ვაყის დედაღვთისა — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში. კომპლექსში შედის 2 ეკლესია, ეგვტერი, სათავდაცვო და დამხმარე ნაგებობები. ერთი ეკლესია ბანურსახურავიანი ორსართულიანი კოშკური ნაგებობაა. მას სამხრეთით ეკვრის დარბაზული ეკლესია, ხოლო დასავლეთით — ორსართულიანი ეგვტერი სათავდაცვო ნაგებობით, მთელი ეგვტერის სიგრძეზე მიშენებულია სათავსი. კოშკური და დარბაზული ეკლესიები სტილისტური ნიშნებით XVI-XVII სს-ებს განეკუთვნება, სხვა ნაგებობები კი უფრო გვიან არის აშენებული. სოფელ ვაყის ბეგთაბეგოვების ხელში გადასვლის შემდეგ (XVIII სს.) ეკლესია სომხურად გადაუკეთებიათ.

ვაყის დედაღვთისა ხედი აღმოსავლეთიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ვაყის დედაღვთისა ხედი დასავლეთიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ორსართულიანი კოშკური ეკლესია (6,5X6 მ) ნაგებია თლილი ქვით. ორივე სართულს შესასვლელი დასავლეთიდან, ეგვტერიდან აქვს. I სართულზე აღმოსავლეთით სარკმელი და ორი ნიშია, ჩრდილოეთით — სარკმელი და ნიში. II სართული მომრგვალებული აფსიდიანი ეკლესიაა. აფსიდის ჩრდლოეთით სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთით ღრმა ნიში. საკურთხეველში და ეკლესიის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სარკმელია .

ორსართულიანი ეგვტერი ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. I სართულზე აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო ნიშია II სართულზე ნიშები ყველა კედელშია.

ორსართულიანი სათავდაცვო ნაგებობა ჩრდილოეთიდან ეგვტერზეა მიდგმული. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია ფართო შესასვლელი, ხოლო სამხრეთ კედელში ეგვტერში გასასვლელი. კარის თავზე ჩასმულ ორ ფილაქვაზე ამოკვეთილია მხედრული სამშენებლო წარწერა.

დარბაზული ეკლესიის (7,7X6 მ) ნახევარწრიული აფსიდის ორივე მხარეს კედელში სწორკუთხა სათავსებია. ეკლესიის აფსიდში და მის სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სათავსებში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.

მთელ კომპლექსს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17679