ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ერნსტ ვილჰელმ „ვიმ“ ვენდერსი (გერმან. Ernst Wilhelm "Wim" Wenders; დ. 14 აგვისტო, 1945, დიუსელდორფი, გერმანია) — გერმანელი რეჟისორი, დრამატურგი, სცენარისტი, მწერალი და ფოტოგრაფი. „ახალი გერმანული კინოს“ მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. მიღებული აქვს „ოსკარი“ საუკეთესო დოკუმენტური ფილმებისთვის: „ბუენა ვისტას კლუბი“ (1999) - კუბური მუსიკის შესახებ, „პინა“ (2011) - ქორეოგრაფის, პინა ბაუშის შესახებ და „დედამიწის მარილი“ (2014), რომელიც ბრაზილიელ ფოტოგრაფს, სებასტიაო სალგადოს ეხება.

ვიმ ვენდერსი
დაბადების სახელი ერნსტ ვილჰელმ ვენდერსი
დაბადების თარიღი 14 აგვისტო, 1945
დიუსელდორფი, გერმანია
საქმიანობა რეჟისორი, დრამატურგი, მწერალი, სცენარისტი და ფოტოგრაფი
აქტიური 1967-დღემდე
მეუღლე(ები)

ედა კოხლი (1968-1974) ლისა კრეუზერი (1974-1978)

რონე ბლაკლე (1979-1981)

ისაბელ ვეინგარტენი (1981-1982)

დონატა ვენდერსი (1993-)

მისმა ფილმმა, „პარიზი, ტეხასი“ (1984), კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა. 1987 წელს გამოვიდა ვენდერსის ფილმი, სახელწოდებით „ბერლინის ცა“, რომლისთვისაც მან 1987 წლის კანის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ერნსტ ვილჰელმ ვენდერსი 1945 წლის 14 აგვისტოს დიუსელდორფში, გერმანიაში დაიბადა. მამამისი, ჰაინრიხ ვენდერსი, ქირურგი იყო. ვიმ ვენდერსი 1963 წლიდან 1964 წლამდე ფრეიბურგის უნივერსიტეტში მედიცინას, ხოლო 1964-1965 წლებში დიუსელდორფის უნივერსიტეტში ფილოსოფიას შეისწავლიდა. 1966 წლის ოქტომბერში პარიზში გადავიდა, რათა მხატვარი გამხდარიყო. [1]

ვენდერსს კინოსთან პირველი შეხება 1967 წელს ჰქონდა, როცა მიუნხენის ტელევიზიისა და კინოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა. 1967-1970 წლებში კინოკრიტიკოსად მუშაობდა. მან უნივერსიტეტში სწავლისას რვა მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. [2]

1972 წელს ვენდერსმა თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, სახელწოდებით „მეკარის შიში პენალტისას“ (1972). იგი პეტერ ჰანდკეს რომანზეა დაფუძნებული. ჰანდკეს ასევე დაწერილი აქვს სცენარი ვენდერსის ფილმისთვის: „არასწორი სვლა“ (1975); არის თანასცენარისტი ფილმისა „ბერლინის ცა“.

ვიმ ვენდერსმა 1976 წელს გადაიღო ფილმი, „დროთა განმავლობაში“, რომლის პროდუსერიცა და სცენარისტიც თავად არის.

ვენდერსმა საერთაშორისო წარმატება 1984 წელს გამოსული ფილმით, სახელწოდებით „პარიზი, ტეხასი“ მოიპოვა. ვენდერსთან ერთად, ფილმის თანასცენარისტი სემ შეფერდია. ნამუშევარმა კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა. ფილმის გადაღების შემდეგ რეჟისორი მსოფლიოს გარშემო, მათ შორის, გერმანიაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, კუბასა და ისრაელში მოგზაურობდა.[3]

 
ვენდერსი 2008 წელს

1985 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი ცნობილი იაპონელი რეჟისორის, იასუძირო ოძუს შესახებ, სახელწოდებით, „ტოკიო-გა“.

