუმცა ლეოპოლდი მაინც არწმუნებდა მეფეს, რომ ვიქტორია შემდეგ ჯერზე ვაჟს გააჩენდა, მაგრამ ეს ვეღარ მოესწრო, რადგან 1820 წლის იანვარში ედუარდ ავგუსტი გარდაიცვალა. ამრიგად, ტახტის მემკვიდრე პატარა ვიქტორია გახდა.

ედუარდის გარდაცვალებიდან ერთ კვირაში, 1820 წლის 29 იანვარს გარდაიცვალა ჯორჯ III-ც, რომლის ნაცვლადაც ტახტი ვიქტორიას მაზლმა, ჯორჯ IV-მ დაიკავა. დაქვრივებული ვიქტორია მოელოდა, რომ მისი მაზლები ვიქტორიას მოკლავდნენ, მიატოვა სამეფო კარი და კენსინგტონში გადასახლდა თავის ქალიშვილებთან და მათ აღმზრდელებთან ერთად, სადაც ვიქტორია გამუდმებით თავის საძინებელში ეწვინა, რათა ძილში არ მოეკლათ იგი. დაქვრივებული ვიქტორია იმდენად შეშინებული იყო, რომ თავის ქალიშვილს ხელის მოკიდების გარეშე კიბეზე ჩასვლის ნებას არ რთავდა, ბავშვებთან არ ათამაშებდა, დეგუსტატორები დაუქირავა და ა.შ.

 
ხანში შესული ვიქტორია

ვიქტორია, რომელიც ინგლისურ ენაზე ძლივს და ისიც გერმანული აქცენტით საუბრობდა, ერთობ ამბიციური იყო და იცოდა, რომ თავისი ქალიშვილის როლი და სტატუსი სამეფო კარზე. მან ქალიშვილს უმაღლესი განათლება მისცა, თუმცა ზედმეტი სიფრთხილისაგან მთელი ბავშვობა დაუმახინჯა, რის გამოც ვიქტორიას დედასთან და კენსინგტონთან ყოველთვის ცუდი ასოციაციები ჰქონდა, ტახტზე ასვლის შემდეგ კი დედა საერთოდ უარყო.

1830 წელს ჯერ ჯორჯ IV, ხოლო 1837 წელს მისი ძმა, უილიამ IV უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი ვიქტორიას ქალიშვილმა, დედოფალმა ვიქტორიამ დაიკავა. 1840 წელს ვიქტორიამ იქორწინა თავის ბიძაშვილზე, პრინც ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელზე, რომელმაც საბოლოოდ მაინც მოახერხა დაპირისპირებული დედა-შვილის შერიგება, თუმცა არა დაახლოვება. მას შემდეგ, რაც საწადელს მიაღწია და თავისი ქალიშვილი ტახტზე ავიდა, ვიქტორიას აღარ ჰქონდა ძველებური ამბიციები და სამეფო კარისგან მოშორებით, უინძორის სასახლეში დასახლდა. აღსანიშნავია, რომ იგი თავის შვილიშვილებს ძალიან უყვარდათ და ყოველთვის კარგად იხსენებდნენ მას, განსხვავებით დედოფალ ვიქტორიასაგან.

1858 წელს ვიქტორია დაესწრო თავისი უფროსი შვილიშვილისა და სეხნიის, პრინცესა ვიქტორიას ქორწინებას პრუსიის პრინც ფრიდრიხზე. 1859 წელს დაიბადა ვიქტორიას შვილთაშვილი, მომავალი გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ II. 1860 წელს იგი ასევე დაესწრო თავისი მეორე შვილიშვილის, პრინცესა ალისასა და ჰესენის დიდ ჰერცოგ ლუდვიგ IX-ის ქორწინებას, რომელთა შვილიც იყო რუსეთის იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნა.

ვიქტორია საქსენ-კობურგ-ზაალფელდელი გარდაიცვალა 1861 წლის 16 მარტს უინძორში, 74 წლის ასაკში.

შვილები რედაქტირება

პირველი ქმრისგან:

  1. კარლი (1804-1856), ლაინინგენის მესამე მთავარი. ცოლად შეირთო გრაფინია მარია კლებელსბერგი, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა;
  2. ფეოდორა (1807-1872), ცოლად გაჰყვა ჰოენლოჰ-ლანგენბურგის მთავარ ერნესტ I-ს, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი;

მეორე ქმრისგან:

  1. ვიქტორია (1819-1901), დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალი, ინდოეთის იმპერატორი. ცოლად გაჰყვა პრინც ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელს, რომლისგანაც შეეძინა ცხრა შვილი, მათ შორის მომავალი მეფე ედუარდ VII და გერმანიის დედოფალი ვიქტორია ბრიტანელი;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Chambers, James (2007). Charlotte and Leopold. London: Old Street Publishing. ISBN 978-1-905847-23-5.
  • Gill, Gillian (2009). We Two: Victoria and Albert: Rulers, Partners, Rivals. New York: Ballatine Books. ISBN 0-345-52001-7.
  • Hibbert, Christopher (2000). Queen Victoria: A Personal History. London: HarperCollins. ISBN 0-00-638843-4.
  • Rappaport, Helen (2003). Queen Victoria: A Biographical Companion. Santa Barbara, CA: ABC-CLIO, Inc. ISBN 978-1-85109-355-7.
  • Somerset, Anne (1980). The Life and Times of William IV. London, Weidenfeld & Nicolson, ISBN 978-0-297-83225-6.
  • St Aubyn, Giles (1991) Queen Victoria: A Portrait, London: Sinclair-Stevenson, ISBN 1-85619-086-2
  • Vallone, Lynne (2001). Becoming Victoria. Yale University Press. ISBN 978-0-300-08950-9.