ვირშა
ვირშა — ისტორიული სოფელი შიდა ქართლში. ვირშაში იყო მთავარანგელოზის სახელობის მონასტერი, რომელიც ცნობილია XIV-XVI საუკუნეების დოკუმენტებით.
ვირშის ზუსტი ლოკალიზება რთულია; სავარაუდოა, რომ ის პატარა ლიახვის ხეობაში მდებარეობდა, სოფელ ქორდთან ახლოს. ვირშის მონასტერი პირველად მოიხსენიება 1392 წლის საკათოლიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში („ვირშას მონასტერი მთავარანგელოზისა, თჳსითა შესავლითა“). 1431 წლით დათარიღებული სიგელით „მთა ვირშისა, მონასტერი და მისი შესავალნი ბადასშვილნი და ქორდი“ მეფე ალექსანდრე I-მა სვეტიცხოვლის განახლებულ საკათოლიკოსო ტაძარს უწყალობა. აქვე აღნიშნულია, რომ ვირშა „ძუელითგან მეფეთაგან შემკობილი და აღშენებული და გადიდებული“ ყოფილა. ამავე დოკუმენტში ნახსენები „ვირშისა სახლი“, ისტორიკოს გიორგი სოსიაშვილის აზრით, წარსულში ვირშელთა საგვარეულოს არსებობაზე უნდა მიუთითებდეს.
ვირშა სხვა დოკუმენტებშიც იხსენიება. 1447 წლის საკათოლიკოსო მამულების სითარხნის გუჯრის მიხედვით ალექსანდრე I-ის ძემ გიორგიმ სხვა მამულებთან ერთად საპატრიარქოს ხელახლა დაუმტკიცა მამულები, მათ შორის „ვირშა მისითა შესავლითა“. 1559 წლის გუჯრითაც ვირშა საკათოლიკოსო მამულებში შედიოდა. 1574 წლის 14 მარტით დათარიღებული წყალობის წიგნის თანახმად, კათოლიკოსმა ნიკოლოზმა სოფელ ყურისუბნის სანაცვლოდ ქართლის მეფე სიმონ I-ის ძმას, ვახტანგ ბატონიშვილს ლიახვის ხეობის რამდენიმე სოფელი გადასცა, მათ შორის „მონასტერი და სოფელი ვირშა მისითა შესავლითა“.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, რედ.: ენრიკო გაბიძაშვილი, ექვთიმე კოჭლამაზაშვილი, თბ., 2007. — გვ. 330.
- სოსიაშვილი, გ., ვირშას მონასტერი და ვირშელთა საგვარეულო (საკითხის შესწავლისათვის), „შრომათა კრებული“ № 8, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრი, 2015. — გვ. 66-78.