1987 წელს ვენდერსმა „ბერლინის ცა“ გადაიღო, რომლითაც კანის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა.

ვენდერსს გადაუღია ვიდეო-კლიპები ცნობილი მუსიკალური ჯგუფებისათვის, როგორებიც არიან U2 და Talking Heads.

ვენდერსი ასევე ცნობილია, როგორც ფოტოგრაფი. მან გადაღება 1980-იან წლებში დაიწყო. იგი ხშირად იღებს ლანდშაფტებს, მის ფოტოებში ხშირად ისახება მეხსიერების, დროისა და მოძრაობის თემები. მსოფლიოს გარშემო მიტოვებული ადგილების გადაღების შემდეგ, ვენდერსმა ფოტო-სერია გამოუშვა, სახელწოდებით Pictures From the Surface of the Earth and Places, Strange and Quiet“. იგი მსოფლიოს უამრავ მუზეუმსა და სახელოვნებო ინსტიტუციებში არის გამოფენილი. [4]

ვენდერსი არის ევროპული კინოაკადემიის პრეზიდენტი; არის მიწვეული პროფესორი მიუნხენის ტელევიზიისა და კინოს უნივერსიტეტში.

გამოშვებული აქვს ათეულობით წიგნი, მათ შორის „ჩემი დრო ანტონიონისთან ერთად: დღიური“ და „პიტერ ლინდბერგი. უთქმელი ამბები“.[5]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ამჟამად, ვიმ ვენდერსი და მისი ცოლი, ფოტოგრაფი დონატა ვენდერსი, ბერლინში ცხოვრობენ. 2012 წელს მათ დიუსელდორფში ვიმ ვენდერსის ფონდი დააარსეს.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1972 „მეკარი შიში პენალტისას“ Die Angst des Tormanns beim Elfmeter რეჟისორი, სცენარისტი
1973 „ალისფერი სიმბოლო“ Der Scharlachrote Buchstabe რეჟისორი, სცენარისტი
1974 „ელისი ქალაქებში“ Alice in den Städten რეჟისორი, სცენარისტი
1975 „არასწორი სვლა“ Falsche Bewegung რეჟისორი, სცენარისტი
1976 „დროთა განმავლობაში“ Im Lauf der Zeit რეჟისორი, სცენარისტი
1977 „ამერიკელი მეგობარი“ Der Amerikanische Freund რეჟისორი, სცენარისტი
1980 „ჰამეტი“ Hammet რეჟისორი, სცენარისტი
1982 „გარემოება“ Stand der Dinge რეჟისორი, სცენარისტი
1984 „პარიზი, ტეხასი“ Paris, Texas რეჟისორი, სცენარისტი
1987 „ბერლინის ცა“ Der Himmel über Berlin რეჟისორი, სცენარისტი
1991 „სამყაროს აღსასრულამდე“ Bis ans Ende der Welt რეჟისორი, სცენარისტი
1992 „არიშა, დათვი და ქვის ბეჭედი“ Arisha, der Bär und der steinerne Ring რეჟისორი, სცენარისტი
1993 „შორს და ისე ახლოს!“ In weiter Ferne, so nah! რეჟისორი, სცენარისტი
1994 „ლისაბონის ამბავი“ Lisbon Story რეჟისორი, სცენარისტი
1995 „ღრუბლებს მიღმა“ Jenseits der Wolken რეჟისორი, სცენარისტი
1995 „ძმები სკლადანოვსკები“ Die Gebrüder Skladanowsky რეჟისორი, სცენარისტი
1997 „ძალადობის დასასრული“ Am Ende der Gewalt რეჟისორი, სცენარისტი
2000 „სასტუმრო „მილიონი დოლარი“ The Million Dollar Hotel რეჟისორი, სცენარისტი
2004 „სიუხვის ქვეყანა“ Land of Plenty რეჟისორი, სცენარისტი
2005 „დაუკაკუნებლად არ შემოხვიდე“ Land of Plenty რეჟისორი, სცენარისტი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვიმ_ვენდერსი“-დან