ვარდნილჰესების კასკადი
ვარდნილჰესების კასკადი, ვარდნილჰესები — ჰიდროელექტროსადგურთა კასკადი საქართველოში, გალის რაიონში. შედის ენგურის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის შემადგენლობაში. შედგება ოთხი შედარებით ნაკლები სიმძლავრის ჰესისგან (ვარდნილჰესი-I, ვარდნილჰესი-II, ვარდნილჰესი-III, ვარდნილჰესი-IV). აშენებულია ენგურჰესის გამომყვან არხზე, მდინარე ენგურის ძირითადი ჩამონადენის გადაგდებით მდინარე ერისწყლის კალაპოტში. საერთო საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 340 მეგვტ, ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური საპროექტო გამომუშავება — 1111 მილიონი კვტ·სთ.
ვარდნილჰესი-I
რედაქტირებავარდნილჰესი-I ექსპლუატაციაში შევიდა 1971 წელს. მდებარეობს მდინარე ერისწყალზე, ქალაქ გალის ჩრდილოეთით. ჰესის ძირითადი ნაგებობებია: ადგილობრივი მასალებისაგან აშენებული კაშხალი (სიგრძე – 890 მ, სიმაღლე – 57,5 მ, სიგანე თხემზე – 10 მ), რომელიც წარმოქმნის გალის წყალსაცავს;[1] კაშხალთან მიმდებარე მიწისზედა ჰესი, სამშენებლო გვირაბი, რომლის სიგრძეა 517,5 მ, წყალმიმღები და წყალსაშვი ნაგებობები, გამომყვანი არხი, 110 კვ და 220 კვ ძაბვის ქვესადგური. ვარდნილჰეს-I-ში დადგმულია 3 ვერტიკალური ჰიდროაგრეგატი, საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 220 მეგვტ, მაქსიმალური დაწნევა – 64,5 მ, ელექტროენერგიის საშუალო წლიური საპროექტო გამომუშავება – 730 მილიონი კვტ·სთ.
ვარდნილჰესი-II, -III და -IV
რედაქტირებავარდნილჰესი-II, ვარდნილჰესი-III და ვარდნილჰესი-IV მდებარეობს ვარდნილჰეს-I-ის ქვემოთ (5,5; 10,1 და 14,9 კმ-ზე შესაბამისად). ექსპლუატაციაში შევიდა 1971–1972 წლებში. სამივე ჰესს აქვს ერთნაირი დაწნევა (11,2 მ). თითოეული მათგანი შედგება ორ-ორი ჰორიზონტალური კაფსულური ტიპის ჰიდროაგრეგატისაგან. სამივე ჰესის ჯამური სიმძლავრეა 120 მეგვტ (თითოეულის 40–40 მეგვტ), ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება – 381 მილიონი კვტ·სთ (თითოეულის 127 მილიონი კვტ·სთ).
1999 წლის 29 დეკემბრიდან ვარდნილჰესების ბაზაზე შეიქმნა შპს „ვარდნილჰესების კასკადი“.
ვარდნილჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია
რედაქტირებაწელი | ელექტროენერგია
(მლნ. კვტ·სთ) |
---|---|
1971 | 23,0 |
1975 | 33,5 |
1980 | 830,2 |
1985 | 706,0 |
1990 | 643,6 |
1995 | 363,4 |
2000 | 487,5 |
2005 | 425,0 |
2010 | 717,3 |
2013 | 648,8 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ჩომახიძე დ., ვარდნილჰესების კასკადი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Гидроэлектростанции Грузии. — М.: Внешторгиздат, 1989. — 47 c.