სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარნეთი (მრავალმნიშვნელოვანი).

ვარნეთი, ვარენთა, — ნასოფლარი ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასპინძის სამხრეთ-დასავლეთით, ვარნეთისწყლის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე.

1595 წელს „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ ახალციხის ლივაში შემავალ ასპინძის ნაჰიეშია დასახელებული, სადაც 13 კომლი ქრისტიანი ცხოვრობდა. მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი, სელის თესლი; ჰქონდათ ბოსტნები, კაკალი, ხილი, ჰყავდათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი. სოფელს ჰქონდა 2 წისქვილი. მათი წლიური გამოსაღები 13 500 ახჩას შეადგენდა. 1714 წელს სოფელი ექვემდებარებოდა ვინმე აბდურრაჰიმს და იხდიდა 700 ახჩას.

XVIII საუკუნის სწავლული ვახუშტი ბატონიშვილი სოფელს „ვარენთას“ სახელით იცნობს: „ასპინძის-ხევის შესართავს ზეით მოერთვის მტკვარ ვარენთის-ხევი... ვარენთას არს ციხე მაგარი, კლდესა ზედა შენი“. რუსეთის იმპერიის წლებში მას უკვე დიდი ვარნეთი ერქვა, ხოლო ჯავახეთში მდებარე თანამოსახელე სოფელს — პატარა ვარნეთი. 1908 წლის მონაცემებით ორივე ეს სოფელი ახალციხის მაზრის ურავლის უბანში შედიოდა, დიდ ვარნეთში იყო 443, ხოლო პატარაში — 228 მოსახლე (მაჰმადიანები).[1] 1940-იანი წლებისთვის ჯავახეთის ვარნეთს ზემო (ერკოტის სასოფლო საბჭო), სამცხისას კი ქვემო ვარნეთი (ნიალის სასოფლო საბჭო) ერქვა. 1944 წელს აქაური მაჰმადიანი მესხები შუა აზიაში გადაასახლეს, ამჟამად ნასოფლარია.

ვარნეთის ნასოფლარის თავზე გადმომდგარ კლდეზე აგებულია ვარნეთის ციხე, რომელიც სამი მხრიდან სრულიად მიუვალია. ციხის ერთ-ერთ ბურჯზე დარბაზული ეკლესიაა დაშენებული. ეკლესია გაუთლელი ქვით იყო ნაგები. კონსტრუქციული ნაწილებისათვის გამოყენებულია უხეშად ნათალი ქვა. პირველი სართული თითქმის მთლიანად მიწითაა დაფარული, მეორე სართულისაგან შემორჩენილია აფსიდა კედლის მხატვრობის ნაშთით და სამხრეთი კედლის მიმდებარე ნაწილი. ციხეცა და ეკლესიაც განვითარებული შუა საუკუნეების ხანისაა.

1970 წელს ვარნეთის მახლობლად მდინარე მტკვრის ნაპირზე ხვნის დროს ამოყარეს ადრინდელი ფეოდალური ხანის ეკლესიის ქვები — ვოლუტებიანი სვეტისთავი და შესასვლელის 2 საპირე ქვა (დატოვებულია ადგილზე).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2–3, თბ., 1941–58.
  • ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი, ც. აბულაძისა და მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ვარნეთის ეკლესია № 10861
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ვარნეთის ციხე № 10863
  1. Кавказский календарь. - Тифлис, 1845-1916. на 1910 год : 65-й год. Ч. 1. - [1909]. - VIII. — с. 212.