ველისციხის წმინდა ბარბარეს ეკლესია
ველისციხის წმინდა ბარბარეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ჩრდილო–აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე, ჩაჩაანთ უბანში. განეკუთვნება გავნითარებულ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (5x3,6 მეტრი), ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვითა და კირის დუღაბით. გარე კუთხეებში საგანგებოდ შერჩეული, დაკუთხული მსხვილი ქვებია გამოყენებული. წყობა ირეგულარულია. 2003–2004 წლებში ადგილობრივ მოსახლეობას დაზიანებული ეკლესია შეუკეთებია: აღუდგენიათ კედლების ზედა ნაწილები და ეკლესიის ხის კოჭებზე გამართული ღარიანი კრამიტის ორკალთა სახურავით გადაუხურავთ.
შესასვლელი ორია: დასავლეთიდან და სამხრეთდან. ორივე კარი ქვის ბრტყელი ფილით გადახურულია თარაზულად. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც მაღალი, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო საშუალო ზომის სწორკუთხა ნიშაა. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკზე ერთი საფეხურით მაღალია. აფსიდი დარბაზისგან მოკლე მხრებითაა გამოყოფილი. იატაკი მოლესილია ცემენტის ხსნარით. კონქის თაღი რიყის ბრტყელი ქვის თაროსებრ იმპოსტებს ეყრდნობოდა.
ეკლესიის სახურავის კეხის შუა ნაწილზე დადგმულია თუნუქით შემოსილი ხის ოთხწახნაგა ფანჩატური, რომელზეც რკინის ტოლმკლავა ჯვარია აღმართული.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარკოზაშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 113.