ვახტანგ შამილაძე
ვახტანგ შამილაძე (დ. 15 სექტემბერი, 1935, სოფელი ახალშენი, ხელვაჩაურის რაიონი — გ. 5 დეკემბერი, 2010, დაკრძალულია ფერიის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, ბათუმი) — ქართველი ეთნოლოგი და კულტურის ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1986), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1986).
ვახტანგ შამილაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 სექტემბერი, 1935 |
დაბადების ადგილი | ახალშენი, ხელვაჩაურის რაიონი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 5 დეკემბერი, 2010 (75 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1959-1983 წლებში მუშაობდა ბათუმის სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე, ბოლოს — დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. 1984 წლიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის კათედრის გამგეა, შეთავსებით მუშაობდა ბათუმის სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტში, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ავტორია 7 მონოგრაფიისა და მრავალი ნაშრომისა, რომლებშიც განიხილავს ქართველი ხალხის მეურნეობის, მატერიალური და სულიერი ზოგადთეორიულ ასპექტებს, ეთნოგრაფიულ მეთოდიკასა და მეთოდოლოგიურ საკითხებს. 1993 წლიდან აშშ-ში კავკასიურ კულტურათა შემსწავლელი საზოგადოების წევრია, 1977 წლიდან — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული კავკასიის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარე. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი“. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი .
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 918, ISBN 99928-20-32-2.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვახტანგ შამილაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვახტანგ შამილაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)