ვერა ზასულიჩი
ვერა ზასულიჩი (27 ივლისი [8 აგვისტო] 1849 - 8 მაისი 1919), - რუსი მწერალი, ცნობილი ანარქისტი და მოგვიანებით მარქსისტი.
ვერა ზასულიჩი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1849 წელი სმოლენსკის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
1919 წელი პეტროგრადი, რსფსრ |
საქმიანობა | პუბლიცისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, რევოლუციური მოძრაობის მონაწილე |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული პერიოდი
რედაქტირებავერა ზასულიჩი 1849 წელს სმოლენსკის გუბერნიის გჟატსკის მაზრაში გაღატაკებული პოლონელი თავადის ოჯახში დაიბადა. სამი წლის ასაკში მამით დაობლების გამო ის დედამ ნათესავებთან გაგზავნა. კერძო სკოლის დამთავრების შემდეგ ვერამ პედაგოგის დიპლომი მიიღო, 1868 წელს კი იგი პეტერბურგში გადასახლდა, სადაც კლერკად მუშაობდა. აქვე მან დაიწყო რევოლუციურ ჯგუფებში საქმიანობა, მონაწილეობა კრებებში, ავრცელებდა მეფის საწინააღმდეგო პროკლამაციებს.
პირველად ვერა ზასულიჩი 1869 წლის მაისში დააპატიმრეს და ნოვგოროდის გუბერნიაში და ტვერში გაასახლეს, ხოლო აკრძალული ლიტერატურის გავრცელების გამო ხელმეორე დაკავების შემდეგ ის კოსტრომაში დაატუსაღეს.
1873 წლიდან იგი მეანობას სწავლობდა ხარკოვში, სადაც გაიტაცა ბაკუნინის სწავლებამ. სხვა აქტივისტებთან ერთად ვერა ეწეოდა ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაციას,[1] თუმცა პოლიციის მხრიდან დევნის გამო ის იძულებული გახდა დედაქალაქში დაბრუნებულიყო.
დაპატიმრება და გასამართლება
რედაქტირება1877 წელს პეტერბურგის ქალაქის თავმა თევდორე ტრეპოვმა მის წინაშე ქუდის არმოხდის გამო გასცა ბრძანება ხალხოსანი აქტივისტის არქიპ ემელიანოვის გაროზგვის შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს აქტი ეწინააღმდეგებოდა 1863 წელს გამოქვეყნებულ ბრძანებულებას ფიზიკური დასჯის აკრძალვის თაობაზე, რუსი საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა ჩინოსნის უკანონობამ.
1878 წლის 14 იანვარს ზასულიჩი შევიდა ტრეპოვთან მიღებაზე და მუცლის არეში ორგზის გასროლით მძიმე ჭრილობა მიაყენა მას. ზასულიჩი ადგილზევე დააპატიმრეს. რუსეთში და ევროპაში დიდი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ იგი სრულად გაამართლა,[2] რაც ძალზე აღაშფოთა მეფის მთავრობა. ამ პროცესის გამო იუსტიციის მინისტრი გრაფი პალენი დათხოვნილი იქნა თანამდებობიდან.
განაჩენის გასაჩივრების გამო ზასულიჩს ხელმეორედ დაპატიმრება დაემუქრა, ამიტომ მან საიდუმლოდ ქვეყანა დატოვა და შვეიცარიაში გადასახლდა.[3]
ვერა ზახულიჩი პირველი ქალი გახდა, რომელმაც თვითმპყრობელობასთან ბრძოლის ფორმად ტერორი აირჩია. ამ შემთხვევის გამო ის გმირად მიიჩნეოდა ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ შეურიგებელ ჯგუფებში.
მარქსისტებთან ერთად
რედაქტირებამოგვიანებით ზასულიჩმა უარყო ინდივიდუალური ტერორის მეთოდი, დაუახლოვდა გიორგი პლეხანოვს და პავლე აქსელროდს. 1883 წელს მან გაიზიარა მარქსიზმის პრინციპები და შეუდგა მარქსისა და ენგელსის შრომების თარგმნას რუსულ ენაზე.
1894 წლიდან იგი ლონდონში სამეცნიერო-ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდა. კრიტიკოსის რანგში ვერა ზასულიჩმა მოახდინა ჟან-ჟაკ რუსოს და ვოლტერის ნაშრომების გამოცემა. მან, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო მეორე ინტერნაციონალის სამ კონგრესში. რამდენჯერმე ის არარეგალურად დაბრუნდა რუსეთში, სადაც ვლადიმერ ლენინთან და რამდენიმე სხვა სოციალ-დემოკრატთან ერთად დააფუძნა ჟურნალი "ისკრა". პარტიის გახლეჩვის შემდეგ იგი მენშევიკთა ფრთას მიემხრო.
იმპერატორ ნიკოლოზ მეორის მიერ გამოცემული 17 ოქტომბრის დეკრეტის შემდეგ ვერა ზასულიჩმა ისარგებლა ამნისტიით და დაბრუნდა რუსეთში, თუმცა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ის ჩამოშორდა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ცნობილი რევოლუციონერი მხარს უჭერდა ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე. იგი მიესალმა დროებით მთავრობას და გაემიჯნა ბოლშევიკთა ხელისუფლებას.[4]
ვერა ზასულიჩი პნევმონიისგან 1919 წლის 8 მაისს პეტროგრადში გარდაიცვალა.
იმიჯი ქართველ მარქსისტებში
რედაქტირებაქართულ რევოლუციურ წრეებში ვერა ზასულიჩი შთაგონების წყაროდ იყო ქცეული. ბევრი ადამიანისთვის ამ ლეგენდარულ პიროვნებას 1905 წელს პირადად შეხვდა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ისიდორე რამიშვილი:
"დიდად მესიამოვნა ამ ძველი რევოლიუციონერი ქალის პირადი გაცნობა. კიდევ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში ვიყავით, როცა გაისმა ამ ჩვენი წლოვანების ახალგაზრდა ქალის რევოლვერის ხმა პეტერბურგში. ჩვენ შევნატროდით მას, თან გვრცხვენოდა, რომ ქალმა გამოიჩინა ამოდენა გაბედულება და ჩვენ, ბიჭები, გულხელდაკრეფილი ვისხედით, არავინ მოგვეკლა. სწორედ ვერა ზასულიჩის ბედი და მოქმედება სანატრელი და წასაბაძი იყო ჩვენთვის".[5]
"[ვერა ზასულიჩს] ვადიდებდით და ვეთაყვანებოდით. მის ისტორიას მსმენელთ აფერადებით, დაწვრილებით გადავცემდით, რომ მათ გულშიაც აღგვენთო ბრძოლის ცეცხლი".[6]
ლიტერატურა
რედაქტირება- Five Sisters: Women Against the Tsar, eds. Barbara A. Engel, Clifford N. Rosenthal, Routledge, 1975
- Смолярчук В. И., Процесс Веры Засулич — М.: Наука, 1981.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Террористки России maxpark.com
- ↑ ანარქისტული ენციკლოპედია web.archive.org
- ↑ Вера Засулич academic.ru
- ↑ Большая российская энциклопедия დაარქივებული 2020-11-25 საიტზე Wayback Machine. bigenc.ru
- ↑ ისიდორე რამიშვილი, მოგონებები. თბილისი, 2012: გამომცემლობა არტანუჯი, გვ. 451.
- ↑ ისიდორე რამიშვილი, მოგონებები, გვ. 197.